Facebook Twitter

№ას-740-696-2012 8 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. კ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ჩ.-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

დავის საგანი – საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ჩ.-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე.-სა“ და გ. კ.-ის წინააღმდეგ და მოითხვა მოპასუხეებისათვის შპს „ე.-ს“ მიერ 2010 წლის 16 აპრილს შედგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილების შეტანის დავალდებულება.

მოპასუხე გ. კ.-ემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ჩ.-ას სარჩელი მოპასუხე შპს „ე.-სა“ და გ.ს კ.-ის მიმართ დაკმაყოფილდა, შპს ,,ე.-ს“ დაევალა მის მიერ 2010 წლის 16 აპრილს შედგენილი მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზის: ახალციხეში, სოფელ უ.-ში მდებარე 1700 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გ. კ.-ის მიწის მიღება-ჩაბარების №159 აქტის მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ.-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მირებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინებით გ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ჩათვალა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1997 წლის 17 იანვრის მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების №159 აქტით გ. კ.-ეს საკუთრებაში გადაეცა სახლთან მდებარე 0,17ჰა მიწის ნაკვეთი, რომლის სიგრძე ორივე გვერდზე არის 70-20 მ, ხოლო სიგანე ორივე გვერდზე _ 60-30მ. (ტ. I. ს.ფ. 12-16).

გ. კ.-ის სახლთან არსებული 0,17კვ.მ. მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთის მფლობელები არიან ჩრდილოეთით _ ჯ. მ.-ე, სამხეთით _ ნ. კ.-ე, დასავლეთით _ ბ. ჩ.-ა, ხოლო აღმოსავლეთით ესაზღვრება ღელე (ტ. I. ს.ფ. 13).

საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 1700,00 კვ.მ., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით: ობიექტი №1 საცხოვრებელი სახლი (განაშენიანების ფართი 179კვ.მ.); ობიექტი №2 ბოსელი, (განაშენიანების ფართი 29კვ.მ.); ობიექტი №3 ბოსელი (განაშენიანების ფართი 29კვ.მ.); ობიექტი №4 ფარდული (განაშენიანების ფართი 23კვ.მ.) საკუთრების უფლებით ირიცხება გ. კ.-ის სახელზე; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №159, დამოწმების თარიღი: 17/01/1997 (ტ. I. ს.ფ. 20-21).

გ. კ.-ემ საჯარო რეესტრში წარადგინა შპს „ე.-ს“ მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ტ. I. ს.ფ. 17), რომლის შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზე, რომ შპს „ე.-ს“ მიერ შესრულებული მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება გ. კ.-ის სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტსა და მასზე თანდართულ ნახაზს.

მხარეთა ახსნა-განმარტებებით პალატამ დაადგინა, რომ ბოსელი, რომელიც მოქცეულია გ. კ.-ის საკუთრებაში, თ. ჩ.-ამ ააშენა 1976 წელს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით და „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების პირველი მუხლზე, რომლის თანახმად, ინსტრუქცია განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტოს) მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.ამავე ინსტრუქციის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების 26-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკადასტრო აზომვით ნახაზს თან უნდა ერთვოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის უფლებამოსილი პირის, უძრავი ნივთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების აღწერილობის და დაინტერესებული პირის შესახებ. დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ე.-ს“ მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვით ნახაზი არ შეესაბამება მიწის მიღება–ჩაბარების №159 აქტს და მასზე არსებულ ნახაზის მონაცემებს, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზე, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ აკმაყოფილებდა საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 25-ე მუხლისა და 26-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასმართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ. კ.-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ.-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ შპს „ე.-ს“ მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა გ. კ.-ის სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტს, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი ბ. (პ.) ჩ.-ას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, თუ რაში გამოიხატა მისი საკუთრების ხელყოფა ან ხელშეშლა.

კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად შეაფასა და არასწორად ცნო დადგენილად ის ფაქტი, რომ ბოსელი, რომლიც გ. კ.-ის საკუთრებაშია მოქცეული, თ. ჩ.-ამ ააშენა, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, გარდა თავად მოსარჩელის ახსნა-გნამრტებისა, საქმეში არ არსებობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ:

ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა;

ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა, მისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლო ადგენს ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ შპს „ე.-ს“ მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვით ნახაზი არ შეესაბამება 1997 წლის 17 იანვარის მიწის მიღება–ჩაბარების №159 აქტს, რომლითაც გ. კ.-ეს საკუთრებაში გადაეცა სახლთან მდებარე 0,17ჰა მიწის ნაკვეთი, ასევე, მასზე არსებულ ნახაზის მონაცემებს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზე, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ აკმაყოფილებდა საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 25-ე მუხლისა და 26-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს.

ამასთან ერთად მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ მოსარჩელის რომელი უფლება შეიზღუდა, რაც არ არის შემოწმებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო პალატა ყურადღებას აქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებულ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებს. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლო არ იკვლევს და არ ადგენს განსახილველი ნორმებით გათვალისწინებულ ფაქტობრივ სიტუაციას, კერძოდ, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე თ. ჩ.-ა სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, არის თუ არა მოპასუხე გ. კ.-ე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთის მფლობელი და გააჩნია თუ არა მოპასუხეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე თ. ჩ.-ა არ არის სადავო მიწის მესაკუთრე, გასარკვევია გააჩნია მას თუ არა მფლობელობის უფლება და ჩამოართვა ეს უფლება თუ არა მოპასუხე გ. კ.-ემ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-164-ე მუხლები).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ხარვეზიანობის დადგენა არ არის საკმარისი მოსარჩელის მიერ თავისი უფლების რეალიზაციისათვის. აუცილებელია, რომ ამ უსწორობით ილახებოდეს მოსარჩელის უფლება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლი). საკადასტრო აზომვითი ნახაზში უსწორო ჩანაწერი უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ ნახაზი მოიცავს მოსარჩელის საკუთრებაში ან მისთვის მფლობელობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთს, ანუ დარღვეულია საკადასტრო მონაცემების ზედდების პრინციპი, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არა ის, რომ შპს „ე.-ს“ მიერ შესრულებული მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება გ. კ.-ის სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტსა და მასზე თანდართულ ნახაზს, არამედ ის, რომ ამ შეუსაბამობის შედეგად დაირღვა თუ არა თ. ჩ.-ას საკუთრების ან მფლობელობის უფლება (მაგალითად, შპს „ე.-ს“ მიერ შესრულებილი მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზში შეყვანილია თ. ჩ.-ას ფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის განხორციელების სამართლებრივი ნორმები წარმოადგენენ საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლების ერთ-ერთ მარეგულირებელ მექანიზმს, რითაც განისაზღვრება საჯარო რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული თავისებურებები. ამდენად, საჯარო რეესტრი ინსტიტუტია, რომელშიც ხდება უფლებათა რეგისტრაცია, რომელიც ხორციელდება კანონით დადგენილი წესების დაცვით, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. აღნიშნული დანაწესი უზრუნველყოფს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრის დადგენის რეალიზაციას („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 152-ე მუხლის პირველი ნაწილი). აქედან გამომდინარე, საკადასტრო აზომვითი ნახაზი უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ პირობებს, რომლის თანახმად, საკადასტრო აზომვთი ნახაზს თან უნდა ერთვოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის უფლებამოსილი პირის, უძრავი ნივთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების აღწერილობისა და დაინტერესებული პირის შესახებ. დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ („საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-5 ნაწილი).

ამრიგად, კონკრეტული სადავო ურთიერთობის განხილვისას მნიშვნელობა ენიჭება იმის გარკვევას თუ მოსარჩელის რომელი უფლება დაირღვა სადავო საკადასტრო აზომვითი ნახაზით და, შესაბამისად მისი მოთხოვნა წარმოადგენს ხელშეშლის აღკვეთას თუ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას. აქედან გამომდინარე უნდა სწორად განისაზღვროს პასუხისმგებელი პირი.

აღნიშნულთან მიმართებაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მოთხოვნაზე, რომლითაც ის ითხოვს მოპასუხეებისათვის შპს „ე.-ს“ მიერ 2010 წლის 16 აპრილს შედგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილების შეტანის დავალდებულებას. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებულია როგორც შპს „ე.-“, ასევე გ. კ.-ე, მოსარჩელე იძულებით აღსრულებას ითხოვს შპს „ე.-“-საგან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 30-ე მუხლის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს.

აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სათანადო მოპასუხის შეცვლის საკითხზე, რადგან შპს „ე.-ს“ მიერ შედგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზში დაშვებულ უსწორობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მესაკუთრეს, კონკრეტულ შემთხვევაში, გ. კ.-ეს.

ზემოაღნიშნული მითითებების გათვალისწინებით საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მოსარჩელის აღნიშნულ მოთხოვნაზე უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მართებულად შეაფასოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. სულხანიშვილი