Facebook Twitter

საქმე №ას-1417-1336-2012 26 ნოემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - მ.კ-ე, მ.კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ.გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ.გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. კ-სა და მ.კ-ის მიმართ ქ.თბილისში, თ-ის ქN21-ში მდებარე 61,84 კვ.მ ფართის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2009 წლის 9 სექტემბერს მოსარჩელემ შეიძინა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება, რომელსაც უკანონოდ ფლობდნენ მოპასუხეები. მესაკუთრის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების მეშვეობით სადავო ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა ვერ მოხერხდა იმ საფუძვლით, რომ სხვა თანამესაკუთრეთა ფართებიდან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, არ იყო გამოყოფილი მოსარჩელის კუთვნილი ფართი, ამასთანავე, ნახაზის წარდგენა ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა.

წერილობითი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოთხოვილ იქნა მ.კ-ისა და მ.კ-ის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, თ-ის ქN21-ში მდებარე 61,84 კვ.მ ფართი და გადაეცა მოსარჩელეს, ამავე კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ.კ-ისა და მ.კ-ის საჩივარი 2012 წლის 16 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.კ-ემ და მ.კ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბერის განჩინებით მ.კ-სა და მ.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის საოქმო განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

პალატის მითითებით, 2011 წლის 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ვ.გ-მა მოპასუხეების: მ.კ-სა და მ.კ-ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2012 წლის 16 მარტს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები: მ.კ-ე და მ.კ-ე, რომლებიც სასამართლო სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებულ იყვნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, არც სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსათვის. მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით და განმარტა, რომ მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხოლოდ სამი პირობის ერთდროულად არსებობისას: ა) თუ მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ბ) თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით და გ) თუ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ამკრძალავი წინაპირობები, კერძოდ, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. მოპასუხეები სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებდნენ ავადმყოფობას. პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განმარტა, რომ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, მხარის ავადმყოფობა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ავადმყოფობის ცნობის წარდგენის შემთხვევაში, როდესაც ავადმყოფობა დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოპასუხეებს (აპელანტებს) სასამართლოში არ წარუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2012 წლის 16 მარტს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ავადმყოფობით, ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთი გაუარესებით, რის გამოც შეუძლებელი იყო სხდომაზე გამოცხადება, ამასთან, აღნიშნული გარემოების დადასტურება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხეთა მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობდა მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, ასევე არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სააპელაციო სასამართლომ სარჩელში მითითებული, დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ ვ.გ-ი ქ.თბილისში, თ-ის ქ№21-ში მდებარე 61.84 კვ.მ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე იყო, მოპასუხეები (აპელანტები): მ.კ-ე და მ.კ-ე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ სადავო ნივთს. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად, დამტკიცებულად ჩათვლილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, შესაბამისად, სარჩელი მართებულად დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ.კ-ემ და მ.კ-ემ, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მ.კ-ე და მ.კ-ე არა სადავო უძრავი ქონების უკანონო მფლობელები, არამედ სახლის წინა მესაკუთრეები არიან და აღნიშნული გარემოება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერითა და საქმის მასალებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იყო უფლებამოსილი, ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაეკმაყოფილებინა სარჩელი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ დაარღვია კანონი, ამასთანავე, მ.კ-ეს არ მისცა შესაძლებლობა, სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილად ჩამოეყალიბებინა მისი პოზიცია. სასამართლომ ასევე დაარღვია მხარის უფლება დაცვაზე, კერძოდ, ევროკონვენციის მე-5 და მე-6 მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 93-ე და 96-ე მუხლების საწინააღმდეგოდ, მხარეს არ მისცა ადვოკატის ყოლის უფლება, შესაბამისად, კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, სასამართლომ ასევე არ მისცა შესაძლებლობა ადვოკატს, გაცნობოდა საქმის მასალებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მ.კ-ე და მ.კ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდნენ, ხოლო მათი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ.კ-სა და მ.კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ.კ-სა და მ.კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მ.კ-ე და მ.კ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.კ-სა და მ.კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე