Facebook Twitter

№ას-1458-1376-2012 12 ნოემბერი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. კ.-ის კანონიერი წარმომადგენელი რ. კ.-ე

წარმომადგენელი - ჯ. ქ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ვალდებულების ვადამდე შესრულების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. კ.-ის კანონიერმა წარმომადგენელი რ. კ.-ემ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ნ. ბ.-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ნაკისრი ვალდებულების ვადამდე შესრულების მიზნით, ქ. ბათუმში შვილისათვის ორ ოთახიანი ბინის შეძენის ან მისი საბაზრო ღირებულების - 35 000 აშშ დოლარის გადახდის დავალდებულების მოთხოვნით.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, გ. კ.-ის სარჩელი ნ. ბ.-ისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით დაკისრებული ვალდებულების ვადამდე შესრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. კ.-ის კანონიერ წარმომადგენელ რ. კ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში, დავა შეეხებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკითხებს, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ თავად უზრუნველყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მოსარჩელისათვის გაგზავნა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. კ.-ის ადვოკატ ჯ. ქ.-ს სამსახურის მისამართზე გაეგზავნა და ორგანიზაციის წარმომადგენელს 2012 წლის 8 ოქტომბერს ჩაბარდა, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შემოტანის ვადის დენა, სსსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 9 ოქტომბრიდან და 2012 წლის 29 ოქტომბერს ამოიწურა. საკასაციო საჩივარზე დართული კონვერტი კი ადასტურებს, რომ გზავნილი ფოსტას 2012 წლის 30 ოქტომბერს ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ვინაიდან გ. კ.-ის საკასაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაა შემოტანილი, იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 397-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. კ.-ის კანონიერ წარმომადგენელ რ. კ.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი