Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1352-1276-2012 15 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – თ.ბ-ე, თ.მ-ი-ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ე-ი, მ..ე-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. და მ..ე-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში თ.ბ-ის, თ.მ--ბ-ის მიმართ მოპასუხე თ.ბ-ის ზიანის – 40 000 აშშ დოლარის ანაზღაურების, მოპასუხეებს – თ.ბ-სა და თ.მ--ბ-ეს შორის 2011 წლის 20 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით მ..ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ნ.ე-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ.ბ-ეს ნ.ე-ის სასარგებლოდ დაეკისრა 14 030,09 აშშ დოლარის გადახდა, ბათილად იქნა ცნობილი თ.ბ-სა და თ.მ--ბ-ეს შორის 2011 წლის 20 სექტემბერს ქ.თბილისში, ვაშლიჯვარში, ს-ის ქ. №3-ში მდებარე 580 კვ.მ-ზე (საკადასტრო კოდი №...) დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში აპელანტებს თ.ბ-სა და თ.მ--ბ-ეს (მათ წარმომადგენელს) გადაწყვეტილება არ ჩაუბარებიათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება აპელანტების წარმომადგენელმა მ. ხ-ემ ჩაიბარა 2012 წლის 19 ივნისს, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადის ათვლის დაწყების შემდეგ, უფრო კონკრეტულად ვადის ათვლის დაწყების დღეს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 19 ივნისიდან (გადაწყვეტილების ჩაბარების ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 18 მაისს, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მეორე დღეს, გადაწყვეტილების ჩაბარების ვადის 30-ე დღე იყო 2012 წლის 18 ივნისი, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 19 ივნისს და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2012 წლის 2 ივლისს), შესაბამისად, აპელანტებს გასაჩივრების უფლება ჰქონდათ 2012 წლის 2 ივლისს ჩათვლით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აპელანტებს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ. საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, სააპელაციო საჩივარზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანცელარიის ბეჭედზე აღნიშნული თარიღის მეშვეობით ირკვევა, რომ თ.ბ-ემ და თ.მ--ბ-ემ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინეს 2012 წლის 3 ივლისს, ანუ გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით (გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 2012 წლის 2 ივლისი).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ.ბ-ემ, თ.მ--ბ-ემ შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 2591 მუხლი, რომლის მიხედვით მხარე ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება არა 30-ე დღეს, როგორც ეს სააპელაციო პალატამ მიუთითა, არამედ გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან.

მოცემულ შემთხვევაში მხარემ რამდენჯერმე მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად და ჩაიბარა მხოლოდ 2012 წლის 20 ივნისს. სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, რომ გადაწყვეტილების ასლი აპელანტმა 19 ივნისს მიიღო, რადგან ამ დღეს გადაწყვეტილების ასლი გადაეცა მოწინააღმდეგე მხარეს. აღნიშნული ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის მასალები საფუძვლიანად არ შეუსწავლია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ბ-ისა და თ.მ--ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება და დარჩება განუხილველად. იმ მხარის ან სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა ან გამოცხადების თარიღის შესახებ კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო, კანონმდებელი ასევე განსაზღვრავს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების წესს და ადგენს, რომ მხარე ვალდებულია, გადაწყვეტილების გამოცხადების მე-20 დღიდან 30-ე დღემდე მიმართოს სასამართლოს ხსენებული საპროცესო დოკუმენტის მისაღებად. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისას კი, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი აპელანტებისათვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო.

დასაბუთებულია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ აპელანტთა წარმომადგენელმა მ. ხ-ემ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2012 წლის არა 19, არამედ 20 ივნისს, თუმცა ამ დროს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე – 16 ივნისი უკვე გასული იყო.

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწო 2012 წლის 16 ივნისიდან (ვადის პირველი დღე იყო 16 ივნისი) და იგი ამოიწურა 2012 წლის 29 ივნისს.

უდავოა, რომ სააპელაციო საჩივარი თ.ბ-ემ და თ.მ--ბ-ემ წარადგინეს 2012 წლის 3 ივლისს. შესაბამისად, ამ დროისათვის კანონით დადგენილი ვადა უკვე გასული იყო.

ამდენად, მართალია, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა არასწორად გამოიანგარიშა, მაგრამ აღნიშნულს უკანონო გადაწყვეტილების მიღება არ მოჰყოლია და სააპელაციო საჩივარი სწორად დარჩა განუხილველად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ.ბ-ისა და თ.მ--ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია