Facebook Twitter

№ას-1311-1237-2012 15 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს ''ს.-ი''

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ.ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ტ.მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.-ის“ წინააღმდეგ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით შპს ''ტ.ის’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს ''ს.-ს'', შპს ''ტ.ის'' სასარგებლოდ, დაეკისრა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების 19 135,2 ლარის გადახდა. სს ''ს.-ს'' შპს ''ტ.ის'' სასარგებლოდ დაეკისრა ასევე, ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 11 875 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინებით სს„ს.-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2012 წლის 25 მაისს, რომლის გამოცხადებასაც ესწრებოდა აპელანტ სს „ს.-ის“ წარმომადგენელი – თ. ბ.-ე, რომელსაც გააჩნდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება.

პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 24 ივნისიდან (გადაწყვეტილების ჩაბარების ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 26 მაისს, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მეორე დღეს, გადაწყვეტილების ჩაბარების ვადის 30-ე დღე იყო 2012 წლის 24 ივნისი, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 25 ივნისს და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2012 წლის 9 ივლისს), შესაბამისად, აპელანტს გასაჩივრების უფლება ჰქონდათ 2012 წლის 9 ივლისის ჩათვლით.

იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, კერძოდ, მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 12 ივლისს, ანუ გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „ს.-ის“ წარმომადგენელმა თ. ბ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი 20-30 დღის ვადაში უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, რომელიც პასუხობდა, რომ აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილება არ იყო მზად და ვერ უზრუნველყოფდნენ მის ჩაბარებას, თუმცა ამავდროულად განმარტავს, რომ მან დაუშვა შეცდომა, რამეთუ გასაჩივრების ვადის ათვლა სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად ვერ გამოთვალა, ხოლო რაჟამს ჩაიბარა გადაწყვეტილება ( 2012 წლის 3 ივლისს), 9 დღეში მან წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ სს „ს.-ის“ წარმომადგენელ თ. ბ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო ზემოდასახელებული მუხლების ურთიერთჯერების საფუძველზე მიუთითებს შემდეგს: იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: გადაწყვეტილების გასაჩივრებას უნდა ესწრებოდეს გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამასთან, 2591 მუხლი იმპერატიული ნორმაა. იგი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და ნორმის სხვაგვარი განმარტების საშუალებას არ იძლევა.

განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 მაისის სხდომის ოქმის საფუძველზე დგინდება, რომ სასამართლო პროცესს ესწრებოდა მოპასუხე (აპელანტ) სს „ს.-ის“ წარმომადგენელი თ. ბ.-ე, რომელსაც გააჩნდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება. აღნიშნული გარემოება აპელანტს სადავოდ არ გაუხდია.

საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გამოცხადდა 2012 წლის 25 მაისს, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259.11 მუხლის თანახმად, აპელანტის წარმომადგენელი ვალდებული იყო, არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. ვინაიდან, არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი სასამართლოში არ გამოცხადდა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღიდან, ანუ 2012 წლის 24 ივნისის მომდევნო დღიდან, 2012 წლის 25 ივნისიდან, დაიწყო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2012 წლის 9 ივლისს (8 ივლისს კვირას - არასამუშაო დღეს). დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია 2012 წლის 12 ივლისს, რის გამოც იგი დაუშვებელია კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო.

კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ იგი 20-30 დღის ვადაში უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, მაგრამ ამ დროისათვის პასუხობდნენ, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია და, ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ თ. ბ.-ე, კერძო საჩივარშივე მიუთითებს, რომ მან დაუშვა შეცდომა, რამეთუ გასაჩივრების ვადის ათვლა სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად ვერ გამოთვალა, რაც ცხადყოფს, რომ მან დაარღვია კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა, რომლის აღდგენაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ გაასაჩივრა გადაწყვეტილება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სს „ს.-ის“ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „ს.-ის“ წარმომადგენელ თ. ბ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. სულხანიშვილი