Facebook Twitter

№ას-1091-1022-2012 8 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ.ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.მ-ე, გ.მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი - სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ.ლ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.მ-სა და გ.მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 2010 წლის 25 აგვისტოს გარდაცვლილი დედის - ნ. მ-ის სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება – ქ. სირნაღში, თ. მ-ის ქ. №10-ში მდებარე უძრავ ქონებაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ბ.ლ-ის სარჩელი ლ.მ-ის და გ.მ-ის წინააღმდეგ, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ.ლ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივლისის განჩინებით ბ.ლ-ის შუამდგომლობა ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სამკვიდროს საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, შესაბამისი დოკუმენტისა და აღნიშნული ღირებულების 4%-ის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა, ასევე მოწინააღმდეგე მხარეთა წრის დაზუსტება. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

2012 წლის 10 ივლისს ბ.ლ-მა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის არასრულად შევსების გამო, ბ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

პალატამ აღნიშნა, რომ ბ.ლ-ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც მან განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება. აპელანტი მიუთითებდა, რომ საბაზრო ღირებულების განსაზღვრა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუძლებელია, თუმცა მას არ მიუმართავს სასამართლოსათვის საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით და მოითხოვა დავის საგნის განსაზღვრა სასამართლოს მიერ. ამასთან, აპელანტმა არ დააზუსტა მოწინააღმდეგე მხარეთა წრე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება – სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის არასრულად შევსება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ.ლ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, რომ მან აუდიტის მიერ საბაზრო ღირებულების დადგენა ვერ შეძლო არა მარტო დროის სიმცირის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ ბინას ფლობენ მისი მოპასუხე მხარეები, ბინას მესაკუთრე ამჟამად არ ჰყავს და შესაბამისად, მესაკუთრის გარეშე და ბინის დათვალიერების გარეშე აუდიტთან ხელშეკრულების დადება და ბინის შეფასება შეუძლებელი იყო. ამასთან, მას არ დაურღვევია სსსკ-ის 372-ე მუხლი, ვინაიდან მათ მიერ მოპასუხე შეცდომით სხვა გრაფაში იყო მითითებული, რაც შემდეგში მიეთითა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ბ.ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივლისის განჩინებით ბ.ლ-ის შუამდგომლობა ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სამკვიდროს საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, შესაბამისი დოკუმენტისა და აღნიშნული ღირებულების 4%-ის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა, ასევე მოწინააღმდეგე მხარეთა წრის დაზუსტება. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ 2012 წლის 10 ივლისს ბ.ლ-მა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ სიღნაღში, თ. მ-ის ქ. N10-ში მდებარე სადავო ბინა შეფასებულია 1000 აშშ დოლარად, მას პრეტენზია აქვს აღნიშნული ბინის 1/3 წილზე და, შესაბამისად, დავის საგნის ფასია 267 ლარი. აპელანტმა წარმოადგინა ამ ღირებულების შესაბამისი სახ. ბაჟის 75 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, თუმცა რაიმე დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება მას სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მან განმარტა, რომ საბაზრო ღირებულების განსაზღვრა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუძლებელია, თუმცა საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს და მოითხოვა დავის საგნის განსაზღვრა სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არასრულად იქნა შევსებული, სააპელაციო სასამართლომ ბ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან აუდიტის მიერ საბაზრო ღირებულების დადგენა ვერ შეძლო არა მარტო დროის სიმცირის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ ბინას ფლობენ მისი მოპასუხე მხარეები, ბინას მესაკუთრე ამჟამად არ ჰყავს და შესაბამისად, მესაკუთრის გარეშე და ბინის დათვალიერების გარეშე აუდიტთან ხელშეკრულების დადება და ბინის შეფასება შეუძლებელი იყო, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად. აღნიშნულთან მიმართებაში იგი იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ თუ აპელანტს არ ჰქონდა დავის საგნის განსაზღვისთვის საკმარისი ვადა და, ამასთან, არსებობდა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება ხარვეზის სრულად შევსებისათვის, მას შეეძლო აღნიშნულთან დაკავშირებით, მიემართა სასამართლოსათვის საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით, რაც არ გაუკეთებია, თავად სასამართლოს კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლში 2012 წლის 25 მაისს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად მის მიერ დანიშნული ვადის გაგრძელების უფლება თავისი ინიციატივით არ ჰქონდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ბ.ლ-მა კანონით დადგენილ ვადაში სრულად არ შეავსო ხარვეზი მან დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ბ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ.ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინება

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. სულხანიშვილი