№ას-1472-1388-2012 26 ნოემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოწინააღმდეგე მხარე – თ. თ.-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 24 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოპასუხე თ. თ.-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სტუდენტად ყოფნის პერიოდში გადაუხდელი 2008-2009 სასწავლო წლის საფასურის – 2000 ლარის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 ოქტომბრის №3-593 ბრძანებით თ. თ.-ე ჩაირიცხა სამაგისტრო სპეციალობების მიხედვით სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის სპეციალობაზე.
2008 წლის 14 ნოემბერს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თ. თ.-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა მხარეთა ურთიერთვალდებულებები.
ხსენებული ხელშეკრულების თანახმად, პირველი მხარე – უნივერსიტეტი – იღებს ვალდებულებას, „მაგისტრანტი” უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხურის უმაღლესი განათლებით, ხოლო „მაგისტრანტი” ვალდებულია გადაიხადოს სწავლის საფასური ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით და შეასრულოს სხვა ვალდებულებები. ხელშეკრულების დადებისას სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასური შეადგენდა 4000 ლარს ორივე სასწავლო წლისათვის. „მაგისტრანტს” მოცემული ხელშეკრულების მიხედვით, ერთი წლის სწავლის საფასური უნდა გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებამდე, მომდევნო სასწავლო წლის საფასურის 50%-ი – სწავლის დაწყებამდე, ხოლო დარჩენილი 50%-ი – შესაბამისი სასწავლო წლის მეორე ნახევრის დაწყებამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ვადაში. ამავე ხელშეკრულებით, მხარეთა დამატებითი შეთანხმებით შესაძლებელი იყო სწავლის საფასურის გადახდის წესის შეცვლა. სწავლის საფასურის დადენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევავში ასევე შეთანხმებული იყო პირგასამტეხლოს გადახდის წესი და ოდენობა, კერძოდ, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი დავალიანების 0.1%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმტეს გადასახდელი თანხის 10%-ისა. ხელშკერულების მეხუთე მუხლით დადგინდა ხლშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები.
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანებით სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ 2007-2008 სასწავლო წლისა და 2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო – 2009 წლის 5 ივნისის მდგომარეობით ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს, მათ შორის, სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის სპეციალობის მაგისტრანტ თ. თ.-ეს. დავალიანება განისაზღვრა 2000 ლარის ოდენობით, ერთი სასწავლო წლის საფასურის სახით (2008-2009 სასწავლო წელი).
თ. თ.-ეს სწავლის საფასური არ გადაუხდია.
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტმა თ. თ.-ეს შეტყობინება სწავლის საფასურის სახით არსებული დავალიანების შესახებ გაუგზავნა 2012 წლის 25 აპრილს და ადრესატს იგი ჩაბარდა 2012 წლის 2 მაისს.
საქმეზე სარჩელი აღიძრა 2012 წლის 24 მაისს.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს და მართებულად მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ აპელანტმა, ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მოწინააღმდეგე მხარეს გაუწია მომსახურება. ამის გამო, თ. თ.-ეს წარმოეშვა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა სამართლებრივად საფუძვლიანი იყო.
მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოთხოვნა იყო ხანდაზმული. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 3.3 და 3.4 პუნქტების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო ერთი წლის სწავლის საფასური გადაეხადა წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმებამდე, მომდევნო სასწავლო წლის საფასურის 50% –სწავლის დაწყებამდე, ხოლო დარჩენილი თანხა – უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ვადაში. ზემოხსნებული ხელშეკრულება დაიდო 2008 წლის 14 ნოემბერს და, ამიტომ, თ. თ.-ე ვალდებული იყო გადაეხადა სწავლის საფასური, არაუგვიანეს, ამ დღისა. მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა მოსარჩელეს (აპელანტს) მოთხოვნის უფლება. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო აღეძრა სარჩელი მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან 3 წლის ვადაში, ანუ, არაუგვიანეს, 2011 წლის 14 ნოემბრისა. მან სარჩელი აღძრა 2012 წლის 24 მაისს, ანუ გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 3 წლის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მან თავისი უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 2009 წლის ივნისში. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლი, რომელზეც აპელანტი აპელირებდა, გამოიყენება მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით ან კანონით განსაზღვრული არ არის ვალდებულების შესრულების დრო და იგი დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, მოთხოვნაზე და სხვა მსგავს გარემოებაზე. მოცემულ შემთხვევაში, სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდის თარიღი დადგენილი იყო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებითა და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით. ამდენად, მოთხოვნის წარმოშობა კრედიტორის მოქმედებაზე დამოკიდებული არ ყოფილა. ამ გარემოებას არ ცვლის ის, რომ აპელანტის მითითებით, მან მოწინააღმდეგე მხარეს ვალდებულების შესასრულებლად განუსაზღვრა დამატებითი ვადა. პირიქით, მოვალეს ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადა ეძლევა მაშინ, როცა იგი ვალდებულებას არ ასრულებს განსაზღვრულ ვადაში. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ კრედიტორის უფლება ირღვევა სწორედ განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების მომენტიდან.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგნაირად:
გასაჩივრებული განჩინების კანონსაწინააღმდეგობის დამასაბუთებელ მთავარ არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენა ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები, თუმცა ყველა სახის მომსახურების ხელშეკრულება არ არის ნარდობის ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში, აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელსაც სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ არ აქვს სახელმწიფო დაფინანსება, ვალდებულია ისწავლოს იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც აირჩია და დადგენილი წესის შესაბამისად, გადაიხადოს სწავლის საფასური. სწავლის საფასურის ოდენობის დადგენაში და მისი გადახდის წესის დამუშავებაში უნივერსიტეტი თავისუფალია და ამ წესების მიხედვით ხდება სტუდენტების სწავლის საფასურთან დაკავშირებული საგადასახადო ადმინისტრირება (უნივერსიტეტი ვალდებულია თითოეულ სტუდენტზე, მიუხედავად იმისა, ამ სტუდენტს გადახდილი აქვს თუ არა სწავლის საფასური, გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი). თუკი სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას განვიხილავთ ნარდობის ხელშეკრულების რეჟიმში, მაშინ, უნივერსიტეტმა თითოეულ სტუდენტთან მიმართებით უნდა დაითვალოს, თუ რამდენჯერ დაესწრო სემესტრის განმავლობაში სტუდენტი ლექციას (დღის და საათების მიხედვით) ან/და სტუდენტს, რომელსაც დადგენილ ვადაში (სწავლის დაწყებისთანავე) აქვს გადახდილი სწავლის საფასური, თუმცა შემდგომში, ლექციაზე ზოგჯერ ცხადდებოდა, ხოლო ზოგჯერ არ ცხადდებოდა ან, ლექცია/სემინარების გაცდენის გამო ბოლოს ვერ მიიღო შეფასებები (კრედიტები), უნივერსიტეტმა სრულად ან ნაწილობრივ უნდა დაუბრუნოს მის მიერ შეტანილი თანხა.
სასამართლომ, თავისი მსჯელობა მთლიანად ააგო მხოლოდ მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებაზე, მაგრამ სტუდენტის სტატუსის წარმოშობის საფუძველი არ არის ხელშეკრულება. სტუდენტის სტატუსს პირი მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად. მხარეებს ხელშეკრულება წერილობით რომც არ დაედოთ, სტუდენტს მაინც ეკისრებოდა სწავლის საფასურის გადახდა, თუკი იგი გრანტს არ მოიპოვებდა.
რამდენადაც სტუდენტის სტატუსის შეძენის საფუძველი არ არის ხელშეკრულების წერილობით ან თუნდაც ზეპირი ფორმით არსებობა, ბუნებრივია, რომ არც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი იქნება მხოლოდ მისი განზრახვა – არ გააგრძელოს სწავლა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლი. ამ მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმოშობა მოხდებოდა მას შემდეგ, რაც თანხის გადახდის გადავადებული ვადა ამოიწურებოდა. აღნიშნული ვადა კი ამოიწურა 2009 წლის ივნისში, რის საფუძველზეც გამოიცა ბრძანება მოპასუხისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ. სწორედ აღნიშნულ პერიოდში შეიტყო კრედიტორმა უფლების დარღვევის თაოვბაზე.
საგულისხმოა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს, ლექციაზე დაუსწრებლობის ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო, უნივერსიტეტიდან მაშინვე გარიცხოს პირი, რომელმაც მოიპოვა სტუდენტის სტატუსი. მითითებული სტატუსის მოპოვების შემდეგ, სტუდენტს უფლება აქვს, ისწავლოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულ ვადაში (ბაკალავრიატი – 4 წელი, მაგისტრატურა – 2 წელი) უნივერსიტეტში, ხოლო თუ მას დაუგროვდება აკადემიური დავალიანება (გაუვლელი საგნები) – დაარეგისტრიროს (ისწავლოს) იგი მომდევნო სემესტრებში. გასაჩივრებული განჩინება აგებულია იმ არგუმენტზე, რომ რომ სტუდენტმა უნდა გადაიხადოს მხოლოდ იმ პერიოდის საფასური, როცა ფიზიკურად ეწრებოდა ლექცია-სემინარებს. ასეთი დასაბუთება ეწინააღმდეგება უნივერსიტეტში დღემდე მოქმედ სამართლებრივ აქტებს და ჩვეულებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 24 ოქტომბერი, საგადასახადო დავალება № 181) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე