Facebook Twitter

№ას-1496-1412-2012 26 ნოემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 24 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოპასუხე – ნ. ა.-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სტუდენტად ყოფნის პერიოდში გადაუხდელი 2008-2009 სწავლის წლის საფასურის – 2000 ლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 ოქტომბრის №3-593 ბრძანებით ნ. ა.-ე ჩაირიცხა სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის სპეციალობაზე (მაგისტრატურა).

2008 წლის 20 ნოემბერს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნ. ა.-ეს შორის დაიდო სასწავლო ხელშეკრულება.

ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სამაგისტრო პროგრამაზე (ორივე სასწავლო წლისათვის) სწავლის საფასური შეადგენს 4000 ლარს. უნივერსიტეტის სასარგებლოდ მაგისტრანტი წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნაღდო ანგარიშსწორებით, უნივერსიტეტის მიერ დადგენილ საბანკო ანგარიშზე იხდის ერთი წლის სწავლის საფასურს – 2000 ლარს. ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის გადახდის წესი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა დამატებითი შეთანხმებით. ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ოდენობით სწავლის საფასურის გადაუხდელობისას მაგისტრანტს წერილობით ეძლევა დამატებითი ვადა სწავლის საფასურის გადახდაზე, რომლის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში დამატებითი გაფრთხილების გარეშე ხდება მაგისტრანტისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია მაგისტრანტის მიერ ნებაყოფლობით სწავლის მიტოვება.

მაგისტრანტის სტატუსის შეჩერება დასაშვებია მოსარჩელე უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით და უნივერსიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით დადგენილი წესით.

საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჩარიცხვის მიუხედავად, მოპასუხეს უნივერსიტეტში არ უვლია, არ დასწრებია არც ერთ ლექციას, საგანმანათლებლო მომსახურება არ მიუღია და არც სწავლის საფასური გადაუხდია. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობდა.

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანებით ნ. ა.-ეს სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა სემესტრის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო. უნივერსიტეტმა, ნ. ა.-ის დავალიანება განსაზღვრა 2000 ლარის ოდენობით, ორი სემესტრის სწავლის საფასურის სახით. ამასთან, მოსარჩელემ სწავლის საფასურის სახით არსებული დავალიანების შესახებ შეტყობინება ნ. ა.-ეს გაუგზავნა 2012 წლის 24 აპრილს, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2012 წლის 24 მაისს.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება. რამდენადაც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა აპელანტის მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის თუნდაც ორი სემესტრის განმავლობაში მომსახურების გაწევის ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა სარჩელში მითითებულ პერიოდში გაწეული მომსახურებისათვის 2000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოდავე მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებასა და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესზე“, რომელთა თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო პირველი სასწავლო წლის სწავლის საფასური გადაეხადა წინასწარ, სწავლის დაწყებამდე – 2008 წლის 20 ნოემბრამდე, რაც მას არ შეუსრულებია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა უნივერსიტეტს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება და უფლება, აღეძრა სარჩელი მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან 3 წლის ვადაში, მოცემულ შემთხვევაში – 2011 წლის 20 ნოემბრამდე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2012 წლის 24 მაისს, ანუ გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 3 წლის გასვლის შემდეგ წარდგენილი სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის შესახებ, რომ სარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა სასამართლოს უნდა მოეხდინა სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეჩერებიდან, ე.ი. 2009 წლის 20 ივნისიდან და მოცემული ფაქტის შეფასებისას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლი გამოიყენება მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით ან კანონით განსაზღვრული არ არის ვალდებულების შესრულების დრო და იგი დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, მოთხოვნაზე.

მოცემულ შემთხვევაში, სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდის თარიღი დადგენილი იყო სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოთხოვნის წარმოშობა კრედიტორის მოქმედებაზე არ ყოფილა დამოკიდებული. ამასთან, ამ გარემოებას არ ცვლიდა ის ფაქტი, რომ აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით ვალდებულების შესასრულებლად განსაზღვრა დამატებითი ვადა. პირიქით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოვალეს ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადა ეძლევა მაშინ, როცა იგი ვალდებულებას არ ასრულებს განსაზღვრულ ვადაში. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ კრედიტორის უფლება ირღვევა სწორედ განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების მომენტიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგნაირად:

გასაჩივრებული განჩინების კანონსაწინააღმდეგობის დამასაბუთებელ მთავარ არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენა ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები, თუმცა ყველა სახის მომსახურების ხელშეკრულება არ არის ნარდობის ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში, აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელსაც სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ არ აქვს სახელმწიფო დაფინანსება, ვალდებულია ისწავლოს იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც აირჩია და დადგენილი წესის შესაბამისად, გადაიხადოს სწავლის საფასური. სწავლის საფასურის ოდენობის დადგენაში და მისი გადახდის წესის დამუშავებაში უნივერსიტეტი თავისუფალია და ამ წესების მიხედვით ხდება სტუდენტების სწავლის საფასურთან დაკავშირებული საგადასახადო ადმინისტრირება (უნივერსიტეტი ვალდებულია თითოეულ სტუდენტზე, მიუხედავად იმისა, ამ სტუდენტს გადახდილი აქვს თუ არა სწავლის საფასური, გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი). თუკი სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას განვიხილავთ ნარდობის ხელშეკრულების რეჟიმში, მაშინ, უნივერსიტეტმა თითოეულ სტუდენტთან მიმართებით უნდა დაითვალოს, თუ რამდენჯერ დაესწრო სემესტრის განმავლობაში სტუდენტი ლექციას (დღის და საათების მიხედვით) ან/და სტუდენტს, რომელსაც დადგენილ ვადაში (სწავლის დაწყებისთანავე) აქვს გადახდილი სწავლის საფასური, თუმცა შემდგომში, ლექციაზე ზოგჯერ ცხადდებოდა, ხოლო ზოგჯერ არ ცხადდებოდა ან, ლექცია/სემინარების გაცდენის გამო ბოლოს ვერ მიიღო შეფასებები (კრედიტები), უნივერსიტეტმა სრულად ან ნაწილობრივ უნდა დაუბრუნოს მის მიერ შეტანილი თანხა.

სასამართლომ, თავისი მსჯელობა მთლიანად ააგო მხოლოდ მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებაზე, მაგრამ სტუდენტის სტატუსის წარმოშობის საფუძველი არ არის ხელშეკრულება. სტუდენტის სტატუსს პირი მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად. მხარეებს ხელშეკრულება წერილობით რომც არ დაედოთ, სტუდენტს მაინც ეკისრებოდა სწავლის საფასურის გადახდა, თუკი იგი გრანტს არ მოიპოვებდა.

რამდენადაც სტუდენტის სტატუსის შეძენის საფუძველი არ არის ხელშეკრულების წერილობით ან თუნდაც ზეპირი ფორმით არსებობა, ბუნებრივია, რომ არც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი იქნება მხოლოდ მისი განზრახვა – არ გააგრძელოს სწავლა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლი. ამ მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმოშობა მოხდებოდა მას შემდეგ, რაც თანხის გადახდის გადავადებული ვადა ამოიწურებოდა. აღნიშნული ვადა კი ამოიწურა 2009 წლის ივნისში, რის საფუძველზეც გამოიცა ბრძანება მოპასუხისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ. სწორედ აღნიშნულ პერიოდში შეიტყო კრედიტორმა უფლების დარღვევის შესახებ.

საგულისხმოა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს, ლექციაზე დაუსწრებლობის ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო, უნივერსიტეტიდან მაშინვე გარიცხოს პირი, რომელმაც მოიპოვა სტუდენტის სტატუსი. მითითებული სტატუსის მოპოვების შემდეგ, სტუდენტს უფლება აქვს, ისწავლოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულ ვადაში (ბაკალავრიატი – 4 წელი, მაგისტრატურა – 2 წელი) უნივერსიტეტში, ხოლო თუ მას დაუგროვდება აკადემიური დავალიანება (გაუვლელი საგნები) – დაარეგისტრიროს (ისწავლოს) იგი მომდევნო სემესტრებში. გასაჩივრებული განჩინება აგებულია იმ არგუმენტზე, რომ რომ სტუდენტმა უნდა გადაიხადოს მხოლოდ იმ პერიოდის საფასური, როცა ფიზიკურად ეწრებოდა ლექცია-სემინარებს. ასეთი დასაბუთება ეწინააღმდეგება უნივერსიტეტში დღემდე მოქმედ სამართლებრივ აქტებს და ჩვეულებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 24 ოქტომბერი, საგადასახადო დავალება № 176) 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე