№ას-1261-1190-2012 12 ნოემბერი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შე.დგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ე. თ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – რ. პ.-ი
დაინტერესებული პირები - გ. მ.-ი, ა. პ.-ი, ს. მ.-ე, ა. პ.-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მეუღლეთა ქონების თანასაკუთრებად აღიარება, სამკვიდრო ქონებაზე ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე.თ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. პ.-ის მიმართ მეუღლეთა ქონების თანასაკუთრებად აღიარებისა და სამკვიდრო ქონებაზე ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის აღიარების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: ო. პ.-ის ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრე მოსარჩელეა, რომელსაც სამკვიდრო მიღებული აქვს. ვინაიდან, აღიარებული არაა ო. პ.-ის მიერ თავისი მშობლების ა-კ და ა-ა პ.-ების დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, მოსარჩელე ვერ მიიჩნევა სადავო ქონების კანონიერ მემკვიდრედ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქონება ფაქტობრივად ე.თ.-ემ მიიღო და გაასხვისა.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სადავო ქონება ირიცხებოდა ა.პ.-ის სახელზე, რომელიც ა-დ პ.-ის თანასაკუთრებას არ წარმოადგენდა, რადგან ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 1970 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მათ შორის მხოლოდ ფაქტობრივი ქორწინების ფაქტია დადგენილი, რომელიც უფლება-მოვ.-ობებს არ წარმოშობს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ე.პ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა აღიარებულ იქნა, რომ ახალციხის რაიონის სოფელ ვ.-ში, ს.-ის ქ. №25-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც ირიცხებოდა 2010 წლის 18 მაისამდე ა-კ პ.-ის სახელზე, წარმოადგენდა მეუღლე - ა-დ პ.-თან ერთად თანასაკუთრებას თითოეულს ½ წილით. აღიარებულ იქნა, რომ ა-კ პ.-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი დანაშთი ქონების 1/3 წილი (თითოეულმა) ფაქტობრივი ფლობით მიიღო მისმა მეუღლე ა-დ პ.-მა, მისმა ქალიშვილმა ო. პ.-მა და მისმა ვაჟიშვილმა რ. პ.-მა; აღიარებულ იქნა, რომ მოსარჩელე ე. თ.-ის ბებიის, ა-ა პ.-ის, გარდაცვალების შემდეგ, მისი დანაშთი მთლიანი ქონების 5/6 წილი ფაქტობრივი ფლობით მიიღო მისმა დედამ ო. პ.-მა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ.პ.-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: ე. თ.-ე არის 1970 წლის 12 აპრილს გარდაცვლილი ა-კ პ.-ისა და 1988 წლის 6 ივნისს გარდაცვილილი ა-დ პ.-ის შვილიშვილი, 2007 წლის 16 აპრილს გარდაცვლილი ო. პ.-ის შვილი. მოსარჩელის განმარტებით, საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს ახალციხის რაიონში, ვ.-ში, მე-2 შახტის, სადგურის ქ. N25-ში, წარმოადგენდა მისი პაპისა და ბებიის თანასაკუთრებას; პაპის – ა-კ პ.-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი დანაშთი ქონების 1/3-1/3–1/3 წილი ფაქტობრივი ფლობით მიიღეს: მისმა მეუღლე ა-დ პ.-მა, ქალიშვილმა ო. პ.-მა და ვაჟიშვილმა რ. პ.-მა, ხოლო ბებიის, ა-ა პ.-ის, გარდაცვალების შემდეგ, მისი დანაშთი მთლიანი ქონების 5/6 წილი ფაქტობრივი ფლობით მიიღო მოსარჩელე ე. თ.-ის დედამ – ო. პ.-მა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) 2012 წლის 18 ივნისს წარმოადგინა წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ აღიარებს აპელანტის (მოპასუხის) - რ. პ.-ის უფლებას მთელი სამკვიდრო ქონების 1/6 წილზე და, რადგან სამომავლოდ დადგება მისი (ე. თ.-ის) მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხი სამკვიდრო ქონების ამ ნაწილის მიხედვით, გააჩნია იურიდიული ინტერესი, სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვროს სამკვიდრო ქონების რა ნაწილზე გააჩნია რ. პ.-ის მიმართ მატერიალური პასუხისმგებლობა. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე ე. თ.-ეს, ახალციხის რაიონში, ვ.-ში, მე-2 შ.-ის, ს.-ის ქ. N25-ში მდებარე უძრავი ქონება გასხვისებული აქვს 2010 წლის 15 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით და დადგენილია, რომ დღეისათვის უძრავი ქონება, მდებარე ახალციხის რაიონში, ვ.-ში, მე-2 შ.-ის, ს.-ის ქ. N25-ში (სარეგისტრაციო ზონა – ახალციხე, კოდი – .., სექტორი – ...-, კოდი – .., კვარტალი – .., ნაკვეთი – .. ფართობი – 1200 კვ.მ), საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ. რ.-ის სახელზე. ასევე დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით რ. პ.-ის სარჩელი ე. თ.-ისა და გ. რ.-ის მიმართ უძრავი ქონების 2010 წლის 15 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. თ.-ეს, დავის საგნის მიმართ არ გააჩნია დასაბუთებული და საფუძვლიანი იურიდიული ინტერესი, შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნეს აღიარებული. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას, აუცილებელია, რომ არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. აღიარებით სარჩელს, მიკუთვნებითი სარჩელისაგან განსხვავებით, წაეყენება დამატებითი წინაპირობა – ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი. აღნიშნული ინტერესის არსებობა წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დაკმაყოფილების ძირითად წინაპირობას. აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი _ სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომელთა ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას სარჩელი თვით ვალდებულების შესრულების თაობაზე. ამდენად, მატერიალურ სამართლებრივი უფლების დაცვა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით, მაგრამ უნდა უზრუნველყოფდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და გამორიცხავდეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას.
პალატამ განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესი არ გამომდინარეობს მოსარჩელისათვის რაიმე ქონებრივი სიკეთისა და შეღავათების მიღებაში, ვინაიდან აშკარაა, რომ მეუღლეთა ქონების თანასაკუთრებად აღიარებისა და სამკვიდრო ქონებაზე ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის აღიარების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებას რაიმე დადებითი იურიდიული შედეგი მისთვის არ მოჰყვება. საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა–განმარტებებით დადასტურებულია, რომ ამჟამად რ. პ.-ის მიერ ე. თ.-ის მიმართ სამკვიდრო ქონებიდან გამომდინარე მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი აღძრული არ არის და, შესაბამისად, მხარეთა შორის ამ საფუძვლით დავა არ მიმდინარეობს. რაც შეეხება მოსარჩელის (მოწინააღდეგე მხარის) მიერ მოცემული სარჩელის მიმართ იურიდიულ ინტერესად იმ გარემოებაზე მითითებას, რომ სამომავლოდ დადგება მისი (ე. თ.-ის) მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხი და სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს სამკვიდრო ქონების რა ნაწილზე გააჩნია რ. პ.-ის მიმართ მატერიალური პასუხისმგებლობა, პალატამ განმარტა შემდეგი: როგორც აღინიშნა, ე. თ.-ის მიერ მითითებული საფუძვლით მხარეთა შორის დავა არ მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, მიმართავს თუ არა მოწინააღმდეგე მხარის მიერ დასახელებული ზიანის ანაზღაურების სარჩელით სასამართლოს მხარე, დამოკიდებულია რ. პ.-ის ნებაზე. შესაბამისად, სამომავლოდ ასეთი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს შეუძლია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესით განახორციელოს მისი უფლებების დაცვა, ხოლო ამ ეტაპზე, როდესაც ამ სახის სარჩელი მის წინააღმდეგ არ არის აღძრული, არ იკვეთება მოცემული აღიარებითი სარჩელის მიმართ მხარის დასაბუთებული იურიდიული ინტერესი.
პალატამ განმარტა, რომ, თუ იურიდიული ინტერესი არ იკვეთება სარჩელის დასაშვებობის ეტაზე, აღნიშნული არსებითად მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს, თუმცა, სასამართლოს მიერ დადგინდება რა იურიდიული ინტერესის არარსებობა, მითითებული გარემოება სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია. აღნიშნული მსჯელობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, რომელიც აღიარებითი სარჩელის აღძვრის პირობებში, იურიდიული ინტერესის არარსებობას სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობად მიიჩნევს და ამავე კოდექსის 186-ე მუხლი, რომელიც ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სარჩელის მიღებაზე უარს ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში, ნიშანდობლივია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის ანალოგიით გამოყენება, რომელიც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის წინაპირობების სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის საპროცესო სამართლებრივ შესაძლებლობებს იძლევა. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს სარჩელის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები. გარდა ამისა, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისა და საპროცესო ეკონომიის მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლის შემდგომში აღმოჩენის შემთხვევაში, თუნდაც, აღნიშნული სასამართლოს მიერ არსებითი მსჯელობის საგანი გამხდარიყო, სარჩელის განუხილველად დატოვება ან სარჩელზე წარმოების შეწყვეტა, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელზე უარის თქმის საფუძველი მატერიალურსამართლებრივი საფუძველი კი არ არის, არამედ საპროცესო სამართლებრივი დანაწესია, რაც კერძო საჩივრის და არა სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის მსჯელობის საგანია.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. თ.-ემ შემდეგი დასაბუთებით: სასამართლოში დამატებით წარმოდგენილმა დოკუმენტაციამ სასამართლო ვერ დაარწმუნა იმაში, რომ მხარეებს შორის არსებობს უფლებებსა და სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული დავები. არსებობს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება რითაც ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 18 მაისის №.... გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო ქონება კერძო საჩივრის ავტორის სახელზე აღირიცხა. რეგისტრაციის შემდეგ აღნიშნული უძრავი ქონება გასხვისდა მოქალაქე გ. რ.-ზე და ნასყიდობის ხელშეკრულება დღეისათვის ძალაშია. მოწინააღმდეგე მხარის მიზანია, დაისაკუთროს მთელი ქონება, ხოლო ე.თ.-ის კი, დედისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება მიღებულად და კანონიერად გასხვისებულად ჩაეთვალოს. განჩინებაში მითითება, რომ ასეთი მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ დღეისათვის მხარეთა შორის დავა არ მიმდინარეობს, ამიტომ იურიდიულ ინტერესი არ არსებობს კანონიერი არაა. რ. პ.-ის ყველა სარჩელის ქვაკუთხედი, სწორედ, ქონებრივი სარგებლის მოთხოვნაა და ის ითხოვს არა მისი წილი ქონების კომპენსაციას, არამედ მთლიანად მთელი ქონების ღირებულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. თ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ე.თ.-ე აღიარებს მოპასუხე - რ. პ.-ის უფლებას მთელი სამკვიდრო ქონების 1/6 წილზე და მიიჩნევს, რომ, რადგან სამომავლოდ დადგება მოსარჩელის მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხი, მას გააჩნია იურიდიული ინტერესი, სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვროს სამკვიდრო ქონების რა ნაწილზე გააჩნია რ. პ.-ის მიმართ მატერიალური პასუხისმგებლობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი და მიუთითებს შემდეგს: აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა და სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. აღიარებითი სარჩელის აღსაძრავად აუცილებელია აღიარების ნამდვილი იურიდიული ინტერესის ქონა. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინტერესის არსებობის გამორკვევა წარმოადგენს აღიარებითი სახის სარჩელის დასაშვებობის ძირითად წინაპირობას, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული სარჩელის ჯერ კიდევ დასაშვებობის სტადიაზე აუცილებელია, გამოირკვეს, თუ რაში მდგომარეობს მოსარჩელის მიერ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის აღიარების მოთხოვნის იურიდიული ინტერესი. აღნიშნულს ასევე არსებითი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ სწორად განისაზღვროს პირთა წრე, ვის მიმართაც მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის ნამდვილი იურიდიული ინტერესია მიმართული.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ე. თ.-ემ, ახალციხის რაიონში, ვ.-ში, მე-2 შ.-ს, ს.-ის ქ. N25-ში მდებარე უძრავი ქონება 2010 წლის 15 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა და დღეისათვის, საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ. რ.-ის სახელზე. ასევე დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით რ. პ.-ის სარჩელი ე. თ.-ისა და გ. რ.-ის მიმართ, უძრავი ქონების 2010 წლის 15 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, დგინდება, რომ სადავო ქონება, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო ე.თ.-ემ, მან უკვე განკარგა (გაასხვისა).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის აუცილებელია, არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე. მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში, ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას. ამ გადაწყვეტილებას გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. ამასთან, ის ფაქტი, რომ სადავო ქონების 1/6 ნაწილის გასხვისების გამო, რომელიც რ.პ.-ს ეკუთვნოდა, დადგება კერძო საჩივრის ავტორის პასუხისმგებლობის საკითხი, მისი ვარაუდია და იგი ვერ ადასტურებს 180-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოდასახელებული გარემოებების არსებობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველ დაინტერესებულ პირს უფლებას აძლევს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს დარღვეული ან სადავო უფლების, ან კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად. ზემოდასახელებული მუხლი დისპოზიციურობის პრინციპს ეხება, რომელიც სამოქალაქო საპროცესო სამართალში მხარეთა თავისუფლებას ნიშნავს, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ რ.პ.-ს შეუძლია 1/6 წილის გასხვისების ნაწილში მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, მისი უფლებაა და მისი შეხედულებისამებრ შეიძლება, დაცულ იქნეს სასამართლო წესით. ე.თ.-ის პასუხისმგებლობა და მისი ფარგლები, როგორც თვითონ მიუთითებს, სწორედ, რ.პ.-ის მიერ სარჩელით მიმართვის დროს დადგინდება, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს ე.თ.-ის სარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ე. თ.-ის მიერ მითითებული საფუძვლით მხარეთა შორის დავა არ მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მიმართავს თუ არა მოწინააღმდეგე მხარის მიერ დასახელებული ზიანის ანაზღაურების სარჩელით სასამართლოს მხარე, დამოკიდებულია აპელანტის - რ. პ.-ის ნებაზე. შესაბამისად, სამომავლოდ ასეთი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს შეუძლია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესით განახორციელოს მისი უფლებების დაცვა, ხოლო ამ ეტაპზე, როდესაც ამ სახის სარჩელი მის წინააღმდეგ არ არის აღძრული, არ იკვეთება მოცემული აღიარებითი სარჩელის მიმართ მხარის დასაბუთებული იურიდიული ინტერესი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე. თ.-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. თ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ.ალავიძე