№ას-1132-1063-2012 5 ნოემბერი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ჯ-ი
წარმომადგენელი – ფ.მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ჯ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანასაკუთრების გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.ჯ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ჯ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, სოფელ შ-ში მდებარე უძრავი ქონების ½-ის მესაკუთრედ ცნობა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით ლ.ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.ჯ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივნისის განჩინებით ლ.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში, ნაცვლად 2012 წლის 8 ივნისისა, შეიტანა 2012 წლის 11 ივნისს, ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევით, სსსკ-ის 369-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ.ჯ-ის წარმომადგენელმა ფ.მ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი მან წარადგინა არა 2012 წლის 11 ივნისს როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, არამედ 2012 წლის 8 ივნისს კანონით დადგენილ ვადაში, რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივარს თან დაურთო „TNT“-ს ქვითრის დედანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ჯ-ის წარმომადგენელ ფ.მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ ლ.ჯ-ის წარმომადგენელ ფ.მ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 მაისის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2012 წლის 25 მაისს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 355). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 26 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 8 ივნისს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2012 წლის 8 ივნისი.
სააპელაციო პალატამ, იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო 2012 წლის 11 ივნისს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, მიიჩნია, რომ იგი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.
კერძო საჩივარზე დართული „TNT“-ს ქვითრის დედნით ირკვევა, რომ ლ.ჯ-ის წარმომადგენელმა ფ.მ-ემ სააპელაციო საჩივარი „TNT“-ს მეშვეობით სააპელაციო სასამართლოში გააგზავნა 2012 წლის 8 ივნისს (იხ. ტ. 2, ს.ფ.14), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო საჩივარი მან წარადგინა არა 2012 წლის 11 ივნისს როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, არამედ 2012 წლის 8 ივნისს კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ.ჯ-ის წარმომადგენელ ფ.მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. სულხანიშვილი