Facebook Twitter

№ას-1475-1391-2012 26 ნოემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 1 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოპასუხე ნ. ბ.-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სტუდენტად ყოფნის პერიოდში გადაუხდელი 2008-2009 სწავლის წლის საფასურის – 2000 ლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 ოქტომბრის №3-593 ბრძანებით ნ. ბ.-ე ჩაირიცხა სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობაზე (მაგისტრატურა).

2008 წლის 12 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნ. ბ.-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა მხარეთა ურთიერთვალდებულებები. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტი იღებდა ვალდებულებას ,,მაგისტრატის“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხურის (მაგისტრატურა) უმაღლესი განათლებით უზრუნველყოფის შესახებ, ხოლო ,,მაგისტრატი’’ ვალდებული იყო გადაეხადა სწავლის საფასური ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით და შეესრულებინა სხვა ვალდებულებები. მეორე მხარე – ნ. ბ.-ე იღებდა ვალდებულებას, შეესრულებინა უნივერსიტეტის შინაგანაწესი, ადმინისტრაციის ბრძანებები და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ხსენებული ხელშეკრულებით სამაგისტრო პროგრამაზე (ორივე სასწავლო წლისათვის) სწავლის საფასური განისაზღვრა 4000 ლარით. „მაგისტრატი“ წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმებამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით იხდიდა ერთი წლის სწავლის საფასურს 2000 ლარს. მომდევნო სასწავლო წლის საფასურის 50%-ის გადახდა ხორციელდებოდა სწავლის დაწყებამდე, ხოლო დარჩენილი 50%-ის გადახდა – შესაბამისი სასწავლო წლის მეორე ნახევრის დაწყებამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული აქტით დადგენილ ვადაში. ამავე ხელშეკრულების მესამე მუხლის 3.10 ნაწილის მიხედვით, დადგენილი წესითა და ოდენობით სწავლის საფასურის გადაუხდელობისას, მაგისტრატს წერილობით ეძლევა დამატებითი ვადა სწავლის საფასურის გადახდაზე, რომლის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში დამატებითი გაფრთხილების გარეშე ხდება მაგისტრატისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.

ნ. ბ.-ე უნივერსიტეტში სწავლის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე ლექციას დაესწრო, ნოემბერში დადიოდა ლექციებზე, ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სწავლის საფასურის გადახდა, რის გამოც ლექციებზე და გამოცდებზე არ უშვებდნენ. ამიტომ, 2008-2009 სასწავლო წელს მას უნივერსიტეტში არ უვლია, საგანმანათლებლო მომსახურება არ მიუღია და არ ჩაუბარებია გამოცდები. საქმეზე საწინააღმდეგო გარემოებები არ დადგენილა.

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანებით სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ 2007-2008 სასწავლო წლისა და 2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, 2009 წლის 5 ივნისის მდგომარეობით ფინანსურის დავალიანების მქონე სტუდენტებს, მათ შორის, მოპასუხე ნ. ბ.-ეს.

2012 წლის 30 აპრილს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ე.ჩ.-ის მიერ მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება-გაფრთხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და უნივერსიტეტის წინაშე არსებული დავალიანების – 2000 ლარის დაფარვის მოთხოვნით, რაც ადრესატს ჩაბარდა 2012 წლის 3 მაისს.

მოპასუხეს სწავლის საფასური არ გადაუხდია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ფაქტობრივად, მხარეებს შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აპელანტმა (მოსარჩელემ) აიღო ვალდებულება შეესრულებინა სამუშაო, მოწინააღმდეგე მხარეს კი უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური. მოპასუხეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ მოსარჩელე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა. იგივე გამომდინარეობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტიდანაც, რომლის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური. შესაბამისად, კანონით დადგენილია საზღაურის გადახდის ვალდებულება სწავლისათვის მომსახურების მიღებისას და არა სტუდენტად ყოფნისათვის. სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს სწავლის საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან: ისწავლოს ან/და მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი.

მოცემულ შემთხვევაში დგინდებოდა, რომ ნ. ბ.-ეს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008 წლის დეკემბრიდან არ უვლია და არც სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი მიუღია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად ჩათვალა აპელანტის მოსაზრებები გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგნაირად:

გასაჩივრებული განჩინების კანონსაწინააღმდეგობის დამასაბუთებელ მთავარ არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენა ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები, თუმცა ყველა სახის მომსახურების ხელშეკრულება არ არის ნარდობის ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში, აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელსაც სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ არ აქვს სახელმწიფო დაფინანსება, ვალდებულია ისწავლოს იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც აირჩია და დადგენილი წესის შესაბამისად, გადაიხადოს სწავლის საფასური. სწავლის საფასურის ოდენობის დადგენაში და მისი გადახდის წესის დამუშავებაში უნივერსიტეტი თავისუფალია და ამ წესების მიხედვით ხდება სტუდენტების სწავლის საფასურთან დაკავშირებული საგადასახადო ადმინისტრირება (უნივერსიტეტი ვალდებულია თითოეულ სტუდენტზე, მიუხედავად იმისა, ამ სტუდენტს გადახდილი აქვს თუ არა სწავლის საფასური, გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი). თუკი სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას განვიხილავთ ნარდობის ხელშეკრულების რეჟიმში, მაშინ, უნივერსიტეტმა თითოეულ სტუდენტთან მიმართებით უნდა დაითვალოს, თუ რამდენჯერ დაესწრო სემესტრის განმავლობაში სტუდენტი ლექციას (დღის და საათების მიხედვით) ან/და სტუდენტს, რომელსაც დადგენილ ვადაში (სწავლის დაწყებისთანავე) აქვს გადახდილი სწავლის საფასური, თუმცა შემდგომში, ლექციაზე ზოგჯერ ცხადდებოდა, ხოლო ზოგჯერ არ ცხადდებოდა ან, ლექცია/სემინარების გაცდენის გამო ბოლოს ვერ მიიღო შეფასებები (კრედიტები), უნივერსიტეტმა სრულად ან ნაწილობრივ უნდა დაუბრუნოს მის მიერ შეტანილი თანხა.

სასამართლომ, თავისი მსჯელობა მთლიანად ააგო მხოლოდ მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებაზე, მაგრამ სტუდენტის სტატუსის წარმოშობის საფუძველი არ არის ხელშეკრულება. სტუდენტის სტატუსს პირი მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად. მხარეებს ხელშეკრულება წერილობით რომც არ დაედოთ, სტუდენტს მაინც ეკისრებოდა სწავლის საფასურის გადახდა, თუკი იგი გრანტს არ მოიპოვებდა.

რამდენადაც სტუდენტის სტატუსის შეძენის საფუძველი არ არის ხელშეკრულების წერილობით ან თუნდაც ზეპირი ფორმით არსებობა, ბუნებრივია, რომ არც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი იქნება მხოლოდ მისი განზრახვა – არ გააგრძელოს სწავლა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლი. ამ მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმოშობა მოხდებოდა მას შემდეგ, რაც თანხის გადახდის გადავადებული ვადა ამოიწურებოდა. აღნიშნული ვადა კი ამოიწურა 2009 წლის ივნისში, რის საფუძველზეც გამოიცა ბრძანება მოპასუხისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ. სწორედ აღნიშნულ პერიოდში შეიტყო კრედიტორმა უფლების დარღვევის შესახებ.

საგულისხმოა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს, ლექციაზე დაუსწრებლობის ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო, უნივერსიტეტიდან მაშინვე გარიცხოს პირი, რომელმაც მოიპოვა სტუდენტის სტატუსი. მითითებული სტატუსის მოპოვების შემდეგ, სტუდენტს უფლება აქვს, ისწავლოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულ ვადაში (ბაკალავრიატი – 4 წელი, მაგისტრატურა – 2 წელი) უნივერსიტეტში, ხოლო თუ მას დაუგროვდება აკადემიური დავალიანება (გაუვლელი საგნები) – დაარეგისტრიროს (ისწავლოს) იგი მომდევნო სემესტრებში. გასაჩივრებული განჩინება აგებულია იმ არგუმენტზე, რომ რომ სტუდენტმა უნდა გადაიხადოს მხოლოდ იმ პერიოდის საფასური, როცა ფიზიკურად ეწრებოდა ლექცია-სემინარებს. ასეთი დასაბუთება ეწინააღმდეგება უნივერსიტეტში დღემდე მოქმედ სამართლებრივ აქტებს და ჩვეულებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 1 ნოემბერი, საგადასახადო დავალება № 214) 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე