№ას-1276-1204-2012 19 ნოემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ჯ. ა.-ა (წარმომადგენელი ი. შ.-ე)
მოწინააღმდეგე მხარეები – აჭარის ა/რ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველო; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო; მ. ბ.-ე; გ. ბ.-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობა, საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების დადგენა, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. ა.-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განჩინებით ჯ. ა.-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ჯ. ა.-ას წარმომადგენელმა ი. შ.-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
კერძო საჩივრის თანახმად, 2012 წლის 11 ივლისს წარმომადგენელ ი.შ.-ეს ტელეფონით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე, რომელმაც აცნობა, რომ მისი ხელმოწერით მიღებული ჰქონდა 2012 წლის 5 ივლისით დათარიღებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათი და სთხოვა ინფორმაციის მიწოდება იმის თაობაზე, თუ რომელ საქმესთან დაკავშირებით ჩაბარდა ეს გზავნილი. მან თანაშემწეს აუხსნა, რომ 2012 წლის 5 ივლისს სასამართლოსაგან არანაირი გზავნილი არ მიუღია.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე არ არის მითითებული საქმის ნომერი, მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მაინც მიიჩნია, რომ ეს ბარათი ა.-ას საქმეზე სასამართლო გზავნილის ჩაბარებას ნიშნავდა, რაც არასწორია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ა.-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განჩინება და ჯ.ა.-ას სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით აპელანტ ჯ. ა.-ას დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ: ა. წარმოედგინა სააპელაციო საჩივარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი ფორმით; ბ. გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით (ტომი 2, ს.ფ. 246-249). ამავე სასამართლოს 2012 წლის 2 ივლისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით (ტომი 2, ს.ფ. 255-257), ხოლო, 2012 წლის 31 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული (ტომი 2, ს.ფ. 262-265).
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელ ი.შ.-ეს ჩაბარდა 2012 წლის 5 ივლისს, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით (ს.ფ. 259, ტომი 2). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო არასწორად დაეყრდნო ზემოხსენებულ საფოსტო ბარათს, ვინაიდან მასში არ არის მითითებული კონკრეტული საქმის ნომერი, ასევე, არ არის მითითებული საქმის განმხილველი მოსამართლის ვინაობა. აქედან გამომდინარე, ამ ბარათით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ საქმეზე გამოტანილი და კონკრეტულად რომელი განჩინების ჩაბარების დასტურს წარმოადგენს ეს დოკუმენტი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განუხილველად დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. ა.-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განჩინება და საქმე ჯ. ა.-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე