Facebook Twitter

საქმე №ას-1392-1313-2012 20 ნოემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ.ყ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ.ყ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურისა და მესამე პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების - 2657,62 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელის განმარტებით, ის მუშაობდა სსიპ შემოსავლების სამსახურში და 2011 წლის 15 ოქტომბერს, პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 1998-2000, ასევე 2003 წლების სახელფასო დავალიანება, რომლიც მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია, შეადგენდა 3322,02 ლარს, აქედან ხელზე ასაღები თანხა იყო 2657,62 ლარი. მოსარჩელემ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6, მე-14, 37-ე მუხლებზე, დავის წარმოშობის დროს მოქმედ შრომის კანონთა კოდექსის მე-16, 96-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამუშაოს შესრულების დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ზ.ყ-ე საჯარო მოხელეს წარმოადგენდა, მის მიმართ ვრცელდებოდა კანონის ზემოაღნიშნული ნორმები, შესაბამისად, მოხელის სამუშაოდან დათხოვნის დღეს არ მოხდა რა ანგარიშსწორება, მან მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სარჩელი ხანდაზმულია და არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ საერთო ხანდაზმულობის ვადას. მოსარჩელისათვის უფლების დარღვევის თაობაზე ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ცნობილი იყო გათავისუფლების დროს და სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლიდან გამომდინარე, მას მოთხოვნის უფლება სწორედ ამ დროიდან გააჩნდა. მოპასუხემ ასევე მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის N162 ბრძანებულების მე-7 მუხლზე და განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის შესაბამისად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს კუთვნილი თანხა (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) მიეცემათ წინა წლებში წარმოშობილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ზ.ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ შემოსავლების სამსახურს ზ.ყ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 2657,62 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და ზ.ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ.ყ-ე 2011 წლის 15 ოქტომბერს პირადი განცხადებით გათავისუფლდა სსიპ შემოსავლების სამსახურის პორტალის ფოთისა და ყულევის პორტებისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მთავარი ოფიცრის თანამდებობიდან. ყოფილი საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო „დასავლეთში“ მუშაობის პერიოდში 1998-2000, 2003 წლებში მის მიმართ დაგროვებული სახელფასო დავალიანება შეადგენდა 2657,62 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურს ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით, 130-ე მუხლით და დადგენილად მიიჩნია, რომ ზ.ყ-ემ სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო პერიოდულად - 1998-2000, 2003 წლებში. მან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა 2012 წლის 11 მაისს, სამოქალაქო სამართლის მატერიალური კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, მისი სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ცნობას ზ.ყ-ის სახელფასო დავალიანების შესახებ, სასამართლომ იგი ვალის აღიარების შესახებ დოკუმენტად (ხელშეკრულებად) არ მიიჩნია, რადგანაც მასში შემოსავლების სამსახურის მხრიდან თანხის გადახდისა და ამ ვალდებულების შესრულების ვადის თაობაზე არაფერი იყო მითითებული.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.ყ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ საქმე არაკანონიერი შემადგენლობით განიხილა, რის გამოც არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. სასამართლომ დავის განხილვისას ასევე დაარღვია კანონი, კერძოდ, არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლები, რადგანაც სახელფასო დავალიანების წარმოშობის დროისათვის კასატორი საჯარო მოსამსახურე იყო, შესაბამისად, მის მიმართ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. კასატორმა მიუთითა საბიუჯეტო კოდექსის 30-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია წინა წლებში წარმოშობილი დავალიანებისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდის არსებობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს თანხებს დავალიანების გასასტუმრებლად, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 134-ე მუხლით განსაზღვრულია ასევე 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანების დაფარვის წესი. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ სადავო პერიოდში ფინანსთა სამინისტრომ შემოსავლების სამსახური ვერ უზრუნველყო სათანადო თანხებით, რის გამოც შემოსავლების სამსახურის უფლებამონაცვლე სსიპ შემოსავლების სამსახურს კასატორის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება. კასატორმა ასევე მიუთითა შრომის კოდექსის მე-2 მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ დროს არ განუხორციელებია, ხოლო დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეები განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და მის მიმართ ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ზ.ყ-ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული, ხოლო საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, თანახმად ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა..

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.ყ-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრულია როგორც მატერიალური, ასევე საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის წინაპირობები, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს საკასაციო საჩივარს. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმები, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა არაგანსჯადი (ადმინისტრაციული) საქმე. საკასაციო პალატა აღნიშნულ დასკვნას აფუძნებს შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე:

როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, დავა შეეხება იმ პერიოდს, როდესაც მოსარჩელე შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამსახურთან _ „დასავლეთი“. ყოფილი საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო „დასავლეთში“ მუშაობის პერიოდში მოსარჩელის მიმართ დაგროვდა 1998-2000, 2003 წლების სახელფასო დავალიანება, რამაც შეადგინა 2657,62 ლარი. სსიპ შემოსავლების სამსახურს ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელფასო დავალიანების წარმოშობის დროისათვის კასატორი საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენდა, შესაბამისად მოპასუხე საბაჟო დეპარტამენტის ვალდებულება მოსარჩელისათვის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობდა ვალდებულების წარმოშობის დროისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის დებულებიდან.

საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლს, რომლითაც განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მითითებულ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია საჯარო, კონკრეტულად ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება, რაც წარმოიშვა საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობიდან და არა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან, ამასთან, საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საჯარო, ანუ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობაში და არა კერძო სამართლის კანონმდებლობაში.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლი, რომელიც სპეციალური ნორმაა და რომლითაც მოწესრიგებულია სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეთა კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურეებთან წარმოშობილი სახელფასო დავალიანებების სასამართლოს მეშვეობით ანაზღაურების საკითხი, როგორც ადმინისტრაციული კატეგორიის დავები იხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და ანალოგიურ დავებზე არსებობს ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დავა გადაწყვიტა მხოლოდ კერძო სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე, განსხვავებით პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან, შესაბამისად, კასატორის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები საფუძვლიანია და გაზიარებულ უნდა იქნეს.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელ კიდევ ერთ ნიშანზე, კერძოდ იმაზე, მიმართულია თუ არა დავა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დებულება, რომლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო განმარტებულია, როგორც სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. სსიპ შემოსავლების სამსახურის (რომელიც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფლებამონაცვლეს) უფლებამოსილებანი დადგენილია „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის ფუნქციებია: ა)გადასახადის/გადასახდელის გადამხდელისათვის მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ბ)გადასახადების/გადასახდელების, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირება; გ)გადასახადით/გადასახდელით დაბეგვრის საკითხებზე სამართლებრივი აქტების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; დ)კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლი; ე)კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა; ვ)საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქცია განეკუთვნება საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებათა კატეგორიას, რაც მოპასუხის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს სტატუსისათვის გადამწყვეტია.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ სადავო ურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ორი უმთავრესი ელემენტი, კერძოდ, დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და სარჩელი მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რის გამოც არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საკასაციო პალატის ზემოხსენებული დასკვნები მოცემული დავის ადმინისტრაციული კატეგორიის დავად მიჩნევის თაობაზე შესაბამისობაშია მსგავსი კატეგორიის დავების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან (პრაქტიკასთან) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის, #ბს-445-440(კ-12) განჩინება).

საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად წარმოადგენდა მოცემული საქმე სამოქალაქო სამართალაწარმოების წესით განსახილველ საქმეს და ხომ არ უნდა განეხილა იგი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ანუ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა განსჯად სასამართლოზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გააჩნდა ამ საქმის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება. აქედან, გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები. შესაბამისად, სახეზეა საპროცესო ნორმების იმგვარი დარღვევა, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამდენად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მოცემული დავის განსჯადობის წესების დაცვით იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.ყ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე