№ას-1295-1222-2012 20 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა.ჩ-ის, დ.ს-ა და ს.ც-უს წარმომადგენლ ი.ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ჩ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. ბათუმში, კ-ის ქ. №7-ში მდებარე მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული 77,45 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ,, მის მიერ დაკავებული ფართის მესაკუთრედ ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის განჩინებით, მოპასუხე ე.ჩ-ის გარდაცვალების გამო, მის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მეუღლე – ა. ჩ-ი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ.ა-ეს ე.ჩ-ის უფლებამონაცვლე ა.ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 13 750 ლარის გადახდა. მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ. ბათუმში, კ-ის ქ.№7-ში მდებარე ე.ჩ-ის საკუთრებაში რიცხული ფართიდან 77,45 კვ.მ ფართის მესაკუთრედ.
აღნიშნული გაადწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ჩ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატოს 2010 წლის 3 თებერვლის განჩინებით, ა.ჩ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეზე, მოპასუხე ე.ჩ-ის უფლებამონაცვლედ ა.ჩ-თან ერთად დაშვებულ იქნა ს.ც-უ და დ. ს-ა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ა.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ.ა-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა ქ. ბათუმში, კ-ის ქ. №7-ში მდებარე ა. ჩ-ის, დ.ს-ა და ს.ც-უს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, მის მფლობელობაში არსებული 77,47 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ ა.ჩ-ის, დ.ს-ა და ს.ც-ვის 13750 ლარის გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ზალაში.
2012 წლის 7 ივნისს ნ.ა-ის წარმომადგენელმა დასახელებული გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა იმ მოტივით, რომ ვერ დგინდებოდა, თუ როგორი თანაფარდობით უნდა განსაზღვრულიყო თითოეული მესაკუთრისაგან ჩამოსაკლები ფართები ც. ც-ის 77,46 კვ.მ ფართის დასარეგისტრირებლად. 2012 წლის 25 მაისიდან მითითებულ მისამართზე დარეგისტრირდა ტ. ვ-ას საკუთრება 25 კვ.მ ფართზე და, შესაბამისად, ა.ჩ-ის (28,32 კვ.მ), დ.ს-ა(46,64 კვ.მ) და ს.ც-ის (46,64კვ.მ) საკუთრებაში დარჩა 121,6 კვ.მ. ვინაიდან სააღსრულებო ფურცელში არ არის მითითებული 77,46 კვ.მ ფართი თანაბარწილად უნდა გამოაკლდეს სამივე მესაკუთრეს, თუ სხვაგვარი პრინციპით, ნ.ა-ემ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების განმარტება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2012 წლის 9 ივლისის განჩინებით ნ.ა-ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: ა.ჩ-ის, დ.ს-ა და ს.ც-ვის 13750 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ნ.ა-ე ცნობილ იქნა მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული, 2009 წლის მდგომარეობით ე.ჩ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ა.ჩ-ის, დ.ს-ა და ს.ც-ის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, კ-ის ქ.№7-ში მდებარე 146 კვ.მ ფართიდან 77,45 კვ.მ ნაწილზე, კერძოდ, „TER UNIVERSAL“-ის მიერ 2009 წლის 17 ნოემბერს შედგენილი აზომვითი ნახაზების შესაბამისად, ქ. ბათუმში, კ-ის ქ. №7-ში მდებარე, ლიტერ „ა“-ში 42,05 კვ.მ ფართის №4, 7, 8 ოთახების, ასევე ლიტერ „ა“-ს 49,8 კვ.მ ფართიდან, 17,60 კვ.მ ფართის №1 და 11,3 კვ.მ ფართის №9 ოთახების მესაკუთრედ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანი იყო, კერძოდ, არ ირკვეოდა, თუ სად მდებარეობდა ნ.ა-ვის მიკუთვნებული 77,45 კვ.მ, რაც ცხადყოფდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელშეწყობის მიზნით, იგი განმარტებას საჭიროებდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა.ჩ-ის, დ.ს-ა და ს.ც-უს წარმომადგენლმა ი.ა-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში განმარტებული საკითხები სცდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გადასაწყვეტ საკითხთა წრეს, რის გამოც იგი გაუქმებას ექვემდებარებოდა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ცალსახად და გარკვევით იყო ასახული საქმის სასამართლო განხილვის შედეგი და მთლიანად შეესატყვისებოდა მის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის დებულებებსა და დასკვნებს. გადაწყვეტილების აღუსრულებლობა კი, გამოწვეული იყო არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ხარვეზის, არამედ გადაწყვეტილების არსებითი კანონშეუსაბამობის გამო. იმის თაობაზე, თუ რომელი კონკრეტული ფართი შეადგენდა სასარჩელო მოთხოვნის საგანს – გამცხადებელ მხარეს იგი საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე უნდა ემტკიცებია, რის შესაბამისადაც, სასამართლო მიიღებდა კანონშესაბამის გადაწყვეტილებას. სააპელაციო სასამართლომ ნაცვლად განმარტებისა, დაადგინა ახალი ფაქტობრივი გარემოებები და თითქოსდა განმარტების საკანონმდებლო ნორმების მისადაგებით, არასწორად დაუმკვიდრა ციალა ცინცაძეს მოპასუხეთა უძრავი ქონება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ჩ-ის, დ.ს-ა და ს.ც-უს წარმომადგენლმა ი.ა-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მისი სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად განმარტავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ორაზროვან, ბუნდოვან დებულებებს ემყარება იმგვარად, რომ შეუძლებელია ამ გადაწყვეტილებით აღიარებული უფლების სწორად განმარტება და ილახება მოდავე მხარეთა ინტერესები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თავისი არსით, წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია.
ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია რა მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად წარემართება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი). სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. მასში აისახება სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებითი მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე, განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში და ამავდროულად გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი შედეგის სიცხადე. გადაწყვეტილების აღმასრულებელი პირი, იქნება ის მოვალე თუ შესაბამისი ორგანო, ვალდებულია, გადაწყვეტილების აღსრულებისას სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შედეგის მიმართ გონივრულად იხელმძღვანელოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილითაც. სწორედ აღნიშნული განაპირობებს მართლმსაჯულების აქტის სწორად და გონივრულად აღსრულების შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა ნ.ა-ის სარჩელის საგანს წარმოადგენდა ქ. ბათუმში, კ-ის ქ. №7-ში მდებარე მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული 77,45 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, მის მიერ დაკავებული ფართის მესაკუთრედ ცნობა, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა, კერძოდ, იგი ცნობილ იქნა ქ. ბათუმში, კ-ის ქ.№7-ში მდებარე, ა. ჩ-ის, დ.ს-ა და ს.ც-უს საკუთრებაში რესგიტრირებული უძრავი ქონებიდან, მის მფლობელობაში არსებული 77,45 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ, მოპასუხეებისათვის 13750 ლარის გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანი არ ყოფილა და თავისი არსით, წარმოადგენდა პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. ამასთან, შეესატყვისებოდა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახულ სასამართლო მსჯელობას, სადაც დადგენილად იყო მიჩნეული მხოლოდ ის გარემოება, რომ სარჩელის წარდგენის დროისათვის ქ. ბათუმში, კ-ის ქ. №7-ში მდებარე ნ.ა-ის სარგებლობაში, 1963 წლიდან არსებული უძრავი ქონება – 77,45 კვ.მ საცხოვრებელი ფართი ირიცხებოდა ე.ჩ-ის სახელზე საკუთრების უფლებით, ხოლო მისი გარდაცვალების შემდგომ აღირიცხა მისი მემკვიდრეების: ა. ჩ-ის, დ.ს-ა და ს. ც-უს საკუთრებაში. ის ფაქტობრივი გარემოება კი, რომ ნ.ა-ის მიერ დაკავებული 77,45 კვ.მ ფართი კონკრეტულად მდებარეობდა ქ. ბათუმში, კ-ის ქ. №7-ში მდებარე სახლთმფლობელობის ლიტერ „ა“-ში და მოიცავდა „TER UNIVERSAL“-ის მიერ 2009 წლის 17 ნოემბერს შედგენილი აზომვითი ნახაზების შესაბამისად, ქ. ბათუმში, კ-ის ქ. №7-ში მდებარე, ლიტერ „ა“-ში 42,05 კვ.მ ფართის №4, 7, 8 ოთახებს, ასევე ლიტერ „ა“-ს 49,8 კვ.მ ფართიდან, 17,60 კვ.მ ფართის №1 და 11,3 კვ.მ ფართის №9 ოთახებ,ს რაც გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განჩინებაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ იქნა მითითებული, არც სარჩელში, არც გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებში მოთხოვნილი და დადგენილი არ ყოფილა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზე, რომ გასაჩივრებულ განჩინებით სააპელაციო სასამართლომ ნაცვლად განმარტებისა, დაადგინა ახალი ფაქტობრივი გარემოებები, მის მიერ განმარტებული საკითხები სცდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გადასაწყვეტ საკითხთა წრეს და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ცალსახად და გარკვევით იყო ასახული საქმის სასამართლო განხილვის შედეგი და მთლიანად შეესატყვისებოდა მის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის დებულებებსა და დასკვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა.ჩ-ის, დ.ს-ა და ს.ც-უს წარმომადგენლ ი.ა-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინების გაუქმებით, ნ.ა-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ჩ-ის, დ.ს-ა და ს.ც-უს წარმომადგენლ ი.ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინება;
ნ.ა-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს; საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე