საქმე №ას-1346-1270-2012 22 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ბ-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – ც.დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ლ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ლ-ის მიმართ უძრავი ნივთით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინებით არასათანადო მოსარჩელე ლ. მ-ე შეიცვალა სათანადო მხარით – მ.ბ-ით, ხოლო ლ. მ-ე ჩაება საქმეში მოსარჩელის წარმომადგენლის სტატუსით. ამავე კოლეგიის 2012 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. მ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მხოლოდ იმ მხარეებს, რომელებიც მიიჩნევენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით არასწორად გადაწყდა მათი უფლებების ბედი, მხარეები სადავოდ ხდიან გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას იმის გამო, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მათთვის არასასურველი შედეგი დადგა.
პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი ცალსახად და ამომწურავად მიუთითებს იმ პირთა წრეზე, ვისაც გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება გააჩნია. ესენია – მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილით მესამე პირს დამოუკიდებელი მოთხოვნით წარმოადგენს დაინტერესებული პირი, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების მხარეებს წარმოადგენენ მოსარჩელე – მ.ბ-ე და მოპასუხე – მ.ლ-ი. საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ არასათანადო მოსარჩელე ლ. მ-ე შეიცვალა სათანადო მოსარჩელით – მ.ბ-ით.
სასამართლომ დავა განიხილა და გადაწყვეტილება გამოიტანა მ.ბ-ისა და მ.ლ-ის მიმართ. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტი ლ. მ-ე არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირს. იგი არ წარმოადგენს არც მხარეს და არც მესამე პირს დამოუკიდებელი მოთხოვნით, რის გამოც არაუფლებამოსილი პირის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ.ბ-ის წარმომადგენელმა ც.დ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
საქმის მასალებში წარმოდგენილია მ.ბ-ის მინდობილობა ლ. მ-ის სახელზე გადანდობის უფლებით. აღნიშნულის საფუძველზე ლ.მ-ემ ც.დ-ს გადაანდო მ.ბ-ის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება.
ც.დ-მა, როგორც მ.ბ-ის წარმომადგენელმა გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა შეცდომით აპელანტის გრაფაში მიუთითა ლ. მ-ე. სააპელაციო საჩივარი კი, ხელმოწერილია ც.დ-ის მიერ.
ამდენად, სასამართლომ მოცემული საკითხი შეაფასა ფორმალური თვალსაზრისით, ვინაიდან მას მეტი საფუძველი გააჩნდა, ევარაუდა, რომ დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა, ვიდრე ის, რომ გადაწყვეტილება გაასაჩივრა არაუფლებამოსილმა პირმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ბ-ის წარმომადგენელ ც.დ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებელი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს და ასეთად მიიჩნევს მხარეებს, მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ განუხილველად დატოვა ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი იმ მოტივით, რომ აპელანტი ზემოხსენებული ნორმით დადგენილ პირთა წრეს არ განეკუთვნება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო პალატის მსჯელობა ფორმალურ ხასიათს ატარებს და არასწორია.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ლ. მ-ე სათანადო მოსარჩელით – მ.ბ-ით შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის მიმდინარეობისას და აღნიშნულის შემდეგ საქმეში მონაწილეობდა მოსარჩელის წარმომადგენლის სტატუსით. ამასთან, ლ. მ-ემ მ.ბ-ის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება გადაანდო ც.დ-ს, რის შესახებ მინდობილება საქმეში ასევე მოიპოვება.
ამდენად, დგინდება, რომ პირველი ინსტანიის წესით საქმის განხილვისას ც.დ-ი და ლ. მ-ე იყვნენ მ.ბ-ის წარმომადგენლები, რაც თავისთავად წარმოადგენდა მოცემულ დავაში მათ მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის წინაპირობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოეკვლია, სადავო სააპელაციო საჩივარი ხსენებულმა პირებმა შეიტანეს თუ არა მოსარჩელე მ.ბ-ის სახელით, როგორც ამ უკანასკნელის ინტერესთა დამცველებმა მით უფრო, რომ სააპელაციო საჩივრის შინაარსიდან ირკვეოდა, რომ მისი მოთხოვნები მომდინარეობდა მოსარჩელის პოზიციიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას ლ. მ-სა და ც.დ-ის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, რა დროსაც სააპელაციო პალატამ მისთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით მინიჭებული ხარვეზის დადგენის შესაძლებლობის რეალიზების გზით უნდა დაადგინოს, სადავო სააპელაციო საჩივარი შეიტანა თუ არა მ.ბ-ემ მისი წარმომადგენლის – ც.დ-ის მეშვეობით. აღნიშნულის გარკვევის შემდეგ კი, იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობების არსებობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ.ბ-ის წარმომადგენელ ც.დ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია