საქმე №ას-1198-1127-2012 8 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ნ., ნ. თ-ი, დ. ი-ი
წარმომადგენელი – მ.პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ი-ის, ნ. და ნ. თ-ის მიმართ ქ.თბილისში, დ-ის ქუჩის 28-ე კორპუსის №37-ში მდებარე ბინის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო ნ. თ-ამ ასევე სარჩელით მიმართა სასამართლოს მ.მ-ის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული 24000 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაევალათ სადავო უძღავი ნივთის გამოთავისუფლება და ეს უკანასკნელი გადაეცა მოსარჩელეს, ხოლო ნ. თ-ას სარჩელს უარი ეთქვა, რაც ნ. თ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცხადდა 2012 წლის 31 მაისს და მოპასუხეებისათვის გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო.
პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 30 ივნისს (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს) და ამოიწურა 2012 წლის 13 ივლისს. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2012 წლის 16 ივლისს, რითაც დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლების, 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ. ი-ის, ნ. და ნ. თ-ის წარმომადგენელმა მ.პ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ი-ის, ნ. და ნ. თ-ის წარმომადგენელ მ.პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება და დარჩება განუხილველად. იმ მხარის ან სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა ან გამოცხადების თარიღის შესახებ კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო, კანონმდებელი ასევე განსაზღვრავს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების წესს და ადგენს, რომ მხარე ვალდებულია, გადაწყვეტილების გამოცხადების მე-20 დღიდან 30-ე დღემდე მიმართოს სასამართლოს ხსენებული საპროცესო დოკუმენტის მისაღებად. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისას კი, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი აპელანტებისათვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო. მათმა წარმომადგენელმა მ.პ-მა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2012 წლის 6 ივლისს, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის – 30 ივნისის გასვლის შემდეგ.
ამდენად, სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა მართებულად დაიწო 2012 წლის 30 ივნისიდან (ვადის პირველი დღე იყო 30 ივნისი) და იგი ამოწურულად ჩათვალა 2012 წლის 13 ივლისს. სააპელაციო საჩივარი დ. ი-მა, ნ. და ნ. თ-მა წარადგინეს 2012 წლის 16 ივლისს. შესაბამისად, ამ დროისათვის კანონით დადგენილი ვადა უკვე გასული იყო და სააპელაციო საჩივარი სწორად დარჩა განუხილველად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ აპელანტებს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდათ ხსენებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ი-ის, ნ. და ნ. თ-ის წარმომადგენელ მ.პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია