№ას-1348-1273-2012 19 ნოემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. კ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ. ბ.-ის“ ქუთაისის ფილიალი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სს „თ. ბ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე ა. კ.-ეს სს „თ. ბ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 4231.53 აშშ დოლარის გადახდა (მათ შორის, ძირითადი თანხა – 3039.81 აშშ დოლარი, საბანკო სარგებელი – 356.14 აშშ დოლარი, დაზღვევა – 183.16 აშშ დოლარი, ჯარიმა – 652.40 აშშ დოლარი). ამავე გადაწყვეტილებით ა. კ.-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1409.02 ლარის გადახდა (ძირითადი თანხა – 982.53 ლარი, საბანკო სარგებელი – 148.33 ლარი, ჯარიმა 278.86 ლარი).
დასახელებული გადაწყვეტილება ა. კ.-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ა. კ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებულ განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რითაც იგი შეიყვანა შეცდომაში, ხოლო, შეცდომის გამოსწორებისათვის ვადა არ მისცა. კერძო საჩივრის თანახმად, აპელანტსა და მოსარჩელე სს „თ. ბ.-ს“ შორის 2010 წლის 21 ოქტომბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც აპელანტმა მიიღო საბანკო სესხი 4200 აშშ დოლარის ოდენობით, სამი წლის ვადით, 2013 წლის 5 ოქტომბრამდე. ა. კ.-ე ვალდებული იყო ბ.-ში ყოველთვიურად შეეტანა საშუალოდ 180 აშშ დოლარი, რაც მოიცავდა როგორც პროცენტს, ასევე ძირითად თანხას. გარდა ამისა, აპელანტს სს „თ. ბ.-თან“ 2011 წლის 5 ივლისს გაფორმებული ჰქონდა საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება. ორივე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ა. კ.-ეს ბ.-ის მიმართ ასანაზღაურებელი აქვს 3039.81 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. აქედან გამომდინარე, საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა. შესაბამისად, არასწორადაა გამოანგარიშებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის განჩინება და ა. კ.-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინებით ა. კ.-ეს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ: ა. გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით და წარედგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სააპელაციო სასამართლოში; ბ) მიეთითებინა, თუ კონკრეტულად რა ნაწილში ასაჩივრებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებას და რას ითხოვდა სააპელაციო საჩივრით (ტომი 2, ს.ფ. 94-96). ამავე სასამართლოს 2012 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ა. კ.-ის სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის სრულად გადაუხდელობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული (ტომი 2, ს.ფ. 106-108).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. ამდენად, ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მხარისათვის აშკარად უარყოფითი საპროცესო შედეგი დგება, ამიტომ სასამართლო ვალდებულია, ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად განსაზღვროს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების შემთხვევაში ხარვეზი შევსებულად ჩაითვლება. ხარვეზის შესავსებად სავალდებულო საპროცესო მოქმედების ზუსტად განსაზღვრა გულისხმობს სასამართლოს მიერ ყველა იმ გარემოებაზე ამომწურავ მითითებას, რომელთა არსებობის პირობებშიც მხარე ხარვეზს აღმოფხვრილად ჩათვლის და, შესაბამისად, თავიდან აიცილებს მისთვის არასასურველ პროცესუალურ შედეგს – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აპელანტის მიერ შესრულებული საპროცესო მოქმედების არასრულად მიჩნევა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე, არასწორი იქნება.
მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით, ა. კ.-ეს დაევალა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსათვის წარდგენა, თუმცა მას იმავდროულად არ განემარტა იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ შეიძლებოდა ყოფილიყო 150 ლარზე ნაკლები, კერძოდ, ზემოხსენებული გაჩინების სარეზოლუციო ნაწილი აღნიშნულის თაობაზე მითითებას არ შეიცავს. შესაბამისად, ვინაიდან ხარვეზის განჩინებით აპელანტს დავალებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ამ უკანასკნელმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა განსაზღვრა 2393.43 ლარით და გადაიხადა ამ თანხის 4% (100 ლარი). სააპელაციო სასამართლომ ხარვეზი შევსებულად არ მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი უნდა ყოფილიყო არანაკლებ 150 ლარი, ამასთან, აპელანტს არ გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.7 მუხლის მიხედვით, ვადის გაგრძელება მხოლოდ აპელანტის თხოვნით შეიძლებოდა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტმა კეთილსინდისიერად შეასრულა ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, ხოლო, თუ აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კანონით გათვალისწინებულზე ნაკლები აღმოჩნდა, ეს აპელანტის ბრალით არ იყო გამოწვეული, ამიტომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო დამატებით სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად ხარვეზის შევსების ვადა გაეგრძელებინა აპელანტისათვის. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.7 მუხლზე მითითებას, მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენება დაუშვებელია, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, აპელანტმა შეასრულა ის საპროცესო მოქმედება, რაც მას ხარვეზის განჩინებით დაევალა, ამიტომ იგი ვერ ივარაუდებდა, რომ აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო ხარვეზს შევსებულად არ მიიჩნევდა და სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებდა. აქედან გამომდინარე, აპელანტი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზეც ვერ იშუამდგომლებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. კ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის განჩინება და საქმე ა. კ.-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე