Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1357-1281-2012 15 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ფ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ შემოსაველბის სამსახურის მიმართ მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების – ნ. ღ-ისა და ო. ა-ის მიერ 2011 წლის 3 აგვისტოს შედგენილ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული ნივთებიდან ყადაღისაგან გათავისუფლდა თ.ფ-ის კუთვნილი ნივთები – შუშებიანი მისაღები კედელი, „ჰაიერის“ მარკის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა და ვერცხლისფერი მაცივარი „მიდეა“, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის 2012 წლის 12 სექტემბერს, 12.00 საათზე განხილვის შესახებ ინფორმაცია მხარეებს გაეგზავნათ კანონის მოთხოვნათა დაცვით და აპელანტს ჩაბარდა 2012 წლის 12 ივლისს. აღნიშნულის შესახებ ხელწერილზე მიმღებად დაფიქსირდა შემოსავლების სამსახურის საქმის წარმოების სამმართველოს თანამშრომელ მ.კ-ის ხელმოწერა და ორგანიზაციის შესაბამისი ბეჭედი, რაც, ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია.

აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტი დათქმულ დროს პროცესზე არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით სასამართლომ თ.ფ-ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სსიპ შემოსავლების სამსახურმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

წარმოდგენილი მტკიცებულებებით შესაძლებელი იყო, სასამართლოს საქმე არსებითად განეხილა, ვინაიდან მათ საფუძველზე დასტურდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანება და აღნიშნული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები საგადასახადო ორგანოს მიერ გატარებული იყო კანონმდებლობის სრული დაცვით. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა არ არსებობდა და სასამართლოს ასეთი ტიპის დავაზე არსებითად უნდა ესმჯელა და მიეღო გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს არ აცნობა.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 12 სექტემბერს, 12.00 საათზე, რის შესახებ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო უწყებით დასტურდება, რომ 2012 წლის 12 ივლისს აპელანტის მიერ უწყების ჩაბარება დაადასტურა სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმის წარმოების სამმართველოს თანამშრომელმა მ.კ-ემ.

აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტი სასამართლოს მიერ დადგენილ დროს სხდომაზე არ გამოცხადდა. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურს თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სააპელაციო პალატისათვის არ უცნობებია და არც წარმოდგენილი კერძო საჩივრით ასეთზე არ მიუთითებია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად სრულიად კანონიერად დატოვა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მითითებას საქმის არსებითად საკითხებზე და იმაზე, რომ პალატას ამ ტიპის დავაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ მიუღია, არამედ, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი მართლზომიერად დატოვა განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია