№ას-1342-1267-2012 5 ნოემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა.-ის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ.-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა.-ის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ბ.-ის სარჩელი მოპასუხე ა.-ის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის მიმართ, რომლითაც მან მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარება, არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნ. ბ.-ემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის საოქმო განჩინებით ნ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.
დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა.-ის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის წარმომადგენელმა რ. დ.-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შემდეგი საფუძვლებით:
მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, კერძოდ, ა.-ის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის წარმომადგენელი სხდომაზე დასასწრებად ავტომანქანით გამოემგზავრა ქ.ა.-იდან, დილის 10.00 საათზე, თუმცა გზაში ავტომანქანა დაზიანდა. ამის გამო, წარმომადგენელი პროცესზე გამოცხადდა 30 წუთის დაგვიანებით (13.30 საათზე), რა დროსაც სხდომა უკვე დასრულებული იყო. ამასთან, მან აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს ტელეფონით ვერ აცნობა, რადგან ავტომანქანის დაზიანების ტერიტორიაზე ტელეფონს ტექნიკური პრობლემა აღმოაჩნდა. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, ის ფაქტი, რომ იგი სააპელაციო სასამართლოში ნამდვილად გამოცხადდა 4 სექტემბერს, 13.30 საათზე, დასტურდება სასამართლოს მისაღებში მისი რეგისტრაციის შესახებ გაცემული ცნობით, რომელსაც საკასაციო სასამართლოში მოგვიანებით წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.-ის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
გასაჩივრებული განჩინებით ა.-ის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე მხარეთა, მათ შორის, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის – ა.-ის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის (განსახილველი კერძო საჩივრის ავტორი) გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა ის გარემოება, რომ ა.-ის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 სექტემბრის მთავარ სხდომაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, კერძოდ, სხდომაზე დასასწრებად იგი ავტომანქანით გამოემგზავრა ქ.ა.-იდან დილის 10.00 საათზე, თუმცა გზაში ავტომანქანა დაზიანდა, რის გამოც პროცესზე გამოცხადდა 30 წუთის დაგვიანებით (13.30 საათზე). აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს ტელეფონით ვერ აცნობა, რადგან ავტომანქანის დაზიანების ტერიტორიაზე ტელეფონს ტექნიკური პრობლემა აღმოაჩნდა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კერძოდ, მას სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია ზემოხსენებულ გარემოებათა დასადასტურებლად. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის იურიდიული ინტერესი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მიმართ, ვინაიდან ამ განჩინებით განუხილველად დარჩა ნ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი, რომელიც შეტანილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ეს გადაწყვეტილება კი, გამოტანილია ა.-ის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის სასარგებლოდ, კერძოდ, ხსენებული გადაწყვეტილებით ნ. ბ.-ის სარჩელი ა.-ის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.-ის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის საოქმო განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე