საქმე ას-1339-1264-2012 5 ნოემბერი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ. ი.-ო.-ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ.-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ი.-ო.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ფ.-ის“ მიმართ ავტოსატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში გადაცემისა და ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2011 წლის 9 მარტს მოპასუხე შპს ,,ფ.-სა” და მოსარჩელე თ. ი.-ო.-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №38/11, სამი თვის ვადით, სესხი იყო სარგებლიანი და სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „პეჟო 307“, სახელმწიფო ნომრით .... აღირიცხა შპს ,,ფ.-ის” სახელზე. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას, დაფარულია სესხის ძირითადი თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელთან ერთად, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ, მხარეთა შორის ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ი.-ო.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინებით თ. ი.-ო.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივლისის განჩინებით თ. ი.-ო.-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს განესაზღვრა საპროცესო ვადა 5 დღე და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 71.87 ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების დასტურით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინება 2012 წლის 5 სექტემბერს თ. ი.-ო.-ის მამას - თ. ი.ს ჩაჰბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისთვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო, თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. პალატამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის მოქმედება ვრცელდება განჩინების ჩაბარების შემთხვევებზეც. სასამართლომ ხარვეზის შესახებ განჩინება თ. ი.ი-ო.-ისათვის ჩაბარებულად მიიჩნია (როცა განჩინება ჩაბარდა მის მამას - თ. ი.ს). ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 6 სექტემბრიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით საპროცესო ვადა ამოიწურა 2012 წლის 10 სექტემბერს. პალატამ დაადგინა, რომ თ.ი.-კ.-მა დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი _ არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ი.-ო.-მა შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელემ შეიცვალა პირადობის მოწმობა და, შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის მისამართი. მას მამასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო საქართველოს ფოსტას არ ჰქონდა გადაცემული რაიმე ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრიდან აღნიშნული ცვლილების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ი.-ო.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში, 2012 წლის 25 ივლისის განჩინებით თ. ი.-ო.-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა საპროცესო ვადა 5 დღე. აღნიშნული განჩინება 2012 წლის 5 სექტემბერს თ. ი.-ო.-ის მამას - თ. ი.ს ჩაჰბარდა. დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 6 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 10 სექტემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
საქმეში არსებულ თ.ი.-ო.-ის მიერ წარდგენილ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მის მისამართად მითითებულია, ქ.თბილისი, ლიკანის ქ.19. კერძო საჩივრის ავტორის მამას ხარვეზის შესახებ განჩინება, სწორედ, მითითებულ მისამართზე ჩაჰბარდა. შესაბამისად, სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მან შეიცვალა პირადობის მოწმობა და, შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის მისამართი და მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, საქართველოს ფოსტას არ ჰქონდა გადაცემული სამოქალაქო რეესტრიდან მისამართის შეცვლის შესახებ რაიმე ინფორმაცია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამავე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად კი, უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, უწყების ჩაბარება ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის უთანაბრდება თავად ადრესატისათვის ჩაბარებას და ერთნაირი სამართლებრივი შედეგები მოჰყვება.
სამოქალაქო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. კანონმდებელი დაინტერესებულ მხარეს ვალდებულებას აკისრებს, აცნობოს თავისი მისამართი სასამართლოს, აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა კი, ფაქტობრივად, ართმევს მხარეს მისთვის მინიჭებულ საპროცესო უფლებას - მიიღოს სასამართლო უწყება ან გზავნილი. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულად მიუთითებს, მხარის და არა სამოქალაქო რეესტრის ან ფოსტის ვალდებულებაზე სასამართლოს მიაწოდოს ცნობები საცხოვრებელი ადგილისა და, შესაბამისად, მისი მისამართის შეცვლის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მხარე არ აცნობებს სასამართლოს თავისი მისამართის შეცვლის შესახებ, ამას პროცესუალურად შეიძლება მოჰყვეს არახელსაყრელი შედეგი. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში სასამართლო უწყებას აგზავნის მისთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და იგი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუნდაც ადრესატი მის მიერ მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
მხარემ - თ.ი.-ო.-მა არ შეასრულა მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება და არ შეატყობინა სასამართლოს საცხოვრებელი მისამართის შეცვლის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გზავნილი ადრესატისთვის ჩაბარებულად სასამართლომ მართებულად მიიჩნია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საჩივარი და საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ვინაიდან, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თ. ი.-ო.-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ი.-ო.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ.ალავიძე