№ას-1256-1185-2012 5 ნოემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. ვ.-ი
მოწინააღმდეგე მხარეები – გ. ჩ.-ი, სს „ე. 21“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – სარჩოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით რ. ვ.-ის სარჩელი მოპასუხეების – გ. ჩ.-ისა და სს „ე. 21-ის“ მიმართ, რომლითაც მან მოითხოვა მოპასუხეებისაგან როგორც მატერიალური და მორალური ზიანის ამაზღაურება, ასევე, მათთვის სარჩოს სახით ყოველთვიურად 110 ლარის დაკისრება (2005 წლიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე), არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ვ.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აგვისტოს განჩინებით რ. ვ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, მის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე რ. ვ.-მა შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 მაისის დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად მან სასამართლოს მიმართა ამავე წლის 18 ივნისს, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მის წარმომადგენელს ჩაბარდა 27 ივნისს. აღნიშნული დასტურდება განცხადებით გადაწყვეტილების მოთხოვნის თაობაზე და ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლით. გარდა ამისა, მითითებული გარემოება დასტურდება სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით – ხელწერილით, რომლის მოპოვებაც საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო. შესაბამისად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ თითქოს რ. ვ.-ის წარმომადგენელს ხსენებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 5 ივნისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ვ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აგვისტოს განჩინება და რ. ვ.-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლას უკავშირებს როგორც დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებას, ასევე, 2591 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელ ი.ზ.-ს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2012 წლის 5 ივნისს, რაც სასამართლოს მოსაზრებით, დასტურდება ს.ფ. 214-ზე (ტომი 1) არსებული ხელწერილით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო არასწორად დაეყრდნო ზემოხსენებულ ხელწერილს, ვინაიდან არც ამ ხელწერილის და არც ს.ფ. 213-ზე (ტომი 1) განთავსებული განცხადების შინაარსით არ დასტურდება ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელ ი.ზ.-ს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2012 წლის 5 ივნისს. მითითებული გარემოების საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილია აპელანტ რ. ვ.-ის 2012 წლის 18 ივნისის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვს მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემას (ტომი 1, ს.ფ. 215), ასევე, 2012 წლის 27 ივნისის ხელწერილი, რომლის მიხედვითაც, აპელანტის წარმომადგენელმა ი.ზ.-მა ჩაიბარა დასახელებული გადაწყვეტილების ასლი (ტომი 1, ს.ფ. 218). საგულისხმოა ისიც, რომ კერძო საჩივარს თან ერთვის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი, რომელიც 2012 წლის 27 ივნისს არის დამოწმებული სასამართლოს მიერ (ტომი 2, ს.ფ. 21-27).
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის წარმომადგენელს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი გადაეცა 2012 წლის 27 ივნისს და არა 5 ივნისს, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული. შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა 2012 წლის 27 ივნისის ხელწერილის მიხედვით უნდა მოხდეს. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 28 ივნისს და ამოიწურა 11 ივლისს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილ ვადაში, რადგან იგი სასამართლოს წარედგინა 2012 წლის 3 ივლისს (ტომი 1, ს.ფ. 220-229). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საფუძვლით რ. ვ.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ვ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აგვისტოს განჩინება და საქმე რ. ვ.-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე