№ას-1381-1303-2012 12 ნოემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა. კ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს «ს. ე. ს.-ტ. უ.-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, ხელშეკრულების მე-8 მუხლის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 იავრის გადაწყვეტილებით შპს «ს. ე. ს.-ტ. უ.-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს «ს. ე. ს.-ტ. უ.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე ა. კ.-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 400 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა, დანარჩენი თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ.-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ა. კ.-ეს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, კერძოდ, იმაზე მითითებით გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული, რა მოცულობით საჩივრდება გადაწყვეტილება და რას მოითხოვს კასატორი, ასევე, დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ა. კ.-ეს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, ასევე, დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ ხელწერილით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება კასატორის წარმომადგენელს - მ. ძ.-ს (იხ. მინდობილობა, ტომი 2, ს.ფ. 25-26) პირადად ჩაბარდა 2012 წლის 29 ოქტომბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 30 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 5 ნოემბერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა ა. კ.-ემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე