Facebook Twitter

№ას-953-896-2012 19 ნოემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. ღ.-ა (წარმომადგენელი დ. პ.)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 9 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. ღ.-ამ მოპასუხე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების (1998-1999-2003 წლების) დაკისრება 1274.20 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 9).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ღ.-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის არარსებობის შესახებ, ვინაიდან მოთხოვნილი დავალიანება წარმოადგენდა პერიოდულად, ყოველთვიურად შესასრულებელ ვალდებულებას და თითოეული თვის ხელფასის მიღების დროიდან უნდა ათვლილიყო მოთხოვნის წარმოშობისა და ხანდაზმულობის ვადები. 1998, 1999, 2003 წლების პერიოდიდან, ამ წლების ყველა თვის შემდეგ, სასამართლოში სარჩელის წარდგენის მომენტისთვის – 2010 წლის 9 ნოემბრისათვის გასული იყო 3 წელზე მეტი, ე.ი მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენა ზემოაღნიშნული დროის განმავლობაში რაიმე საფუძვლით შეჩერდა ან შეწყდა.

სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

სამოქალაქო კოდექსის 130–ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ ნ. ღ.-ას მოთხოვნის უფლება წარმოეშვა ყოველთვიური ხელფასის მიუღებლობის დროიდან.

საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხის მიერ ვალის აღიარებისა და გადახდის ვალდებულების აღების შესახებ სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხელფასის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმული იყო და არ დააკმაყოფილა (ტომი 1, ს.ფ. 61-66).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით (ტომი 1, ს.ფ. 72-80).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ნ. ღ.-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ სახელფასო დავალიანება მოპასუხემ აღიარა და, რომ მისი მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული.

სამოქალაქო კოდექსის 137–ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. მოხმობილი ნორმის სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს ვალდებული პირის მხრიდან ნების გამოვლენა დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით. ვალდებული პირის მხრიდან ნების გამოვლენა კი, შეიძლება გამოიხატოს უფლებამოსილი პირის მიმართ ავანსის, პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად (მაგ. როდესაც ვალდებული პირი აფიქსირებს უფლებამოსილი პირის წინაშე, რომ კონკრეტულ ვადაში შეასრულებს მის წინაშე ფულად ვალდებულებას). ამდენად, მითითებული ნორმის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, დგინდებოდეს ვალდებული პირის მხრიდან ნების გამოვლენა ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2010 წლის 22 სექტემბერს გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ. 10–11) შეიცავდა მხოლოდ მონაცემებს ნ. ღ.-ას მიმართ სახელფასო დავალიანებასთან (დავალიანების ოდენობა და პერიოდი) დაკავშირებით და არ ფიქსირდებოდა საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მხრიდან ნების გამოვლენა სახელფასო დავალიანების დაფარვის მზაობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდებოდა ვალდებული პირის მხრიდან ნების გამოვლენა ვალდებულების შესრულებასთან დაკავშრიებით და, შესაბამისად, არ დასტურდებოდა ხანდაზმულობის შეწყვეტის გარემოება ნ. ღ.-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი – მოპასუხესთან არსებული შრომითი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობის მომენტის შესახებ, ასევე სარჩელის აღძვრის მომენტის შესახებ ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ იყო გამხდარი. ამ პირობებში კი, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 131-ე, 132-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით გათვალისწინებულ ნორმებზე მითითებით სწორი სამართლებრივი დასკვნა გააკეთა სარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და სწორად უთხრა მოსარჩელეს უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე (ტომი 2, ს.ფ. 24-30).

სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე ნ. ღ.-ამ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც იგი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავა არასწორად განიხილა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, საქმე უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს გასული წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, რომლის განხილვის დროსაც საქართველოს სამოქალაქო და შრომის კოდექსების ნორმებთან ერთად გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები. მოსარჩელის მოთხოვნაზე არ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. საგულისხმოა, რომ 1998-2003 წლების დავალიანებები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, აღნიშნულზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა (ტომი 2, ს.ფ. 33-40).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ღ.-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრულია როგორც მატერიალური, ასევე საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის წინაპირობები, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს საკასაციო საჩივარს. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმები, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა არაგანსჯადი (ადმინისტრაციული) საქმე. საკასაციო პალატა აღნიშნულ დასკვნას აფუძნებს შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე:

საქმის მასალების მიხედვით, სარჩელის დავის საგანია მოპასუხე სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. საქმის მასალებით დგინდება, რომ მითითებულ წლებში მოსარჩელე მუშაობდა სახელმწიფო სტატისტიკის ხობის რაიონული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე (ტომი 1, ს.ფ. 19) და მას მიუღებელი აქვს ხელფასი 1274.20 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 10-11). დასახელებულ წლებში სტატისტიკის ეროვნული სამსახური ფუნქციონირებდა სახელმწიფო დეპარტამენტის სამართლებრივი სტატუსით, ხოლო, მისი მოსამსახურეები წარმოადგენდნენ საჯარო მოსამსახურეებს. აღნიშნულს ცხადყოფს „საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №92 ბრძანებულება, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებდა ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას სტატისტიკის დარგში და კოორდინაციას უწევდა მის რეალიზაციას, აგრეთვე, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების მე-4 თავი, სადაც მითითებულია სახელმწიფო დეპარტამენტის იმ თანამდებობათა ჩამონათვალი, რომლებიც განეკუთვნებოდნენ საჯარო მოხელის თანამდებობებს, მათ შორის, მითითებულია ის თანამდებობა, რომელზედაც მოსარჩელე მუშაობდა.

საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლს, რომლითაც განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მითითებულ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია საჯარო, კონკრეტულად ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება, რაც წარმოიშვა საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობიდან და არა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან, ამასთან, საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საჯარო, ანუ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობაში და არა კერძო სამართლის კანონმდებლობაში.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელ კიდევ ერთ ნიშანზე, კერძოდ იმაზე, მიმართულია თუ არა დავა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დებულება, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო განმარტებულია, როგორც სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, რომლის დებულება დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის #72 ბრძანებულებით. აღნიშნული ბრძანებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულია ხსენებული სამსახურის ფუნქციები, რომლებიც საკასაციო პალატის მოსაზრებით, განეკუთვნება საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებათა კატეგორიას, რაც მოპასუხის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს სტატუსისათვის გადამწყვეტია.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ სადავო ურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ორი უმთავრესი ელემენტი, კერძოდ, დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და სარჩელი მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რის გამოც არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საკასაციო პალატის ზემოხსენებული დასკვნები მოცემული დავის ადმინისტრაციული კატეგორიის დავად მიჩნევის თაობაზე შესაბამისობაშია მსგავსი კატეგორიის დავების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან (პრაქტიკასთან) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-517-512(2კ-11), ამავე პალატის 2012 წლის 19 ივნისის, #ბს-445-440(კ-12) განჩინება).

საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის განხილვისას არ იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად წარმოადგენდა მოცემული საქმე სამოქალაქო სამართალაწარმოების წესით განსახილველ საქმეს და ხომ არ უნდა განეხილა იგი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ანუ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა განსჯად სასამართლოზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გააჩნდა ამ საქმის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება. აქედან, გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები. შესაბამისად, სახეზეა საპროცესო ნორმების იმგვარი დარღვევა, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილი, 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მოცემული დავის განსჯადობის წესების დაცვით იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ღ.-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე