Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1331-1257-2012 22 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ.ბ-ა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ს-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა სადგომის ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ (სარჩელში) მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.ბ-ას მიმართ და მოითხოვა მოპასუხე ვ.ბ-ის მიერ ნ.ს-ის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ს-ის ქ.№8ა-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა, საბაზრო ღირებულების 75%-ის – 24 150 ლარს გადახდის სანაცვლოდ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ნ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ.ს-ს ვ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 24150 ლარის გადახდა და ამ ვალდებულების შესრულების შემდგომ, ვ.ბ-ს შეუწყდა მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის – თბილისში, ს-ის ქ. №8ა-ში მდებარე 25,74 კვ.მ ფართის მფლობელობა, ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ.ბ-ის შეგებებული სარჩელი დაკავებული საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის შესახებ, რაც ვ.ბ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით აპელანტ ვ.ბ-ას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 966 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა აპელანტს გაუგრძელდა სააპელაციო პალატის 2012 წლის 6 ივლისის განჩინებით, ხოლო 2012 წლის 23 ივლისის განჩინებით, უკვე გადახდილი 100 ლარის გათვალისწინებით, აპელანტს დაევალა დამატებით 866 ლარის გადახდა.

სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი არის ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა და არა მისთვის მიკუთვნებული საკომპენსაციო თანხის ოდენობა, რისთვისაც ბინის ღირებულებას მნიშვნელობა არა აქვს. აპელანტს განემარტა, რომ მოცემული დავა გამომდინარეობს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ სპეციალური კანონიდან, რომელიც ითვალისწინებს მოსარგებლის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტას არა უპირობოდ, არამედ, მესაკუთრის მხრიდან გარკვეული კომპენსაციის გადახდის პირობით. ამდენად, მფლობელობის შეწყვეტა საკომპენსაციო თანხისაგან განუყოფელია. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრაც იმ თანხის შესაბამისად უნდა მოხდეს, რომლის ანაზღაურების სანაცვლოდაც დადგინდა მოსარგებლის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა.

ამდენად, სასამართლოს მითითებით, აპელანტ ვ.ბ-ს არაერთხელ განემარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი ვალდებული იყო სახელმწიფო ბაჟის სახით გადაეხადა 24150 ლარის 4%, რაც 966 ლარს შეადგენს, ასევე განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

აღნიშნულის მიუხედავად, ვ. ბ-მა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟი დადგენილი ოდენობით არ გადაიხადა და 2012 წლის 3 აგვისტოს კვლავ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დასაბუთებული არ არის, თუ ამავე კოდექსის 41-ე მუხლის რომელ პუნქტზე დაყრდნობით განსაზღვრა სასამართლომ დავის საგნის ღირებულება. იგი თანახმაა, გადაიხადოს უკანონოდ მოთხოვნილი თანხა სრული მოცულობით მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლო დაასაბუთებს გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გამოიანგარიშებას. ამასთან, მოითხოვა საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის კვლავ გაგრძელება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368–ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა ორჯერ გაუგრძელდა. მიუხედავად ამისა, მან არ შეასრულა სასამართლოს დავალება სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის თაობაზე, ვინაიდან იგი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დავის საგნის ღირებულების განსაზღვრასა და მის შესაბამისად გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ განცხადებაში მითითებული იგივე საფუძვლებით (რაც ხარვეზის შევსების ვადის ორჯერ გაგრძელების საფუძველი გახდა) საპროცესო ვადის კიდევ ერთხელ გარძელების შესახებ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ.ბ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მისაღებად შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 11 მუხლში განხორციელებული ცვლილება და აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უკანონოდ არ გაათავისუფლა იმ მოტივით, რომ იგი მოსარჩელეს წარმოადგენდა შეგებებულ სარჩელთან მიმართებით, ხოლო ძირითად სარჩელში იყო მოპასუხე. შესაბამისად, პალატამ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მხარეს დააკისრა, როგორც მოპასუხის სტატუსის მქონეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.ბ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით.

მითითებული კანონის დანაწესის განმარტებისას უპირველესად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის სამართლებრივი სპეციფიკა, რაც „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ახასიათებს. საცხოვრებელ სადგომზე მხარეთა დავის დროს კანონმდებელი, გარკვეული კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, სადგომის მოსარგებლეს უძრავ ნივთს მიაკუთვნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს არ გამოუხატავს ნება, ასევე კომპენსაციის ანაზღაურების შემდეგ, შეუწყვიტოს მფლობელობა მოსარგებლეს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო საქმეში წარმოდგენილია როგორც მესაკუთრის, ისე მოსარგებლის სასარჩელო და შეგებებული სასარჩელო მოთხოვნები, რომლებიც ორგანულადაა დაკავშირებული ერთმანეთთან, გააჩნიათ საერთო დავის საგანი და მიმართულია ერთიდაიმავე ობიექტისაკენ.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტი ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებას ძირითადი მოსარჩელე ნ.ს-ის – საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრის სარჩელის დაკმაყოფილებისა და აპელანტის, როგორც მოსარგებლის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. შესაბამისად, ფორმალური თვალსაზრისით, ვ.ბ-ა ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში წარმოადგენს მოპასუხეს, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხის ამგვარად განხილვა გამოიწვევს სწორედ ზემოაღნიშნული სპეციფიკის უგულებელყოფას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოხსენებული ნორმა ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებულ შეღავათს – სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სამოქალაქო დავებზე და ერთმნიშვნელოვნად ადგენს იმ პირთა წრეს, რომლებზეც აღნიშნული შეღავათი უნდა გავრცელდეს. ასეთია ყველა მოსარჩელე, რომელმაც მოთხოვნა წარადგინა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე და მნიშვნელობა არა აქვს, მომავალაში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში დავის წარმოებისას იქნება თუ არა აღნიშნული მოსარჩელე აპელანტი, კასატორი თუ კერძო საჩივრის ავტორი. აღნიშნული დავის ფარგლებში იგი ყოველთვის უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვ.ბ-ა განსახილველ დავაში სარგებლობს შეგებებული სარჩელის ავტორის სტატუსით, ამდენად, იგი უდავოდ წარმოადგენს მოსარჩელეს დავაში „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე და ექცევა ზემოთ მითითებული ნორმის მოქმედების ფარგლებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მოცემული საქმე უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას ვ.ბ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ.ბ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია