Facebook Twitter

საქმე №ას-1405-1326-2012 20 ნოემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ქ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ.ქ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ იძულებითი განაცდურის, 6 თვის ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2002 წლის 17 ივლისის N61 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის აკრეფის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობიდან შრომითი პირობების დარღვევის მოტივით, თუმცა, ვინაიდან სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება იყო უკანონო, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე აღდგა დაკავებულ თანამდებობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლება, შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელემ მოითხოვა იძულებითი მოცდენის დროის ხელფასის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი ცნო.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის - 1491,50 ლარის ანაზღაურება.

რაიონული სასამართლოს გადაწყევტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონულმა ცენტრმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე ბ.ქ-ას სარჩელის განხილვისას, საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მ. ქ-ამ წერილობით მიმართა სასამართლოს ბ.ქ-ას სარჩელის ცნობის თაობაზე. სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 და 208-ე მუხლებზე და რადგანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ ცნო სარჩელი, სასამართლომ აღნიშნული ბ.ქ-ას სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად მიიჩნია, ამასთანავე, არ დაეთანხმა აპელანტის მსჯელობას, რომ რადგანაც არ არსებობს ბ.ქ-ას სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე საგადასახადო ორგანოს ახალი ადმინისტრაციული აქტი, აღნიშნული გამორიცხავდა ბ.ქ-ვის იძულებით გაცდენილი პერიოდის ხელფასის ანაზღაურებას. პალატის მოსაზრებით, როგორც სარჩელის, ისე სააპელაციო საჩივრის განხილვის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა შრომის ანაზღაურებაზე ასეთი სახის შეზღუდვებს არ ითვალისწინებს. არ იქნა გაზიარებული აპელანტის მითითება, რომ შემოსავლების სამსახურისათვის გამოყოფილი ზღვრული ასიგნებანი არ მოიცავს გასულ წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისათვის გათვალისწინებულ თანხას, რადგანაც თუკი სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი იქნებოდა თანხის ანაზღაურება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულო იქნებოდა და ცალკეული სახელმწიფო უწყების ზღვრული ასიგნებები მასზე გავლენას ვერ იქონიებდა. სასამართლო არ დაეთანხმა სსიპ შემოსავლების სამსახურის მსჯელობას, რომ სამსახურიდან დათხოვნილი საჯარო მოხელეებისათვის მიუღებელი თანხების დაფარვა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №162 ბრძანებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულებაა და, რომ შემოსავლების სამსახური ვერ გახდება იძულებითი მოცდენისას სახელფასო დავალიანებაზე პასუხისმგებელი ორგანო, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №162 ბრძანებულებით განისაზღვრა იმ საჯარო მოხელეთა მიმართ პასუხისმგებლობა, რომლებიც მიეკუთვნებიან „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრით“ გათვალისწინებულ სუბიექტს, ბ.ქ-ა კი არ წარმოადგენდა ამ რეესტრში რეგისტრირებულ სუბიექტს, იგი ვერ განიხილებოდა საჯარო მოსამსახურედ და სადავო სამართალურთიერთობა ვერ მოექცეოდა მითითებული ბრძანების რეგულირების სფეროში.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ დაარღვია კანონი, ამასთან, განჩინება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და მისი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ამდენად, არსებობს განჩინების გაუქმებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით, ასევე 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები. სასამართლომ არ გაიზიარა შემოსავლების სამსახურის სააპელაციო პრეტენზიები და უსაფუძვლოდ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს. 2000 წლის 26 ოქტომბრიდან ბ.ქ-ა მუშაობდა ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში და 2002 წლის 17 ივლისის ბრძანებით ის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით 2002 წლის 17 ივლისის N61 ბრძანება გამოცხადდა ძალადაკარგულად და ბ.ქ-ა დაკავებულ თანამდებობაზე აღდგა. ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოსარჩელეს არ მიუმართავს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თხოვნით, არ არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება რაიმე ანაზღაურების გაცემისა. საყურადღებოა, რომ მოქმედი კანონმდებლობა იძულებითი განაცდურის დაანგარიშების წესს არ ითვალისწინებს. სამსახურიდან დათხოვნილი საჯარო მოხელისათვის მიუღებელი თანხის დაფარვა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის N162 ბრძანებულების მე-7 მუხლით დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რის გამოც სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად შემოსავლების სამსახური ვერ იქნება მიჩნეული, ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის შესაბამისად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოსამსახურეებისათვის კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სახელფასო დავალიანების გაუცემლობა განპირობებულია იმ გარემოებითაც, რომ შემოსავლების სამსახურისათვის გამოყოფილი ზღვრული ასიგნებანი არ მოიცავს გასულ წლებში წარმოქმნილი დავალიანებისათვის გათვალისწინებულ თანხას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, თანახმად ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრულია როგორც მატერიალური, ასევე საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის წინაპირობები, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს საკასაციო საჩივარს. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმები, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა არაგანსჯადი (ადმინისტრაციული) საქმე. საკასაციო პალატა აღნიშნულ დასკვნას აფუძნებს შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე:

როგორც გასაჩივრებული განჩინებიდან ირკვევა, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის ის, რომ: მოსარჩელე 2000 წლის 26 ოქტომბრიდან მუშაობდა ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში გადასახადების აკრეფის განყოფილების ინსპექტორად; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002 წლის 17 ივლისის #61 ბრძანება (მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ) და ბ.ქ-ა აღდგენილ იქნა ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის გადასახადების აკრეფის განყოფილების ინსპექტორად.

საქმეში წარმოდგენილია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ. 50-53), რომლის მიხედვითაც ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002 წლის 17 ივლისის #61 ბრძანება შეფასებულია, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო პალატა მიუთითებს 2002 წლის 24 დეკემბრისათვის მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის დებულებაზე, რომლის მიხედვითაც სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა (მეორადი მოთხოვნა) დამოკიდებულია იმ საკითხის გარკვევაზე, დადასტურებულია თუ არა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ბ.ქ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2002 წლის 17 ივლისის #61 ბრძანება გამოცხადდა ძალადაკარგულად და მოსარჩელე დაუყოვნებლივ იქნა აღდგენილი პირვანდელ თანამდებობაზე, თუმცა, მოსარჩელემ მეორადი მოთხოვნის თაობაზე წარადგინა დამოუკიდბელი სარჩელი, რაც დაკმაყოფილდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და რაც ამ ეტაპზე კასაციის განხილვის საგანია.

საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლს, რომლითაც განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მითითებულ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია საჯარო, კონკრეტულად ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურისათვის იძულებით განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, რაც წარმოიშვა საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობიდან და არა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან, ამასთან, საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საჯარო, ანუ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობაში და არა კერძო სამართლის კანონმდებლობაში.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელ კიდევ ერთ ნიშანზე, კერძოდ იმაზე, მიმართულია თუ არა დავა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დებულება, რომლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო განმარტებულია, როგორც სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. სსიპ შემოსავლების სამსახურის (რომელიც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფლებამონაცვლეს) უფლებამოსილებანი დადგენილია „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის ფუნქციებია: ა)გადასახადის/გადასახდელის გადამხდელისათვის მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ბ)გადასახადების/გადასახდელების, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირება; გ)გადასახადით/გადასახდელით დაბეგვრის საკითხებზე სამართლებრივი აქტების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; დ)კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლი; ე)კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა; ვ)საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქცია განეკუთვნება საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებათა კატეგორიას, რაც მოპასუხის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს სტატუსისათვის გადამწყვეტია.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ სადავო ურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ორი უმთავრესი ელემენტი, კერძოდ, დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და სარჩელი მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რის გამოც არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად წარმოადგენდა მოცემული საქმე სამოქალაქო სამართალაწარმოების წესით განსახილველ საქმეს და ხომ არ უნდა განეხილა იგი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ანუ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა განსჯად სასამართლოზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გააჩნდა ამ საქმის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება. აქედან, გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები. შესაბამისად, სახეზეა საპროცესო ნორმების იმგვარი დარღვევა, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამდენად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მოცემული დავის განსჯადობის წესების დაცვით იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე