Facebook Twitter

№ას-1273-1201-2012 12 ნოემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ნ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ბ.-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო, ა. ნ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ა. ბ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. ნ.-ისათვის 20000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ ა. ბ.-ს დაუბრუნდა ქ.ქუთაისში, მ.-ის ქ.№17-ში მდებარე ბინა და, შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემებში იგი აღირიცხა ა. ბ.-ის სახელზე; ა. ნ.-ი გამოსახლდა სადავო ბინიდან; ა. ბ.-ის სარჩელი ა. ნ.-თან ერთად მცხოვრები პირების გამოსახლების ნაწილში დარჩა განუხილველად; ა. ნ.-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ა. ბ.-სა და ა. ნ.-ს შორის 2008 წლის 4 ივლისს დადებული საცხოვრებელი სახლის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება; დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ა. ბ.-ს, მისი მოთხოვნის შესაბამისად, გადაეცა სააღსრულებო ფურცელი.

2012 წლის 21 ივნისს, ა. ბ.-ის წარმომადგენელმა ნ.ვაჩეიშვილმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ა. ნ.-ის ბინიდან გამოსახლების ნაწილში სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა. განმცხადებლის განმარტებით, სააღსრულებო ფურცლის დედანი გადაწყვეტილების ერთ-ერთი ნაწილის აღსრულების მიზნით იმყოფებოდა სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში, ამიტომ, ვერ ხერხდებოდა ამავე სააღსრულებო ფურცელში ასახული გადაწყვეტილების მეორე ნაწილის აღსრულება, რომელიც შეეხებოდა მოწინააღმდეგე მხარის ბინიდან გამოსახლებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივლისის განჩინებით ა. ბ.-ის წარმომადგენლის განცხადება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (ა. ნ.-ის ბინიდან გამოსახლების ნაწილში) გაიცა ცალკე სააღსრულებო ფურცელი; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ა. ნ.-ის გამოსახლება ქ.ქუთაისში, მ.-ის ქ.№17-ში მდებარე სადავო ბინიდან.

საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო ფურცელი, რომლის დუბლიკატის გაცემასაც მხარე ითხოვდა, არ იყო დაკარგული, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. მიუხედავად ამისა, იმ მიზეზით, რომ ცალკე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გარეშე ვერ ხერხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა განმცხადებლის იურიდიული ინტერესი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე გასცა ცალკე სააღსრულებო ფურცელი მოწინააღმდეგე მხარის სადავო ბინიდან გამოსახლების ნაწილში. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, 2012 წლის 5 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი გააუქმა იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ა. ნ.-ის სადავო ბინიდან (ქ.ქუთაისში, მ.-ის ქ.№17-ში მდებარე ბინიდან) გამოსახლება.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ნ.-მა, რომელმაც მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი უკვე გაცემულია და მიმდინარეობს აღსრულება. ხსენებული სააღსრულებო ფურცელი, რომელიც იმყოფება იმერეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში, შეიცავს მითითებას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილ ყველა განკარგულებაზე და ცალკე სააღსრულებო ფურცლის გაცემის საჭიროება არ არსებობს.

კერძო საჩივრის თანახმად, სასამართლო გასცდა მხარის მოთხოვნის ფარგლებს, კერძოდ, განმცხადებელი ითხოვდა მხოლოდ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის და არა ცალკე სააღსრულებო ფურცლის გაცემას. შესაბამისად, დარღვეულია კანონით აღიარებული პრინციპები – დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ნ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: 1. ა. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; 2. ა. ნ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 3. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; 4. ა. ბ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 5. ა. ნ.-ისათვის 20000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ ა. ბ.-ს დაუბრუნდა ქ.ქუთაისში, მ.-ის ქ.№17-ში მდებარე ბინა, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებში აღირიცხა ა. ბ.-ის სახელზე; 6. ა. ნ.-ი გამოსახლდა სადავო ბინიდან, მდებარე ქ.ქუთაისში, მ.-ის ქ.№17-ში; 7. ა. ბ.-ის სარჩელი ა. ნ.-თან ერთად მცხოვრები პირების გამოსახლების ნაწილში დარჩა განუხილველად; 8. ა. ნ.-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 9. გაუქმდა ა. ბ.-სა და ა. ნ.-ს შორის 2008 წლის 4 ივლისს დადებული საცხოვრებელი სახლის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება; 10. დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ა. ბ.-ს, მისი მოთხოვნის შესაბამისად, გადაეცა სააღსრულებო ფურცელი;

განმცხადებელი მოითხოვს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემას;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივლისის განჩინებით: 1. ა. ბ.-ის წარმომადგენლის განცხადება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა; 2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე ა. ნ.-ის ბინიდან გამოსახლების ნაწილში გაიცა ცალკე სააღსრულებო ფურცელი; 3. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ა. ნ.-ის გამოსახლება ქ.ქუთაისში, მ.-ის ქ.№17-ში მდებარე სადავო ბინიდან.

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი სასამართლოს ამა თუ იმ განკარგულების შესასრულებლად გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-20 მუხლი ადგენს, რომ სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. ამავდროულად, მითითებული კანონი ითვალისწინებს სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში სასამართლოს მიერ დუბლიკატის გაცემის შესაძლებლობას, კერძოდ, კანონის 23-ე მუხლი ადგენს, რომ სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში სასამართლოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი. ამდენად, სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის მნიშვნელოვანი წინაპირობაა სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის ფაქტის დადგენა, სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების დადგენას უკავშირებს კანონმდებელი სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემას.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემას მოითხოვს არა იმ საფუძვლით, რომ უკვე გაცემული სააღსრულებო ფურცელი დაიკარგა, არამედ იგი მიუთითებს იმაზე, რომ სააღსრულებო ფურცლის დედანი გადაწყვეტილების ერთი ნაწილის აღსრულების მიზნით იმყოფება სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში, რის გამოც ვერ ხერხდება ამავე გადაწყვეტილების მეორე ნაწილის აღსრულება, რომელიც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის ბინიდან გამოსახლებას. ამდენად, ნათელია, რომ ზემომითითებული მსჯელობით განმცხადებელი არათუ ადასტურებს, არამედ თავად გამორიცხავს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სრულიად მართებულად არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.

რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილს, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ცალკე სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოპასუხის ბინიდან გამოსახლების ნაწილში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში განჩინება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულია ერთ გადაწყვეტილებაზე რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობა, თუმცა ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, აღნიშნული დაიშვება მხოლოდ ერთ-ერთი შემდეგი საგამონაკლისო შემთხვევის არსებობისას, კერძოდ, თუ: ა. აღსრულება უნდა მოხდეს სხვადასხვა ადგილას; ბ. გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ; გ. გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ. გასაჩივრებულ განჩინებაში, მართალია, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ზემოხსენებულ ნორმას, მაგრამ არ დაუსაბუთებია, ამ ნორმით გათვალისწინებული რომელი საფუძველი არსებობდა მოცემულ შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ არც სასამართლოს დაუსაბუთებია და არც განმცხადებელს წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მის მიერ მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოება მართლაც არსებობდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ განმცხადებელი მოითხოვდა არა ცალკე სააღსრულებო ფურცლის, არამედ სააღსულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემას. ამდენად, სააპელაციო სასამართლო გასცდა განმცხადებლის მოთხოვნის ფარგლებს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 248-ე მუხლის მოთხოვნები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ცალკე სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოპასუხის ბინიდან გამოსახლების თაობაზე და გაუქმდა მანამდე გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ნ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივლისის განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე