№ას-1124-1055-2012 5 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.შ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - დ.ნ-ე, ნ.რ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.შ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.ნ-სა და ნ.რ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა დ.ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა და ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ნ.რ-ი 2008 წლის 20 სექტემბერს არჩეულ იქნა ქ. თბილისი, ბ-ის ქ. №11-ში ჩამოყალიბებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-ას“ თავმჯდომარედ. მითითებული ამხანაგობის 2009 წლის 10 აგვისტოს №6 კრების გადაწყვეტილებით, დ.ნ-ეს საკუთრებაში გადაეცა 41,23 კვ.მ. ფართი იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ფართი წარმოადგენდა მის ინდივიდუალურ საკუთრებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ნ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის, 5 თვის და 4 დღის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 11 წელი, 5 თვე და 4 დღე. მოსარჩელემ მოითხოვა მისი კუთვნილი ბინის 41,23 კვ.მ. ფართის მის სახელზე დარეგისტრირებას, რომელიც ნ.რ-ს თაღლითური გზით ჰქონდა მითვისებული და გაფორმებული თავის შვილ დ.ნ-ზე, მოპასუხემ ამ ფართის ხელში ჩაგდებისა და შიგ შეღწევის მიზნით კარებების მოგლიჯა და გადაყრა, ააშენა ტიხარი სადაც ჩადგა ტუალეტი, აყარა იატაკი. აღნიშნული სამუშაოების აღდგენისა და ნორმალურ მდგომარეობაში მოყვანისათვის საჭიროა 24 872 ლარი. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება და მოპასუხეთათვის 5000 ლარის დაკისრება, ხოლო მატერიალური ზიანის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით.
საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ ზიანის ანაზღაურება.
მოპასუხე დ.ნ-ემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 1998 წლიდან წასულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას შემდეგ საქართველოს საზღვრები არ გადმოუკვეთია. მას მოსარჩელესათვის არავითარი ზიანი არ მიუყენებია. ამასთან, მის მიერ გაცემულია მინდობილობა მოსარჩელის სახელზე სადავო 41,23 კვ.მ. ფართის თავის სახელზე გადაფორმების. (ს. ფ. 91)
მოპასუხე ნ.რ-მა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მასსა და პროკურატურას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი პირობა გახლდათ დაზარალებულის მოთხოვნის დაკმაყოფილება. დ.ნ-ემ გააფორმა მინდობილობა მის საკუთრებაში არსებულ პირველ და მეორე სართულებს შორის მდებარე ანტრესოლზე 41,6 კვ. მ. ფართის მოსარჩელეზე გადასაფორმებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ლ.შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.შ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინებით აპელანტ ლ.შ-ას განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა 994.88 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
2012 წლის 3 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა ლ.შ-ამ და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2012 წლის 11 ივლისის განჩინებით ლ.შ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ ლ.შ-ას მოთხოვნა, მოპასუხეებზე 24 872 ლარის დაკისრების თაობაზე, არ გამომდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედებიდან და, შესაბამისად, არ არსებობდა სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აპელანტის სახ. ბაჟისაგან განთავისუფლების საფუძველი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 სექტემბრის განაჩენიდან გამომდინარე მოთხოვნებთან დაკავშირებით კი, პალატამ განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის 06.03.2012 წლის საოქმო განჩინებით საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის, მესაკუთრედ ცნობისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნები დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ.შ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ განაჩენის თანახმად, იგი წარმოადგენდა მოპასუხეების მართლსაწინაარმდეგო, დანაშაულებრივი და განზრახი ქმედების შედეგად დაზარალებულ პირს და, შესაბამისად, მასზე სასამართლოს უნდა გაევრცელებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და გაენთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ლ.შ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინებით აპელანტ ლ.შ-ას განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა 994.88 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2011 წლის 15 სექტემბრის განაჩენის თანახმად, იგი წარმოადგენდა მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო, დანაშაულებრივი და განზრახი ქმედების შედეგად დაზარალებულ პირს და, შესაბამისად, სასამართლოს მასზე უნდა გაევრცელებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და გაენთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დადგინდა, რომ ნ.რ-მა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ქ. თბილისში, ბ-ის ქ. 11–ში მდებარე ანტრესოლზე 41,23 კვ.მ. ფართზე დაარეგისტრირა დ.ნ-ის საკუთრების უფლება, რომლიდანაც 17,6 კვ.მ. წარმოადგენდა ლ. ფ-ის საკუთრებას, ხოლო დანარჩენი რეგისტრირებული იყო როგორც საერთო სარგებლობის. ამავე განაჩენის თანახმად, დაზარალებულს მიადგა მატერიალური ზიანი 12144 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენდა ნ.რ-ის მიერ დანაშაულებრივი გზით დარეგისტრირებული ფართის 17,6 კვ.მ-ის ღირებულებას.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ლ.შ-ამ, რომელიც სასარჩელო განცხადებით ითხოვდა დ.ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობას, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობასა და მოპასუხეებისათვის 24 879 ლარის მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, საქმის მომზადების სტადიაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამყარებული იყო იმ ფაქტობრივი გარემოებებით, რომ მოპასუხეთა მიერ მიტაცებულ ფართში შეღწევით, უკანონო მშენებლობით, ელექტროგაყვანილობის დაზიანებითა და ანტისანიტარიით მას მიადგა დასახელებული ოდენობის მატერიალური ზიანი.
აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ ლ.შ-ას მოთხოვნა მოპასუხეებზე 24 872 ლარის დაკისრების თაობაზე არ გამომდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედებიდან, ვინაიდან არც აღნიშნული ფაქტი და არც ზიანის ოდენობა დასახელებული განაჩენით არ დადგენილა და, ამასთან, თვით ლ.შ-ა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაში უთითებდა, რომ ზიანის მიყენების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 187-ე მუხლით, მიმდინარეობდა გამოძიება, რაც ცხადყოფდა, რომ 24 879 ლარის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტზე ჯერ არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ.შ-ას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა 374-ე მუხლის შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ლ.შ-ას სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ.შ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. სულხანიშვილი