Nას-1344-1269-2012 1 ნოემბერი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. გ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „რ.-ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,რ.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: ნ. გ.-ს, ნ. გ.-სა და გ. გ.-ს დაეკისრათ მოსარჩელე შპს ,,რ.-ის“ სასარგებლოდ 100 000 ლარის სოლიდარული წესით გადახდა, შპს ,,რ.-ის“ სარჩელი გ. გ.-ის, ნ. გ.-ისა და ნ. გ.-ისათვის ორი მილიონი კვტ. სთ ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს სახით 100 000 ლარისა და ზიანის ანაზღაურების სახით 50 000 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით გ. გ.-ის, ნ. გ.-ის და ინდ. მეწარმე გ. გ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით გ. გ.-ს, ნ. გ.-ს, ნ. გ.-სა და ინდ. მეწარმე გ. გ.-ს ხარვეზის შევსებით მიზნით დაევალათ წარედგინათ ლ. კ.-ის, მ. ნ.-ისა და გ. გ.-ის სახელზე გაცემული მინდობილობები, ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
განჩინების საპასუხოდ, გ. გ.-მა სასამართლოს მიმართა და საპროცესო ვადის გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით გ. გ.-ს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 5 დღით გაუგრძელდა.
2011 წლის 21 თებერვალს ლ. კ.-ემ და მ. ნ.-ემ სასამართლოს აცნობეს, რომ მათსა და ნ. გ.-ის შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეწყვეტილი ჰქონდათ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 21 თებერვლის განჩინებით ნ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება ნ. გ.-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, მისთვის გვიან გახდა ცნობილი სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე. მისი მტკიცებით, არასწორია სასამართლოს მითითება, რომ მინდობილობები საქმეში არ არსებობდა, რადგანაც ლ. კ.-ესა და მ. ნ.-ეზე გაცემული მინდობილობები ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას იყო წარდგენილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით გ. გ.-ს, ნ. გ.-ს, ნ. გ.-სა და ინდ. მეწარმე გ. გ.-ს ხარვეზის შევსებით მიზნით დაევალათ წარედგინათ ლ. კ.-ის, მან. ნ.-ისა და გ. გ.-ის სახელზე გაცემული მინდობილობები, ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ანუ გაურკვეველი იყო ლ. კ.-ის, მ. ნ.-ისა და გ. გ.-ის უფლებამოსილების საკითხი, ვინაიდან, აღნიშნულ პირებზე ნ. გ.-ის მიერ გაცემული მინდობილობები საქმეში არ მოიპოვებოდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების მხარისათვის ჩაბარება ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, განჩინების გაგზავნა შესაძლებელია როგორც მხარისათვის, ისე მისი წარმომადგენლისათვის, მაგრამ, იმისათვის, რომ სასამართლოს ნებისმიერი დოკუმენტი წარმომადგენელს გაეგზავნოს, მისი უფლებამოსილების საკითხი დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზის საფუძველი ის გარემოებაა, რომ საქმეში არ მოიპოვება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხარვეზის განჩინების არაუფლებამოსილი პირისათვის გაგზავნა მხარისათვის გაგზავნად ვერ ჩაითვლება.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარს ხელს აწერდნენ ლ. კ.-ე, მ. ნ.-ე და გ. გ.-ი. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმებში ლ. კ.-ე და მ. ნ.-ე ნ. გ.-ის წარმომადგენლებადაა მითითებული, შესაბამისი მინდობილობები საქმეში წარმოდგენილი არ არის, ანუ სასამართლოს არ ჰქონდა ვარაუდის საფუძველი, რომ ნ. გ.-მა აღნიშნული პირებისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ ნება გამოავლინა, რაც მართებულად დაედო საფუძვლად ნ. გ.-ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენას, ამასთან, როგორც საქმის მასალები ადასტურებს, ხარვეზის განჩინება გაეგზავნა მხოლოდ გ. გ.-ს (რომელიც ნ. გ.-ის წარმომადგენელი იყო) და მან. კ.-ეს, ანუ, საპროცესო მოქმედების განხორციელება ნ. გ.-ს დაევალა, ხოლო განჩინება არაუფლებამოსილ პირს გაეგზავნა.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით ყველა აპელანტს სოლიდარულად დაავალა სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდა, აღნიშნულის მიუხედავად, 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დადგენილი ვადა 5 დღით მხოლოდ გ. გ.-ს გაუგრძელა, ამასთან, საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნული განჩინება რომელიმე აპელანტს გაეგზავნა ან ხელზე ჩაბარდა.
2011 წლის 21 თებერვალს ლ. კ.-ემ და მ. ნ.-ემ სასამართლოს აცნობეს, რომ ნ. გ.-ის წარმომადგენლები აღარ იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში იმთავითვე არ მოიპოვებოდა, ხოლო 2011 წლის 21 თებერვალს ლ. კ.-ემ და მ. ნ.-ემ ამგვარი უფლებამოსილების არარსებობა თავად დაადასტურეს, სააპელაციო სასამართლომ ნ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი ისე დატოვა განუხილველად, რომ ხარვეზის განჩინება მისთვის არ გაუგზავნია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის დარღვევაა.
საკასაციო სასამართლო აქვე იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ საქმეში არც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მხარისათვის გაგზავნის ან ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები მოიპოვება, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნ. გ.-ის მიერ 2011 წლის 23 მარტს შეტანილი კერძო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოს მხოლდ 2012 წლის 3 ოქტომბერს გადმოუგზავნა განსახილველად, მაშინ, როდესაც 2011 წლის 13 სექტემბერს საკასაციო სასამართლოში გამოიგზავნა გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი და საჩივარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინება აპელანტ ნ. გ.-ს არ ჩაბარებია, ამდენად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაუშვებელი იყო, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე პალატას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე