№ას-1454-1372-2012 19 ნოემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. შ.-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ე.-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ე.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზ. შ.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 40000 აშშ დოლარის გადახდა. ასევე მოპასუხეს მ. ე.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2075,96 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1500 ლარის გადახდა წარმომადგენელი დახმარებისათვის გაწეული ხარჯების სანაცვლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით ზ. შ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მ. ე.-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. შ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა ზ. შ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება; ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა; დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება ზ. შ.-ის ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 19 ივლისს, როდესაც ზ. შ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სახით 1500 ლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ე.-ემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მ. ე.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. შ.-მა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება ზ. შ.-ის ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა, მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. შ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია