Facebook Twitter

№ას-905-850-2012 19 ნოემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „გ.-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 4 ოქტომბერს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოპასუხე შპს „გ.-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილების გამო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 22530 ლარის დაკისრება.

სარჩელის თანახმად, მოპასუხემ, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა საწარმომ, იკისრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლის მშენებლობის პირველი რიგის სამუშაოების შესრულების ვალდებულება, 2011 წლის 1 მაისამდე. მიუხედავად ამისა, მან სამუშაოების ნაწილი დაასრულა 11 მაისს, ხოლო იატაკის დაგების სამუშაოები – 5 აგვისტოს. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.4%-ის ოდენობით ყოველ ადაგადაცილებულ დღეზე, რამაც 1 მაისიდან 11 მაისამდე შეადგინა 7562 ლარი, ხოლო 11 მაისიდან 5 აგვისტომდე – 14968 ლარი, ჯამში 22530 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 2-12).

მოგვიანებით, იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანა შპს „გ.-მა“. შეგებებულმა მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს – ზესტაფობის მუნიციპალიტეტის გამგეობას მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 22530 ლარის ოდენობით დავალიანებისა და 10820.49 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს, მთლიანობაში 33350.49 ლარის გადახდა (ტომი 1, ს.ფ. 50-60).

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი მოპასუხე შპს „გ.-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე შპს „გ.-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5507 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „გ.-ის“ შეგებებული სარჩელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 149-154).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და მოწინააღმდეგე მხარისათვის პირგასამტეხლოს სახით ჯამში 22530 ლარის დაკისრება (ტომი 1, ს.ფ. 158-167).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება შპს „გ.-ისათვის“ 5507 ლარის დაკისრების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „გ.-ს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 22530 ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:

2011 წლის 4 ოქტომბერს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მან მოპუხედ დაასახელა შპს „გ.-ი“ და მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების შესრულების ვადადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება 22530 ლარის ოდენობით.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხე შპს „გ.-ს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისრა 5507 ლარის გადახდა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს – შპს „გ.-ს“, მასვე შესაგებლის წარსადგენად განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის ჩაბარებიდან 5 დღის ვადა.

დასახელებული გზავნილი 2012 წლის 25 თებერვალს პირადად ჩაბარდა შპს „გ.-ის“ დირექტორ თ. შ.-ეს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი წესით ჩაბარება და ამ უკანასკნელის მხრიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გზავნილის წარმოუდგენლობა, განაპირობებდა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. აღნიშნული დასკვნის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იურიდიულად გამართლებული იყო (ტომი 2, ს.ფ. 7-12).

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შპს „გ.-მა“ წარადგინა საჩივარი მისი გაუქმებისა და საქმის არსებითად განხილვის მოთხოვნით (ტომი 2, ს.ფ. 18-19).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინებით შპს „გ.-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, სახეზე იყო ორივე წინაპირობა, რომელთა არსებობასაც კანონი უკავშირებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას: 1. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარზე პასუხი (შესაგებელი) დადგენილ ვადაში არ წარადგინა; 2. სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სარჩელის მოთხოვნას. ამასთან, საჩივრის ავტორს არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოში შესაგებლის საპატიო მიზეზით წარუდგენლობის დასადასტურებლად (ტომი 2, ს.ფ. 38-45).

დასახელებული განჩინება შპს „გ.-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

აპელანტმა, მართალია, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ წარადგინა შესაგებელი, მაგრამ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სხვა საფუძველი, კერძოდ, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი. ამ მუხლის მიხედვით, სარჩელის მოთხოვნა უნდა იყოს იურიდიულად გამართლებული. სასამართლომ, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობით დაასაბუთა, რომ სარჩელის მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია, თუმცა არ განმარტა, თუ რას გულისხმობდა აღნიშნული.

კასატორის მოსაზრებით, სარჩელში მითითებული გარემოებები არ ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას, რასაც ცხადყოფს მოცემულ საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „გ.-ს“ დაეკისრა 5507 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენი თანხის მოპასუხისათვის დაკისრებაზე მოსარჩელეს სამართლიანად ეთქვა უარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლიდან გამომდინარე, ასეთ ვითარებაში სასამართლოს უნდა დაენიშნა სხდომა და ამის შესახებ ეცნობებინა მხარეებისათვის (ტომი 2, ს.ფ. 50-58).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ.-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოებს პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი ნორმების შესაბამისად, თუ სპეციალური წესებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამდენად, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს პირველ ინსტანციაში საქმეთა განხილვის მომწესრიგებელი ნორმებით, თუ საპროცესო კოდექსი, სააპელაციო ინსტანციაში საქმეთა განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე, არ ადგენს საქმის წარმოებისათვის სპეციალურ ნორმებს. სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ საქმის წარმოების წესებში არ არსებობს ნორმა, რომელიც განსაზღვრავს, სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში დამდგარ სამართლებრივ შედეგებს. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის სახით კანონმდებელი ადგენს დანაწესს, რომლითაც განისაზღვრება სააპელაციო სასამართლოში სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგები, თუმცა ეს სხვა ურთიერთობაა და ამ ნორმას ვერ გავავრცელებთ შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაზე. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ შესაგებლის წარუდგენლობისას ურთიერთობა უნდა დაარეგულიროს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარდგენის სავალდებულოობას ადგენს და მისი შეუსრულებლობის სამართლებრივ შედეგს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი. ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს (სააპელაციო მოპასუხეს) კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული უნდა ჰქონდეს სააპელაციო საჩივრის ასლი; ბ. იგი გაფრთხილებული უნდა იყოს სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგთან დაკავშირებით; გ. სააპელაციო საჩივარში მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) აპელანტის მოთხოვნას; დ. არ უნდა არსებობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს, შპს „გ.-ს“, კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სააპელაციო საჩივრის ასლი, ამასთან, იგი გაფრთხილებულ იქნა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით. კასატორი თავადვე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ შეუტანია. ამასთან, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს აპელანტის მოთხოვნას.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს შემდეგს: შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (სააპელაციო მოპასუხის) გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სააპელაციო მოსარჩელის (აპელანტის) მიერ მითითებული გარემოებების იურიდიულ შესაბამისობაზე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან მიმართებით, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას არა მარტო სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი თვალსაზრისითაც. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პრეზუმფციასაც ეფუძნება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად გაამართლებენ მასში ჩამოყალიბებულ მოთხოვნას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები მიიჩნევა დამტკიცებულად და, თუ ისინი იურიდიულად ასაბუთებენ აპელანტის მოთხოვნას, სასამართლო დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო.

განსახილველ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო თავისებურებებიდან გამომდინარე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა არა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, არამედ იმის გამო, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, კერძოდ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იატაკის დაგების სამუშაოს ვადაგადაცილების გამო მოპასუხისათვის (შპს „გ.-ისათვის“) პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულებით შპს „გ.-მა“ იკისრა ვალდებულება, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლაში შეასრულებდა პირველი ეტაპის სამუშაოებს 2011 წლის 1 მაისამდე. მიუხედავად ამისა, სამუშაოების ნაწილი დასრულდა დაგვიანებით – 2011 წლის 11 მაისს, ხოლო იატაკის დაგების სამუშაოები – 5 აგვისტოს, მაშინ როდესაც, შეთანხმების მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 1 მაისს. აქედან გამომდინარე, შპს „გ.-ს“ უნდა დაკისრებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.4%-ის ოდენობით, რამაც 1 მაისიდან 11 მაისამდე შეადგინა 7562 ლარი (189045X0.4%X10), ხოლო, 11 მაისიდან 5 აგვისტომდე – 14968 ლარი (43511.56X0.4%X86), მთლიანობაში 22530 ლარი. რაიონულმა სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეს დააკისრა მხოლოდ 5507 ლარის გადახდა, ხოლო, იატაკის დაგების დაგვიანების გამო პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარი თქვა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მხრიდან ვადის გადაცილებას ადგილი არ ჰქონია. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არასწორია, ვინაიდან იატაკის დაგების ვადის გადაწევის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმება არ მომხდარა.

სააპელაციო საჩივარში მითითებული ზემოხსენებული გარემოებების გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა სააპელაციო მოპასუხე შპს „გ.-ს“, მაგრამ, ვინაიდან მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სააპელაციო შესაგებელი არ წარადგინა, ამიტომ ასეთ შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს პრეზუმფცია, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო. ასეთ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად (დამტკიცებულად) სააპელაციო საჩივარში მითითებული ზემოხსენებული გარემოებები, რომლებიც, სამოქალაქო კოდექსის 317.1, 361-ე, 404-ე, 417-418-ე, 629-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებს აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნას ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა ყველა წინაპირობა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) დადგენილ ვადაში არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ იგი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ამიტომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვებას ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ.-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე