საქმე №ას-1395-1316-2012 12 ნოემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ზ.მ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.თ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ.თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.მ-ის მიმართ ქ.თბილისში, ი-ოს ქN4-ში მდებარე, მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოპასუხის მხრიდან საკუთრების ხელყოფის აღკვეთისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის ჩაბარების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
2004 წლის 29 იანვარს დ.თ-მა შპს „ს-გან“ შეიძინა ქ.თბილისში, ი-ოს ქN4-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. საკუთრების შეძენის შემდგომ, მოსარჩელემ კანონის დაცვით უძრავი ნივთის გადაპროექტება განახორციელა და მას შემდეგ ცხოვრობს ამ სახლში. დ.თ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოპასუხეს აქვს ავტოფარეხი, რომელსაც ფლობს და განკარგავს ყოველგვარი ნებართვისა და საკუთრების დამადასტურებელი საბუთის გარეშე. აღნიშნულის გამო მოსარჩელის კუთვნილი ტერიტორია შემცირდა 15 კვ. მეტრით, ასევე ირღვევა მისი გარანტირებული საკუთრების უფლება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
ადგილობრივი თვითმმართველობის თანხმობის საფუძველზე, 1998 წელს მოპასუხემ ააშენა ავტოფარეხი, რომლიც კვლავ მის სარგებლობაშია. 2004 წელს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მეზობლად არსებული მიწის ნაკვეთი შეიძინეს ცოლ-ქმარმა - თ. ბ-ემ და დ.თ-მა. ზ.მ-ვის ცნობილი გახდა, რომ მისი ავტოფარეხის უმნიშვნელო ნაწილი მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა, რის გამოც თ.ბ-ეს გადაუხადა 500 აშშ დოლარი, მხარეებმა გააფორმეს ხელწერილი, თუმცა, დოკუმენტაციის მოუწესრიგებლობის გამო, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება სხვა დროისათვის გადაიდო. საბოლოოდ ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა თ.ბ-ის გარდაცვალებისა და მოპასუხის ავადმყოფობის გამო. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფორმა განსხვავებული კონფიგურაციითაა. შემდგომში შედგენილი საკადასტრო გეგმის გამო, სასამართლოსათვის წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ავტოფარეხს უფრო დიდი ადგილი უკავია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით დ.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ.მ-ეს აეკრძალა დ.თ-ის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ი-ოს №4-ში მდებარე მიწის ნაკვეთით სარგებლობა და დაევალა დ.თ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ავტოფარეხის დემონტაჟი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აგვისტოს განჩინებით ზ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ თ. ბ-ე და მოსარჩელე მიწის ნაკვეთის შეძენის მომენტისათვის იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქ.თბილისში, ი-ოს №4-ში მდებარე 700 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია დ.თ-ის საკუთრების უფლება. მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული №2 შენობა-ნაგებობა მოპასუხე ზ.მ-ის მიერ აშენებული ავტოფარეხის ნაწილია, რომელიც მოპასუხის მფლობელობაშია. სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება წარმოიშვა 2004 წლის 29 იანვრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად დ.თ-მა შპს ,,ს-გან“ შეიძინა ქ.თბილისში, ი-ოს N4-ში მდებარე უძრავი ქონება (ნაკვეთი 8/12, საკადასტრო კოდი ..., ზომა თბილისი 01, სექტორი საბურთალო 10, კვარტალი 17, ნაკვეთი 008/12, მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 700 კვ.მ შენობა ნაგებობები N1- 548,24 კვ.მ და შენობა ნაგებობა №2). ზ.მ-ემ თ. ბ-ეს გადაუხადა 500 აშშ დოლარი მიწის ნაკვეთის საფასურად იმ პირობით, რომ ავტოფარეხი დარჩენილიყო იმავე ადგილას.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 327-ე მუხლის პირველი, მე-3 ნაწილებით, 183-ე მუხლით (ხელწერილის შედგენის მომენტისათვის მოქმედი რედაქციით), 59-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა შემდეგი: 2004 წლის 21 მარტის თ. ბ-ის ხელწერილი არ წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას და არც წინარე ხელშეკრულებას, რადგან არ არის დაცული აღნიშნული ხელშეკრულების ნამდვილობისათვის გათვალისწინებული ფორმა: სანოტარო წესით დამოწმება და შემძენის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. აპელანტის მითითება, რომ სასამართლომ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მიანიჭა მოსარჩელეს იმაზე მეტი, ვიდრე მას ჰქონდა სარჩელში მოთხოვნილი, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგანაც მიწის ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა ავტოფარეხის დემონტაჟის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლება არის აბსოლუტური, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა მესამე პირი ვალდებულია, თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან და მესაკუთრე უფლებამოსილია, მოითხოვოს სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.მ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ მიანიჭა მას სწორი სამართლებრივი შეფასება, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნები, ასევე დაარღვია გადაწყვეტილების ფარგლები და მხარეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის მოთხოვდა, კერძოდ, სასამართლომ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია, თუმცა არ გამოიკვლია დაიშვებოდა თუ არა ქონების გათავისუფლება ავტოფარეხის სრული დემონტაჟის გარეშე. გაზიარებულ იქნა მოსარჩელის მოთხოვნა 15 კვ.მ მიწის გამოთავისუფლების თაობაზე, თუმცა სასამართლოს არ შეუმოწმებია სადავო ავტოფარეხი მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის რა ტერიტორიაზეა განთავსებული. მოსარჩელეს წინასწარ არ ჩაუტარებია მიწის აზომვითი სამუშაოები. ამასთანავე, სასამართლომ, მართალია, ცნო კასატორსა და თ.ბ-ეს შორის 2004 წლის 21 მარტს გაფორმებული ხელწერილის არსებობა, რომლის თანახმადაც თ. ბ-ემ ზ.მ-გან ავტოფარეხის იმავე ადგილას დატოვების სანაცვლოდ მიიღო 500 აშშ დოლარი, თუმცა სასამართლოს არ დაუდასტურებია შეთანხმების (ხელწერილის) სამართლებრივი ბუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზ.მ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ზ.მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზ.მ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე