საქმე №ას-1294-1221-2012 8 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის (საჩივრის) ავტორი – გ.ვ-ე (საჩივრის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ., ლ. ვ-ბი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინებით გ.ვ-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ქ.ქუთაისში, ქ-ის ქ.№29-ში მდებარე ნ. ვ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას დაედო ყადაღა.
გ.ვ-ემ საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ნ. და ლ. ვ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა იმერეთის საარბიტრაჟო პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით გ.ვ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა იმერეთის საარბიტრაჟო პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ „უძრავი ქონება მდებარე ქუთაისი, ა.ქ-ის ქ. 29 (ყოფილი წ-ის მე-10 შესახვევი 29) საერთო ფართით 69,84 კვ.მ, მდებარე 381 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, წარმოადგენს ნ. ვ-ის საკუთრებას“.
აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულდა.
ლ. ვ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივლისის განჩინებით ლ. ვ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და 2012 წლის 29 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ.ვ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი (საჩივარი) და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის (საჩივრის) საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ვ-ის კერძო საჩივარი (საჩივარი) უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
დასახელებული ნორმის მიხედვით, სარჩელი შეიძლება განუხილველად დარჩეს იმის შემდეგაც, რაც მიიღება წარმოებაში. აღნიშნული დასაშვებია, თუ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი ცნობილი გახდება სარჩელის ან სხვა საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ვ-ის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივარი, რომელიც მიღებულ იქნა წარმოებაში კერძო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის კანონით დადგენილი წესების საფუძველზე, თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს საჩივარს. აღნიშნული საჩივრით მხარემ სადავოდ გახადა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველ ნაწილით, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან.
ამავე კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.
ამდენად, კანონით დადგენილია სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოტანილი განჩინებების, მათ შორის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრებისა და მისი განხილვის წესი, კერძოდ, დადგენილია ყველა ასეთ განჩინებაზე საჩივრის წარდგენა 5 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ შეტანილი საჩივარი კი უნდა დარჩეს განუხილველად. ამასთან, საჩივარი მხარემ უნდა შეიტანოს არა ზემდგომ, არამედ სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მიღებული განჩინების გამომტან სასამართლოში.
განსახილველ შემთხვევაში გ.ვ-ის წარმომადგენელ გ. ჭ-ეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაბარდა 2012 წლის 1 აგვისტოს, რაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო გზავნილის წარმომადგენლისათვის ჩაბარება მხარისათვისაც მისი ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 2 აგვისტოდან და ამოიწურა 7 აგვისტოს, საჩივარი კი სასამართლოში შეტანილ იქნა 2012 წლის 13 აგვისტოს, საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი 5-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ვ-ის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შესაბამისად, პროცესუალური ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, საჩივრის დასაშვებობის საკითხის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება გამართლებული არ არის.
რაც შეეხება გ. ვ-ის მიერ გასაჩივრებულ განჩინებზე კერძო საჩივრის შეტანას, ის ფაქტი, რომ გ.ვ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია დასტურდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსითაც, რომლის მიხედვით კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას კი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ.ვ-ის კერძო საჩივარი (საჩივარი) დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია