Facebook Twitter

№ას-1147-1076-2012 5 ნოემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ. თ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ვ. თ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ა-ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 58150 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-იმ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის განჩინებით შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობა. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა შპს „ა-ის“ დირექტორ გ.კ-ის 2012 წლის 11 ივლისის შუამდგომლობაზე, რომლითაც ამ უკანასკნელმა ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან იურიდიული პირის გათავისუფლების ინსტიტუტს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების განხილვის მომენტში მოქმედი რედაქციით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. ასეთი თხოვნით აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

დასახელებული განჩინება შპს „ა-იმ“ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომლითაც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის არსებითად განხილვას.

კერძო საჩივრის თანახმად, შპს „ა-ის“ დირექტორმა გ.კ-მა სააპელაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობა და არ გადაუვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, თუნდაც სააპელაციო წარმოების დასრულებამდე. ასეთი ქმედებით სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი, რომელიც მისი გამოყენების შემთხვევაში, იძლეოდა შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესაძლებლობას. შედეგად, ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ აპელანტს წაერთვა თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა. ამასთან, სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შპს „ა-ის“ მხრიდან ხარვეზის შეუვსებლობა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და მისთვის გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რის თაობაზეც აპელანტმა იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს წინაშე.

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 1 ივნისის განჩინებით შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში: ა. მიეთითებინა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, ასევე, რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა, იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს; ბ. წარედგინა 2326 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ს.ფ. 163-165). 2012 წლის 18 ივნისს შპს ა-იმ“ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება (ს.ფ. 171). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის განჩინებით შპს „ა-ის“ შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა, აპელანტს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 10 დღით (ს.ფ. 172-173). 2012 წლის 11 ივლისს შპს „ა-იმ“ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ახალი განცხადება, რომლითაც იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე (ს.ფ. 176).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შპს „ა-ის“ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში არ დაუყენებია. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა აპელანტის მიმართ როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობაზე, ისე მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზანშეწონილობის საკითხზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არც ერთი მითითებული საფუძველი არ არსებობდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. აღნიშნულ საკითხებს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლები, რომელთა თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება; ამავდროულად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სრულიად მართებულად აღნიშნა, რომ იგი ვერ იმსჯელებდა შპს „ა-ის“ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხზე, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის დისპოზიცია არ ითვალისწინებს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან იურიდიული პირის გათავისუფლების შესაძლებლობას. ამასთან, აპელანტმა ვერ უზრუნველყო მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა, რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზანშეწონილობის საკითხი.

არსებულ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარის თქმით, მას წაერთვა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის კანონით გათვალიწინებული ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე