Facebook Twitter

№ას-1215-1144-2012 8 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ.პ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ვ., რ. პ-ები

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და სამკვიდროს 1/7 წილზე მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ., გ., მ., ა. პ-მა, ე. პ-მა და ვ. პ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ვ. და რ. პ-ის მიმართ და მოითხოვეს ნოტარიუს ნ. ბ-ის მიერ რ. და ვ. პ-ზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათლად ცნობა და მათი, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებზე, თითოეულის 1/7 წილზე მესაკუთრედ ცნობა.

მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ, ვ. და ა. პ-ის მოთხოვნის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: ვ.პ-ის და ა. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ე. პ-ის, გ. პ-ის, მ. პ-ის და ვ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ.პ-მა, გ. პ-მა და მ პ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით გ. და მ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვ.პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის სადავოდ გამხდარი ნაწილის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ.პ-ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ნავთლუღის დასახლების ზ-ის ქ.№70-72-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე უძრავი ქონების ვ. და რ. პ-ის სახელზე რიცხული 1/2 ნაწილის 2/7 წილის მესაკუთრედ, ვ. და რ. პ-ი ცნობილ იქნენ ხსენებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №...) იმ დროის მდგომარეობით მათ სახელზე რიცხული 1/2 ნაწილის მესაკუთრეებად თითოეული 2/7 ნაწილზე, საქლაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ა. პ-ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ნავთლუღის დასახლების ზ-ის ქ.№70-72-ში მდებარე უძრავი ქონების ვ. და რ. პ-ის სახელზე რიცხული 1/2 ნაწილის 1/7 წილის მესაკუთრედ, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ.პ-მა, გ. პ-მა, მ. პ-მა და ა. პ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მირებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ივნისის განჩინებით მ., ვ., გ. და ა. პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2012 წლის 16 ივლისს ვ.პ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, მოითხოვა გადაწყვეტილების განმარტება იმგვარად, თუ ვინ არიან ცნობილნი ღიად დარჩენილ ½ წილზე მემკვიდრეებად, რის საფუძველზე არიან ცნობილები რ. და ვ. პ-ის ერთად 4/7 წილზე მემკვიდრეებად და მას, როგორც თანაბარი უფლების მქონეს, მიეკუთვნა ნაკლები – 2/7 წილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20 აგვისტოს განჩინებით ამავე სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების ბუნდოვანება და ამდენად, არ არსებობდა აღნიშნული გადაწყვეტილების განმარტების საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც განმცხადებლების განცხადება დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ.პ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება იყო ბუნდოვანი, კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა რ. და ვ. პ-ის სახელზე რიცხულ ½ წილში, ხოლო მეორე ნახევარზე, რომელიც მოპასუხეებს არ ჰქონიათ გაფორმებული, სასამართლოს არ უმსჯელია, ამასთან, მოპასუხეებს, თითოეულს მიეკუთვნათ 2/7 წილი, სასამართლოს მსჯელობის მიხედვით კი, მეორე ნახევარზე – 1/7 წილზე მემკვიდრედ ცნობილია ა. პ-ი, შესაბამისად, მას და მოპასუხეებს შორის დარჩენილი 6/7 ნაწილი უნდა გაიყოს არა 3 თანაბარ ნაწილად, არამედ 2 ნაწილად, რაც ცხადყოფს, რომ მას უნდა მიეკუთვნოს 3/7 წილი და რ. და ვ. პ-ს ორივს ერთად – 3/7 წილი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნდოვანი იყო, სასამართლოს მის განმარტებაზე უარი არ უნდა ეთქვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ა. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

მითითებული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი მისი აღსრულების უზრუნველყოფას. ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ვ.პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის, გასაჩივრებულ ნაწილში, შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ.პ-ი ცნობილ იქნა ქ. თბილისი, ნავთლუღის დასახლება, ზ-ის ქ. №70-72- ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №...) ვ. და რ. პ-ის სახელზე რიცხულ 1/2 ნაწილის 2/7 წილის მესაკუთრედ. შესაბამისად, ვ. და რ. პ-ი ცნობილ იქნენ ქ. თბილისი, ნავთლუღის დასახლება, ზ-ის ქ. №70-72- ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №...) დღეის მდგომარეობით მათ სახელზე რიცხული 1/2 ნაწილის მესაკუთრეებად თითოეული 2/7 ნაწილზე; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, ა. პ-ი ცნობილ იქნა ქ. თბილისი, ნავთლუღის დასახლება, ზ-ის ქ. №70-72-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №...) ვ. და რ. პ-ის სახელზე რიცხულ 1/2 ნაწილის 1/7 წილის მესაკუთრეებად; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ბუნდოვან, ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს, განმცხადებლის მოთხოვნა კი, თავისი შინაარსით, ფაქტობრივად მიმართულია არა გადაწყვეტიელბის ბუნდოვანებაზე, არამედ მის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო პალატა თვლის, რომ განცხადებაში მოყვანილი მოტივები სცილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მოთხოვნებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ.პ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ.პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აგვისტოს განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. სულხანიშვილი