Facebook Twitter

№ას-1322-1248-2012 20 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ.რ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ს-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ.ს-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.რ-ის, ზ. ზ-სა და სხვების წინააღმდეგ წინააღმდეგ და მოითხოვა ზ.რ-ვის, ზ. ზ-ვის, გ. ა-ვის, შპს ”ბ. ს-ო 2000”-სა და ი. ა-ვის (მ. ა-ის უფლებამონაცვლე) ზ.ს-ას სასარგებლოდ 50000 აშშ დოლარის დაკისრება (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ს.ფ. 94-103), ასევე ზ.რ-ვის, ზ. ზ-ვის, გ. ა-ვის, შპს ”ბ. ს-ო 2000”-სა და ი. ა-ვის (მ. ა-ის უფლებამონაცვლე) ზ.ს-ას სასარგებლოდ ზიანის სახით 2009 წლის 05 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 50000 აშშ დოლარის თვეში 3%-ის დაკისრება (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ს.ფ.94-103).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ.ს-ას სარჩელი მოპასუხეების ზ.რ-ის, ზ. ზ-ის, გ. ა-ის, შპს ”ბ. ს-ო 2000-ის”, ი. ა-ის (მ. ა-ის უფლებამონაცვლე) (ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ”ო. ვ-ი”) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. ზ.რ-ს, ზ. ზ-ს, გ. ა-ეს, შპს ”ბ. ს-ო 2000”-ს და ი. ა-ეს (მ. ა-ის უფლებამონაცვლე) ზ.ს-ას სასარგებლოდ დაეკისრათ 50 000 აშშ დოლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით ზ.ს-ას უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სარცელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ.რ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით ზ.რ-ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინებით სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ზ.რ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ.რ-ის წარმომადგენელმა ქ. უ-მა მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, რომ მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო განცხადებით ითხოვდნენ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელებას, სააპელაციო პალატამ კი, აღნიშნულ განცხადებაზე საერთოდ არ იმსჯელა და სააპელაციო საჩივრარი განუხილველად დატოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ზ.რ-ის წარმომადგენელ ქ. უ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით ზ.რ-ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი აპელანტს ჩაჰბარდა 2012 წლის 10 ივლისს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ლ. კ-ის ხელმოწერით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 19). აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 11 ივლისს და ამოიწურა 2012 წლის 20 ივლისს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო განცხადებით ითხოვდნენ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელებას, სააპელაციო პალატამ კი, აღნიშნულ განცხადებაზე საერთოდ არ იმსჯელა და სააპელაციო საჩივრარი განუხილველად დატოვა.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე განცხადება, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელებას მოითხოვდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზ.რ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ.რ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე