№ას-1274-1202-2012 13 ნოემბერი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე
კერძო საჩივრის ავტორი _ სს «ს. ბ.-ი“
წარმომადგენელი - დ. რ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ინდივიდუალური მეწარმე „ნ. ლ.-ი“
წარმომადგენელი - კ. ბ.-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სარგებლის დაბრუნება (ძირითად სარჩელში); იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ვალდებულების შესრულება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ლ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «ს. ბ.-ის“ მიმართ საკრედიტო ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სარგებლის დაბრუნების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2007 წლის 28 თებერვალს სს „ს. ბ.-სა“ და ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ.-ს“ შორის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ №507088 ხელშეკრულება გაფორმდა. საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 250 000 აშშ დოლარი გაიცა. მსესხებელმა აიღო ვალდებულება საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე. მიუხედავად ბ.-ის მხრიდან ვალდებულებისა, კრედიტის გრაფიკით დადგენილ ვადებზე ადრე დაფარვის შემთხვევაში შესრულების მიღებისა, სს «ს. ბ.-მა“ უხეშად დაარღვია აღნიშნული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების მუხლები. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის გრაფიკით დადგენილ ვადაზე ადრე დაფარვის უფლება და საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2 პუნქტის 2.2.6 ქვეპუნქტი და მე-4 მუხლის 4.1, 4.2 პუნქტები დაირღვა.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით მოითხოვა ვალდებულების შესრულება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია შემდეგი დასაბუთებით: 2007 წლის 28 თებერვალს სს «ს. ბ.-სა“ და ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ.-ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №507088, რომლის თანახმადაც, ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ.-ს“ გაეხსნა საკრედიტო ხაზი და დაუდგინდა საკრედიტო თანხის ლიმიტი 300 000 აშშ დოლარი 120 თვის ვადით და წლიური საპროცენტო სარგებლის მინიმალური 10%-დან მაქსიმუმ 36%-დე ოდენობით, დოკუმენტური ოპერაციებისათვის 2-14%. 2007 წლის 28 თებერვლის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში, 2010 წლის 31 აგვისტოს სს «ს. ბ.-სა“ და ინდივიდუალურ მეწარმე ნ. ლ.-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის შემადგენელი ხელშეკრულება №765753, რომლის თანახმადაც, ინდივიდუალურ მეწარმე ნ. ლ.-ზე გაიცა საბანკო კრედიტი 250 000 დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 29 % გადაანგარიშებით, სესხის მიზნობრიობა იყო ბ.-ში არსებული სესხის რეფინანსირება და უძრავი ქონების შეძენა. მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, პირიქით სესხის ნაწილობრივ დაფარვის შემდეგ სადავო გახადა ბ.-ში დარჩენილი ვალდებულებების არსებობა, აქედან გამომდინარე, ბ.-ი უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა და ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, ბ.-ში არსებული 12 717,98 აშშ დოლარის სრულად დაფარვა, ასევე პირგასამტეხლოს გადახდა 31.08.2010 წლის ხელშეკრულების 2.1.10 პუნქტის შესაბამისად, რაც 50 000 აშშ დოლარს შეადგენს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ.-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სს «ს. ბ.-ის“ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ.-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სს «ს. ბ.-ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სს «ს. ბ.-ის“ წინაშე ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ.-ის“ ვალდებულება, რომელიც კრედიტის წინმსწრებად დაფარვის დროისათვის 245 964.82 აშშ დოლარს შეადგენდა შესრულებულად ჩაითვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «ს. ბ.-მა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 1 მარტის განჩინებით წარდგენილი საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2012 წლის 25 მაისს ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ.-მა“ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღსრულებული გადაწყვეტილების შებრუნება მოითხოვა შემდეგ გარემოებათა გამო: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოპასუხეს დაუყოვნებლივი აღსრულების წესით სს «ს. ბ.-ის“ სასარგებლოდ 12 717.98 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. გაუქმებული გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ.-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 12 717.98 აშშ დოლარი, ამასთან, სახელმწიფო ბაჟი - 687.00 ლარის, სააღსრულებო წარმოების მოსაკრებელი 7%-ის ოდენობით 890.25 აშშ დოლარისა და 48.09 ლარის გადახდა დაეკისრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ.-ს“ განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2011 წლის 27 აპრილის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შებრუნდა და სს «ს. ბ.-ს“ განმცხადებლის სასარგებლოდ 23793.98 ლარის გადახდა დაეკისრა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ.-ის“ სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; სს «ს. ბ.-ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ.-ს“ და ნუგზარ გორგილაძეს სს «ს. ბ.-ის“ სასარგებლოდ 12 717,98 აშშ დოლარის გადახდა სოლიდარულად დაეკისრათ. მათვე დაეკისრათ ბანკის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 687 ლარის ანაზღაურება. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული თანხის ამოღება უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული ნ. ლ.-ის საკუთრებაში რიცხული ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის ქ№29-ში, ნუგზარ გორგილაძის საკუთრებაში რიცხული ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის ქ№48-ის, ბინა №19-ში და მერი გორგილაძის საკუთრებაში რიცხული ქ.ბათუმი, ჰ. აბაშიძის, ჭავჭავაძის ქ№34/97-ში მდებარე უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციის გზით. უდავოდ დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით, ასევე დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება აღსრულდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ.-მა“.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნებას, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 2672-ე მუხლის თანახმად, აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელემ უნდა დაუბრუნოს ყოველივე, რაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაუქმებული გადაწყვეტილებით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის აღსრულებული გადაწყვეტილება, ახალი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმებულია. გაუქმებული გადაწყვეტილების შედეგად, ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ.-მა“ სს «ს. ბ.-ში“ გადაიხადა 12 7171,98 აშშ დოლარი, 687.00 ლარი, 890,25 აშშ დოლარი და 48.09 ლარი, მთლიანად არასწორად გადახდილმა თანხამ შეადგინა - 23 793,98 ლარი. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრებით უნდა შებრუნდეს გაუქმებული 2011 წლის 27 აპრილის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება, განმცხადებლის მოთხოვნას სს «ს. ბ.-ისათვის“ 223 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში განცხადება უსაფუძვლოა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს «ს. ბ.-მა“ შემდეგი დასაბუთებით: გაუქმებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ.-ის“ მიერ სააღსრულებო ბიუროში 23361.51 ლარია გადახდილი. აღნიშნული თანხა მოიცავდა სესხის - 21 145 ლარს, სასამართლო ბაჟს - 687 ლარს და სააღსრულებო მოსაკრებელს - 1480.2 ლარს. აქედან გამომდინარე, მის მიერ გადახდილია არა 23793.98 ლარი, არამედ 23361.51 ლარი.
2012 წლის 13 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა კერძო საჩივარი ცნო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «ს. ბ.-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით, სს «ს. ბ.-ს“ ინდმეწარმე „ნ. ლ.-ის“ სასარგებლოდ 23793.98 ლარის გადახდა დაეკისრა. ვინაიდან, მოწინააღმდეგე მხარემ რეალურად 23361.51 ლარი გადაიხადა, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ, გასაჩივრებული განჩინებით ზედმეტად დაეკისრა 432.47 ლარი. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა კ.ბ.-ამ, რომელსაც საქმეში არსებული რწმუნებულების თანახმად, მინიჭებული ჰქონდა სარჩელის ცნობის უფლებამოსილება, 2012 წლის 13 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე სს «ს. ბ.-ის“ კერძო საჩივარი ცნო. მოცემულ შემთხვევაში წარმომადგენელმა განახორციელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 372-ე, 3-ე და 208-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მიერ კერძო საჩივრის ცნობის გამო, სს «ს. ბ.-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მას ინდივიდუალური მეწარმე „ნ. ლ.-ის“ სასარგებლოდ 23361.51 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 3-ე, 208-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «ს. ბ.-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ ნაწილობრივ გაუქმდეს და ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გაუქმებული აღსრულებული გადაწყვეტილების შებრუნება მოხდეს და სს «ს. ბ.-ს“ ინდმეწარმე ნ. ლ.-ის სასარგებლოდ 23361.51 ლარის გადახდა დაეკისროს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე