საქმე №ას-1488-1404-2012 20 ნოემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ტ-ის, ზ. დ-სა და მ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, საქმეზე _ მ. ტ-ის, მ. მ-სა და ზ. დ-ის სარჩელის გამო, თ. დ-სა და მ. უ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მ. ტ-ის, ზ. დ-სა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი ზ. დ-სა და მ. მ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივნისის განჩინება, რომლითაც მ. ვ-სა და ზ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო. საქმის მასალებით დასტურდება რომ აღნიშნული განჩინებაზე არ არის შეტანილი კერძო საჩივარი, ამდენად განჩინება კანონიერ ძალაშია შესული. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კი არ ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრის შეტანას. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ზ. დ-სა და მ. ვ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარს მ. ტ-ის პეტენზიის ნაწილში, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში ხარვეზი უნდა დაუდგინდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. მითითებული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო საჩივრის ობიექტი და დადგენილია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანა შიძლება სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი აქტის მიმართ. ამდენად, საკასაციო საჩივრის ობიექტია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება რომელიც სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგადაა მიღებეული, ასეთი კი შესაძლებელია იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება. განსახილველ შემთხვევაში მხარე საკასაციო სასამართლოსაგან ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რაც დაუშვებელია. ხოლო რაც შეეხება მ. ტ-ის საკასაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, პალატა თვლის, რომ უნდა დაუდგინდეს ხარვეზი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანკლებ 300 ლარს. განსახილველი საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულებაა 3000 ლარი, ხოლო მისი 5% – 150 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ 150 ლარი ნაკლებია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მინიმალურ ზღვარზე, პალატა თვლის, რომ მ.ტ-ის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი უნდა განისაზღვროს 300 ლარით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 391-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ტ-ის, ზ. დ-სა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი ზ. დ-სა და მ. მ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში დარჩეს განუხილველად.
2. მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად.
3. მ. ტ-ეს დაევალოს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში _ საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი _ „განაღდებულია).
4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
5. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, კერძო საჩივარი არ მიიღება და განუხილველად დარჩება.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე