საქმე №ას-1447-1365-2012 22 ნოემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ბ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სწავლის საფასურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ბ-ის მიმართ 2008-2009 წლების სწავლის საფასურის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 ოქტომბრის N3-593 ბრძანების საფუძველზე ა.ბ-ე ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტში. მას არ გადაუხდია სწავლის საფასური, რისი ვალდებულებაც მხარეთა შორის ხელშეკრულებით განისაზღვრა, ასევე არ მიუმართავს უნივერსიტეტის რექტორისათვის განცხადებით სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თხოვნით. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 5 ივნისის N3-255 ბრძანებით ა.ბახტაძეს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. უდავოა, რომ მოპასუხე 2008 წლიდან 2009 წლის 5 ივნისამდე ითვლებოდა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტად, ამასთანავე, მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება სწავლის საფასურის დავალიანების არსებობის თაობაზე და მის დასაფარად განესაზღვრა ვადა, თუმცა მას ვალდებულება არ შეუსრულებია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე მოპასუხე, მართალია, ჩაირიცხა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის სპეციალობაზე და 2008 წლის 19 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, მან ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა სწავლის საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი. მოსარჩელე უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს N13 გადაწყვეტილებით დამტკიცდა სწავლის საფასურის გადახდის წესი, რომლის თანახმადაც, სარჩელით მოთხოვნილი სწავლის საფასური მოპასუხეს ხელშეკრულების დადებამდე, 2008 წლის 19 ნოემბრამდე უნდა გადაეხადა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა, რაც სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის, 129-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 130-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინებით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 ოქტომბრის №3-593 ბრძანებით ა.ბ-ე ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის სპეციალობაზე. 2008 წლის 19 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა.ბ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა ურთიერთვალდებულებები. ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტი იღებდა ვალდებულებას, „მაგისტრანტი“ (ა.ბ-ე) უზრუნველეყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხურის უმაღლესი განათლებით, ხოლო „მაგისტრანტი“ ვალდებული იყო გადაეხადა სწავლის საფასური ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და შეესრულებინა სხვა ვალდებულებები. მასვე ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გადაეხადა ერთი წლის სწავლის საფასური. მომდევნო სასწავლო წლის საფასურის 50%-ის გადახდა ხორციელდებოდა სწავლის დაწყებამდე, დარჩენილი 50%-ის გადახდა კი - შესაბამისი სასწავლო წლის მეორე ნახევრის დაწყებამდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ვადაში. მხარეთა დამატებითი შეთანხმებით შესაძლებელი იყო სწავლის საფასურის გადახდის წესის შეცვლა. ხელშეკრულების მეხუთე მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანებით 2007-2008 სასწავლო წლისა და 2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს, მათ შორის მოპასუხე ა.ბ-ეს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. ა.ბ-ემ სასწავლო კურსი გაიარა ნაწილობრივ, მხოლოდ პირველი სემესტრის განმავლობაში, შემდგომ მიატოვა ნებაყოფლობით, ფინანსური მდგომარეობის გამო. მეორე სემესტრში სასწავლო კურსის გავლა აღარ დასტურდებოდა, შესაბამისად, ა.ბ-ეს უნივერსიტეტისგან სასწავლო კურსის მეორე სემესტრში მომსახურება აღარ მიუღია და მასზე არც სწავლის საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი არ გაცემულა. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენდა ა.ბ-ის მიერ სწავლის საფასურის გადაუხდელობის ფაქტი, 2008-2009 სასწავლო წლისათვის ა.ბ-ის დავალიანება უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულია 2000 ლარით. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტმა სწავლის საფასურის დავალიანების შესახებ შეტყობინება მოპასუხე ა.ბ-ეს გაუგზავნა 2012 წლის 25 აპრილს, რომელიც ადრესატს 2012 წლის 2 მაისს ჩაბარდა. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის სარჩელი ა.ბ-ის მიმართ წარდგენილი იქნა 2012 წლის 25 მაისს.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების დადების თაობაზე. აპელანტმა, მოწინააღმდეგე მხარეს მომსახურება გაუწია მხოლოდ ერთი სემესტრის განმავლობაში, ამის გამო, ა. ბ-ეს წარმოეშვა მითითებულ პერიოდში გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. პალატა ასევე დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის“ თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო პირველი სემესტრის სწავლის საფასური გადაეხადა წინასწარ, სწავლის დაწყებამდე, 2008 წლის 19 ნოემბრამდე, რაც არ შეუსრულებია, რის გამოც სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა უნივერსიტეტს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება, მასვე შეეძლო აღეძრა სარჩელი მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან 3 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2011 წლის 19 ნოემბრისა. შესაბამისად, 2012 წლის 25 მაისს, ანუ გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 3 წლის გასვლის შემდეგ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული. არ იქნა გაზიარებული აპელანტის მსჯელობა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა სასამართლოს სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეჩერებიდან - 2009 წლის ივნისიდან უნდა დაეწყო და ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასებისას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლი, რადგანაც, სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლი გამოიყენება მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით ან კანონით განსაზღვრული არ არის ვალდებულების შესრულების დრო და იგი დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, მოთხოვნაზე. მოცემულ შემთხვევაში, სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდის თარიღი დადგენილი იყო სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით. მოთხოვნის წარმოშობა კრედიტორის მოქმედებაზე დამოკიდებული არ ყოფილა. პალატის მტკიცებით, ამ გარემოებას არ ცვლის ის, რომ აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით ვალდებულების შესასრულებლად განუსაზღვრა დამატებითი ვადა, რადგანაც მოვალეს ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადა ეძლევა მაშინ, როცა იგი ვალდებულებას არ ასრულებს განსაზღვრულ ვადაში, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ კრედიტორის უფლება ირღვევა სწორედ განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მომენტიდან.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, აღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. გასაჩივრებული განჩინების მთავარი უსწორობა მხარეთა ურთიერთობის ნარდობის ხელშეკრულებად მიჩნევაა, ვინაიდან ყოველი მომსახურება ნარდობას არ გულისხმობს. აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი მოიპოვებს რა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსს და არ გააჩნია სახელმწიფო დაფინანსება, ის ვალდებულია, ისწავლოს მის მიერ არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით, რომლის განსაზღვრაც უნივერსიტეტის პრეროგატივაა და საგადასახადო ადმინისტრირებაც სწორედ სწავლის საფასურის გადახდის წესის შესაბამისად ხორციელდება. სასამართლოს მსჯელობა კი ამ გარემოების საწინააღმდეგოა. სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რაც არასწორია, სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველი არ არის ხელშეკრულება. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად პირის მიერ სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემთხვევაშიც კი, ხელშეკრულების წერილობით დადება სავალდებულო არ არის. სტუდენტის თუნდაც ერთხელ გამოცხადება ლექციაზე მხარეთა შორის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადებაზე მიანიშნებს, რაც წარმოშობს სტუდენტის ვალდებულებას, გადაიხადოს სწავლის საფასური, თუ მას არ აქვს გრანტი მოპოვებული. სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება სტუდენტის ზეპირი განცხადების საფუძველზე შეწყდა. როგორც აღინიშნა, სტუდენტის სტატუსის მოპოვება მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების გზით არ ხორციელდება, შესაბამისად, არც ზეპირი ფორმით ხელშეკრულების მოშლის თაობაზე მხარის განცხადება განაპირობებს სტუდენტის სტატუსის გაუქმებას. მოცემული შემთხვევა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლით, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც უშედეგოდ გაიარა თანხის გადახდის გადავადების თაობაზე უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულმა დამატებითმა ვადამ და უნივერსიტეტის რექტორმა გამოსცა ბრძანება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. სწორედ ამ დროიდან შეიტყო მოსარჩელემ უფლების დარღვევის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სამართლის არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს უნივერსიტეტს სტატუსმოპოვებული პირი გარიცხოს დაუყოვნებლივ სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო. სტატუსის მოპოვებიდან სტუდენტს ეძლევა უფლება, ისწავლოს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში და აკადემიური დავალიანების არსებობის შემთხვევაში გაუვლელი საგანი დაარეგისტრიროს შემდეგ სემესტრში. ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობა ემყარება იმ გარემოებას, რომ სტუდენტი მხოლოდ მაშინაა ვალდებული, გადაიხადოს სწავლის საფასური, როდესაც ფიზიკურად ესწრებოდა ლექცია-სემინარებს. აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც უნივერსიტეტში მოქმედ, ისე ზოგადად სახელშეკრულებო ურთიერთობებს. სააპელაციო პალატამ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 407-ე, 411-ე, 414-ე და 131-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ნოემბრის განჩინებით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოსმიერ დადგენილი მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკა (იხ.სუსგ №ას-547-515-2012,11 ივნისი, 2012 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 24 ოქტომბერს №175 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 24 ოქტომბერს №175 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე