საქმე ას-1345-1270-2012 12 ნოემბერი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ს.-ე
მოწინააღმდეგე მხარე - რ. ა.-ე (შპს „მ.-ის“ დირექტორი), დ. ს.-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – წილის დათმობის ხელშეკრულობის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ს.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ს.-ისა და შპს „მ.-ის“ დირექტორ - რ. ა.-ის მიმართ წილის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2004 წლის 5 ოქტომბერს, გაფორმებული სანოტარო აქტის საფუძველზე, მოსარჩელემ მის მეუღლეს, მოპასუხე დ. ს.-ეს თანხმობა მისცა, გაეყიდა შპს „ს.-დან“ მისი კუთვნილი 50% წილი. 2011 წლის ივლისში მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე დ. ს.-ემ, ნაცვლად ნასყიდობისა, შპს „მ.-თან“ გააფორმა ჩუქების, ანუ წილის დათმობის ხელშეკრულება. მისთვის უცნობი იყო, რომ შპს „მ.-მა“ შპს „ს.-ს“ სამეწარმეო წილის 50% მიიღო უსასყიდლოდ, ნ.ს.-ის მეუღლე კი დუმდა, ვინაიდან, რ. ა.-ეს ამ დროისათვის მაღალი თანამდებობა ეკავა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ რ. ა.-ე თაღლითურად დაეუფლა შპს „ს.-ს“ სამეწარმეო წილის 50%-ს, აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა 2001 წლის 25 ივლისს, მას შემდეგ, რაც რ. ა.-ე დაესაკუთრა შპს „ს.-ს“ დარჩენილ 50%-საც.
ამავე დროს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა დ. ს.-ემ შპს „მ.-ის“ დირექტორ - რ. ა.-ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: დ.ს.-ემ 2001 წელს ქალაქ ქუთაისში, გამსახურდიას №45-ში დააფუძნა შპს „ს.-ა“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავად იყო. 2004 წლის ოქტომბერში, რ. ა.-ეს შპს „ს.-ს“ საწესდებო კაპიტალში თავისი კუთვნილი 50%-იანი წილი აჩუქა. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის ივლისიდან მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა, მოპასუხე იჩენდა უმადურობას, მოქმედებდა თვალთმაქცურად. 2009 წლის ივნისში კი, დ.ს.-ემ მოტყუების შედეგად, ბანკიდან კრედიტის აღების საფუძვლით, ხელი მოაწერა მოპასუხის მიერ შექმნილ შეთანხმების ოქმს, რითაც საბოლოოდ იქცა მოპასუხის მოვალედ. მოპასუხე რ. ა.-ის თვითმიზანს წარმოადგენდა შპს „ს.-ს“ 100%-იანი წილის დასაკუთრება, რაც მიღწეულ იქნა კიდევაც მისი მხრიდან თვალთმაქცური ქმედებების შედეგად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით დ. ს.-ისა და ნ. ს.-ის სარჩელები გაერთიანდა.
რ. ა.-ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელე ნ. ს.-ეს შპს „ს.-ს“ საწესდებო კაპიტალში რაიმე წილი არ ეკუთვნოდა. მისი განმარტებით, მოსარჩელემ მხოლოდ წერილობითი განცხადება შეიტანა სანოტარო ბიუროში, სადაც თანხმობას აცხადებდა დ. ს.-ის მიერ შპს „ს.-ს“ საწესდებო კაპიტალში დ. ს.-ის კუთვნილი წილის გასხვისებაზე. მოპასუხის განმარტებით, 1997-2000 წლებში დ. ს.-ეს მის მიმართ დაახლოებით ნახევარი მილიონი აშშ დოლარის ვალი დაუგროვდა. ეს თანხა მან მოსარჩელის ოჯახთან ახლო ურთიერთობის გამო მოსარჩელის ბიზნესსაქმიანობაში დააბანდა. 2004 წლის ოქტომბრის დასაწყისში კრედიტორების ზეწოლის შედეგად მოითხოვა დ.ს.-ისგან ვალის დაბრუნება, რის სანაცვლოდ, მას შესთავაზა, რომ ჩართულიყო შპს „ს.-ს“ საქმიანობაში და ნასესხები თანხის ნაცვლად, მისთვის გადაეფორმებინა 50%-იანი წილი, დამატებით აეღოთ კრედიტი და ასევე გადაეხადათ ბიუჯეტის სხვა დავალიანება. აღნიშნულ შემოთავაზებაზე მოპასუხემ თანხმობა განაცხადა. მოსარჩელესთან 2004 წლის 13 ოქტომბერს დადებული წილის ნაწილის დათმობის ხელშეკრულება გაფორმებულია ურთიერთხელსაყრელი გარიგების საფუძველზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. და დ. ს.-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 აგვისტოს განჩინებით წარდგენილი სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრის საგნის (შპს „ს.-ში” სადავო 50% წილის) ღირებულება 287 237 ლარად შეფასდა და აპელანტ ნ. ს.-ეს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით არსებული ხარვეზის შევსების მიზნით, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის, 5000 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენისათვის განჩინების ასლის ჩაბარებიდან განესაზღვრა 10 დღიანი ვადა. 2012 წლის 19 ივლისს ნ.ს.-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ განიცდის მატერიალურ სიდუხჭირეს და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 აგვისტოს განჩინებით აპელანტის ნ. ს.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მძიმე ეკონომიკური და ავადმყოფობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები წარმოადგენილი არ ყოფილა, რაც დაუსაბუთებელს ხდიდა შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე, შესაბამისად, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და იგი განისაზღვრა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 აგვისტოს განჩინება ხარვეზის შევსებისათვის ვადის გაგრძელების თაობაზე ნ. ს.-ეს ჩაჰბარდა 2012 წლის 14 აგვისტოს. 2012 წლის 20 აგვისტოს აპელანტმა ნ. ს.-ემ კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა, თუმცა განცხადებაში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ვინაიდან, აპელანტ ნ. ს.-ეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე სასამართლო ხარჯების-სახელმწიფო ბაჟის, 5000 ლარის, გადახდის შეუძლებლობას, პალატამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (გზავნილით) ეცნობება, სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (გზავნილი) მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. ვინაიდან, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 აგვისტოს განჩინება ნ. ს.-ეს 2012 წლის 14 აგვისტოს ჩაჰბარდა, პალატამ მიიჩნია, რომ ამ დროიდან აპელანტისათვის განჩინება ჩაბარებულად მიიჩნევა, რომლის შესაბამისადაც მას ხარვეზის შევსებისათვის, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის, 5000 ლარის, შეს.-მის ანგარიშზე გადახდისათვის ვადა ჰქონდა 2012 წლის 21 აგვისტომდე, რაც არ განხორციელებულა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ს.-ემ შემდეგი დასაბუთებით: ნ.ს.-ე ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ქონებრივი მდგომარეობა. იგი უმუშევარია და ავად არის. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 48-ე მუხლები და ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრის საგნის (შპს „ს.-ში“ სადავო 50% წილი) ღირებულება შეფასებულ იქნა 287 237 ლარად და ნ. ს.-ეს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით არსებული ხარვეზის შესავსებად - სახელმწიფო ბაჟის, 5000 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარსადგენად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე განესაზღვრა. ნ.ს.-ემ არაერთხელ მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს და, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებებით არ დაკმაყოფილდა.
ამასთან, 2012 წლის 20 აგვისტოს აპელანტმა ნ. ს.-ემ კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა, თუმცა განცხადებაში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება არ წარადგინა, რის გამოც, აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ნ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.
ნ.ს.-ე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ქონებრივი მდგომარეობა. იგი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, რაც არ გაიზიარეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორმა დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო, ამასთან, მან ვერ დაადასტურა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ სასამართლო ხარჯების გადახდის განთავისუფლებისათვის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას კი, მხოლოდ მხარის განმარტება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, საკმარისს არ წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესოსამართლებრივი, გამოყენებულ უნდა იქნეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით არ უნდა დაირღვეს მეორე მხარის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელებას, თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ვადა გაგრძელებულ უნდა იქნეს დაუსრულებლად. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და შემდეგ გონივრული ვადით ორჯერ გაუგრძელდა. კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის უსაფუძვლო გაგრძელებით მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები ილახება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საჩივარი და საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ს.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ.ალავიძე