Facebook Twitter

№ას-980-921-2012 14 ნოემბერი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ზ. კ.-ა“, შპს „ა.-ი“

წარმომადგენელი – ფ. მ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ. ღ. ქ.-ა“

წარმომადგენელი - ვ. გ.-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება, 2012 წლის 19 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ზ. კ.-სა“ და შპს „ა.-ის“ წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ვ. ღ. ქ.-სა“ და შ. ქ.-ის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს „ზ. კ.-ას“ სასარგებლოდ შპს „ვ. ღ. ქ.-სათვის“ 494 500 აშშ დოლარის, ხოლო შ. ქ.-ისათვის 5000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით, შპს „ა.-ის“ სასარგებლოდ კი, პირველი მოპასუხისათვის 149 749 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს წლების განმავლობაში გააჩნდათ საქმიანი ურთიერთობა, რაც გამოიხატებოდა შპს „ვ. ღ. ქ.-ს“ პროდუქციის რეალიზაციაში რუსეთის ფედერაციაში. შპს „ზ. კ.-ასა“ და შპს „ვ. ღ. ქ.-ას“ შორის 1999 წლის 28 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ვ. ღ. ქ.-ას“ შპს „ზ. კ.-ასათვის“ 320 000 ლიტრი კონიაკი უნდა მიეწოდებინა. თავდაპირველად მოპასუხე ვალდებულებას ასრულებდა, რისთვისაც მას შპს „ზ. კ.-ამ“ გადაურიცხა 300 000 აშშ დოლარი, საიდანაც 104 000 აშშ დოლარი იყო უკვე მიწოდებული კონიაკისათვის, ხოლო 196 000 აშშ დოლარი იყო დამატებით, ზეპირად მიღწეული შეთანხმების შესაბამისად წინასწარ, შემდგომში მისაწოდებელი სპირტის ანგარიშში გადახდილი თანხა. გარდა აღნიშნულისა, 2001 წლის 28 ნოემბერს შედგა ხელშეკრულების პროექტი, რომლითაც მოპასუხე შპს „ვ. ღ. ქ.-ას“ უნდა ეკისრა „ვ. და ღ. მ. კ.-ისათვის“ 140 000 ლიტრი სპირტის მიწოდება, აღნიშნული ხელშეკრულების პროექტი განიხილებოდა, როგორც ჩარჩო შეთანხმება მხარეთა შორის ურთიერთობისას. 2002 წლის 11 მარტს შპს „ზ. კ.-ამ“ შპს „ვ. ღ. ქ.-ას“ გადასცა 298 000 აშშ დოლარი. მოპასუხემ სპირტის მიწოდების ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ითხოვს გადაცემული თანხის მისთვის დაბრუნებას. 2005 წლის 22 თებერვლის ხელშეკრულებით შპს „ა.-მა“ იკისრა ვალდებულება, შპს „ვ. ღ. ქ.-სათვის“ ესესხებინა 4 200 000 რუბლი ერთი წლის ვადით, 15%-იანი სარგებლით, რაზედაც შედგა შესაბამისი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ა.-მა“ შპს „ვ. ღ. ქ.-ას“ რამდენიმე ეტაპად გადასცა 75 000 აშშ დოლარი, რომელიც დასაბრუნებელი იყო ერთი წლის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,1%. 2005 წლის 8 დეკემბერს შპს „ვ. ღ. ქ.-ს“ დირექტორმა ა. შ.-მა და შ. ქ.-მა იკისრეს ვალდებულება, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით, შპს „ზ. კ.-ასათვის“ მიეწოდებინათ 700 000 ლიტრი კონიაკი. შპს „ზ. კ.-ას“ განმარტებით, მისმა დირექტორმა გ. მ.-ემ შ. ქ.-ს 2006 წლის 21 თებერვალს გადაურიცხა 5 000 აშშ დოლარი, რაც მისთვის არ დაუბრუნებიათ. გ. მ.-ემ შესაბამისი თანხის მოთხოვნის უფლება შპს „ზ. კ.-ას“ დაუთმო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეებმა კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მარტის განჩინებით შპს „ვ. ღ. ქ.-სა“ და შ. ქ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმავე სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ გაუქმდა, სარჩელი ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ვ. ღ. ქ.-ას“ შპს „ზ. კ.-ას“ სასარგებლოდ 494 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, შპს „ვ. ღ. ქ.-ას“ შპს „ა.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის თანხის - 75 000 აშშ დოლარისა და პროცენტის - 11 250 აშშ დოლარის გადახდა, შპს „ა.-ის“ მოთხოვნა შპს „ვ. ღ. ქ.-ს“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „ვ. ღ. ქ.-ას“ შპს „ა.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა 2006 წლის 28 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადაუხდელი თანხის (55 000 აშშ დოლარი+8 250 აშშ დოლარი) 0,01 პროცენტის ოდენობით, შპს „ა.-ის“ მოთხოვნა შპს „ვ. ღ. ქ.-ს“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „ვ. ღ. ქ.-ას“ შპს „ა.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა 2006 წლის 9 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადაუხდელი თანხის (20 000 აშშ დოლარი+3 000 აშშ დოლარი) 0,01 პროცენტის ოდენობით, შ. ქ.-ის შპს „ზ. კ.-ას“ სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ვ. ღ. ქ.-ამ“ და შ. ქ.-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით შ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შ. ქ.-ის მიმართ შპს „ზ. კ.-ას“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში უცვლელად დარჩა, შპს „ვ. ღ. ქ.-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ვ. ღ. ქ.-ს“ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით შპს „ზ. კ.-ასა“ და შპს „ა.-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. საქმეში წარმოდგენილია 2005 წლის 22 თებერვალს შპს ,,ა.-სა“ და შპს ,,ღ. ქარხანას“ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, გამსესხებელი (შპს ,,ა.-ი“) გადასცემს მსესხებელს სესხის თანხას 4 200 000 რუბლი. მსესხებელი (შპს ,,ვ. ღ. ქ.-ა“) ვალდებულებას იღებს დააბრუნოს აღნიშნული თანხა და მასზე დარიცხული პროცენტები ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით და ვადებში. 1.4. პუნქტის თანახმად, ამ ხელშკრულების 1.1. პუნქტში მითითებული სესხის თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტები უნდა დაბრუნდეს თანხის გადაცემის მომენტიდან ერთი წლის ვადაში. ხელშეკრულება ხელმოწერილია შპს ,,ვ. ღ. ქ.-ს“ დირექტორ ა. შ.-ის სახელით (ტ.1. 10–20);

2. თანხის გადაცემის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები: სალაროს შემოსავლის ორდერი N01/05 28.02.2005 წელი – თანხა 15 000 აშშ დოლარი; N 02/05 28.02.2005 წელი – თანხა 15 000 აშშ დოლარი; N 03/05 28.02.2005 წელი – თანხა 15 000 აშშ დოლარი; N 04/05 28.02.2005 წელი – თანხა 5 000 აშშ დოლარი; N 05/05 28.02.2005 წელი – თანხა 5 000 აშშ დოლარი; N 06/05 09.07.2005 წელი – თანხა 10 000 აშშ დოლარი; N 07/05 09.07.2005 წელი – თანხა 10 000 აშშ დოლარი. სალაროს შემოსავლის ორდერები დადასტურებულია შპს ,,ვ. ღ. ქ.-ს“ ბეჭდით და ხელმოწერილია ა. შ.-ის სახელით;

3. 2005 წლის 8 დეკემბრის ხელწერილზე ხელი ა. შ.-მა მოაწერა;

4. 1999 წლის 28 ივლისს შპს ,,ს. კ. ზ. კ.-ასა“ და სახაზინო საწარმო ,,ვ. ღ. ქ.-ას“ (უფლებამონაცვლე შპს ,,ვ. ღ. ქ.-ა“) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 32 000 დეკალიტრი კონიაკის მასალა, რომლის ღირებულება განისაზღვრა 104 000 აშშ დოლარით;

5. 2006 წლის 21 თებერვალს გ. მ.-ემ კ. ,,ვ. ი.-ის“ მეშვეობით შ. ქ.-ის სახელზე გადარიცხა 5000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა შ. ქ.-მა მიიღო 2006 წლის 23 თებერვალს. გ. მ.-ემ შ. ქ.-ისაგან მისთვის გადაცემული თანხის მიღების მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს „ზ. კ.-ას“;

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ სამართლებრივ შეფასებას ემყარება: მოსარჩელეებმა წარმოადგინეს შპს ,,ვ. ღ. ქ.-ს“ დირექტორ ა. შ.-ის ხელწერილი შპს ,,ა.-ისა“ და შპს ,,ზ. კ.-ას“ მიმართ, რომლის შინაარსი შემდეგია: ,,ჩვენი შეთანხმების შესაბამისად, თქვენი შეკვეთის მიხედვით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით, ვკისრულობთ ნაწილ–ნაწილ მოგაწოდოთ 70 000 დეკალიტრი კონიაკის სპირტი 2006 წელს.“ საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ 1999 წლის 28 ივლისს შპს ,,ს. კ. ზ. კ.-ასა“ და სახაზინო საწარმო ,,ვ. ღ. ქ.-ას“ (უფლებამონაცვლე შპს ,,ვ. ღ. ქ.-ა“) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 32 000 დეკალიტრი კონიაკის მასალა, რომლის ღირებულება განისაზღვრა 104 000 აშშ დოლარით.

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას, მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სახაზინო საწარმო ,,ვ. ღ. ქ.-ამ“ შეასრულა 1999 წლის 28 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (აღნიშნულს ადასტურებს მოპასუხე მხარე), ხოლო შპს ,,ზ. კ.-ამ“ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება სრულად არ გადაიხადა.

მხარეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ საპასუხო მოთხოვნები. აღნიშნულზე მეტყველებს ხელწერილის შინაარსი, რომელშიც საუბარია ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვაზე. გაქვითვის აუცილებელი წინაპირობა არის ის, რომ ორ პირს ერთმანეთის მიმართ უნდა ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება, ე.ი ორივე ერთმანეთის მიმართ ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც. ხელწერილის შინაარსიდან გამომდინარე, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ გასაქვითი მოთხოვნები ვერ ფარავდს ერთმანეთს, რის საფუძველზე შპს ,,ვ. ღ. ქ.-ს“ ვალდებულება შპს ,,ზ. კ.-ასა“ და შპს ,,ა.-ის“ მიმართ არ შეწყვეტილა.

08.12.2005 წლის ხელწერილი ვალდებულების არსებობის აღიარების ხელშეკრულებაა, ვინაიდან აღნიშნული ხელწერილით შპს ,,ვ. ღ. ქ.-ამ“ დაადასტურა ვალდებულების არსებობა, გამოთქვა ვალდებულების შესრულების მზაობა. ასევე დადგენილია, რომ შპს,,ვ. ღ. ქ.-ს“ წარმომადგენლის მიერ გამოვლენილი ნება მიიღო მეორე მხარემ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურებულად მიიჩნევა შპს ,,ზ. კ.-ასა“ და შპს ,,ვ. ღ. ქ.-ას“ შორის 2000––2002 წლებში ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამოდინარე ვალდებულების არსებობა, ხოლო შპს ,,ა.-სა“ და შპს ,,ვ. ღ. ქ.-ას“ შორის 2005 წლის 22 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა, აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოსარჩელეებს მოთხოვნის უფლება არ გააჩნიათ, ვინაიდან ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნის უფლება გაქარწყლდა 2005 წლის 8 დეკემბრის ხელშეკრულებით. მხარეებს ვალის არსებობის აღიარებამდე არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ერთმანეთის მიმართ უფლებები და მოვალეობები აღარ წარმოეშობათ.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო შეზღუდულია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნა ემყარება მხარეთა შორის 2000–2002 წლებში არსებულ ზეპირ ნასყიდობის ხელშეკრულებებს და 2005 წლის 22 თებერვლის სესხის ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლება გაქარწყლებულია მხარეთა შორის დადებული 2005 წლის 8 დეკემბრის ახალი ხელშეკრულების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ შ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. სასამართლოს მითითებით, აპელანტის მოთხოვნა ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ სადავო თანხა შ. ქ.-ს არ მიუღია. საქმეში კი, წარმოდგენილია გზავნილის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, 5000 აშშ დოლარი, რომელიც გამოგზავნა გ. მ.-ემ 21.02.06 წელს, შ. ქ.-მა მიიღო 23.02.06 წელს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ზ. კ.-ასა“ და შპს „ა.-ის“ წარმომადგენელმა ფ. მ.-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ვ. ღ. ქ.-ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა 08.12.2005 წლის ხელწერილი. აღნიშნული ხელწერილით რაიმე ახალი გარიგება არ დადებულა, არამედ შპს „ვ. ღ. ქ.-ამ“ მანამდე არსებული დავალიანება აღიარა. მოსარჩელეს შეეძლო, მოეთხოვა როგორც ხელწერილით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება, ისე ხელშეკრულებიდან გასვლა, რაც გადახდილის დაბრუნებასაც გულისხმობს. მხარე, რომლის ინტერესებიც დარღვეულია, თავად ირჩევს, ხელშეკრულების შესრულება მოითხოვოს, თუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი ხელწერილი იყო და არა 1999 წლის ხელშეკრულება, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო მიუთითებს. მოსარჩელე იმთავითვე აღიარებდა, რომ 1999 წლის ხელშეკრულება შესრულებული იყო. რაც შეეხება „ა.-ის“ მოთხოვნას, ხელწერილიდან არ ირკვევა, რომ ეს უკანასკნელი თანახმა იყო სესხის თანხის სანაცვლოდ კონიაკის სპირტი მიეღო, ამასთან, თუნდაც მას ამგვარი თანხმობა განეცხადებინა, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეეძლო, მოეთხოვა, როგორც სპირტის მიწოდება, ისე თანხის დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ზ. კ.-ასა“ და შპს „ა.-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში კასატორებს გადავადებული ჰქონდათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საკასაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაეკისროთ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის 30%-ის - 2400 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ზ. კ.-ასა“ და შპს „ა.-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ზ. კ.-ასა“ და შპს „ა.-ს“ სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ დაეკისროთ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის 30%-ის - 2400 ლარის გადახდა;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

მ. სულხანიშვილი