Facebook Twitter

საქმე №ას-1362-1285-2012 19 ნოემბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ღ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ. ბ.-ი“, თ. კ.-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თავდებობის ხელშეკრულების გაუქმება, პენსიის ანგარიშის ყადაღისგან განთავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ღ.-მა სარჩელი აღძრა თ. კ.-ისა და სს „ლ. ბ.-ის“ მიმართ თავდებობის ხელშეკრულების გაუქმებისა და პენსიის ანგარიშის ყადაღისგან განთავისუფლების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: თ. კ.-მა ნ. ღ.-ის ნდობა მოიპოვა, რის შემდეგაც წაიყვანა სს „ლ. ბ.-ის“ ცენტრალურ ოფისში და სთხოვა, ყოფილიყო მოწმე მის მიერ კრედიტის აღების დროს. ბ.-ში დახვდათ გამზადებული საბუთები, კრედიტ-ოფიცერს მისთვის არ განუმარტავს, თუ რა შედეგი და რა პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა მას როგორც თავდებს, იმ შემთხვევაში, თუ თ. კ.-ი არ დაფარავდა კრედიტს და არ შეასრულებდა იმ ვალდებულებას, რომელიც მან ბ.-ის წინაშე აიღო. მოსარჩელის ოჯახი სოციალურად დაუცველია და მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო პენსიაა, რომელიც მოპასუხის სესხის დასაფარად უკანონოდ გამოიყენება.

მოპასუხე სს ,,ლ. ბ.-მა” წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ბ.-სა და ნ. ღ.-ს შორის გაფორმებულია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, ბ.-ს სრული უფლება ჰქონდა, უაქცეპტო წესით დაეკმაყოფილებინა საკუთარი მოთხოვნა სოლიდარული თავდების ანგარიშზე რიცხული თანხის ჩამოჭრის გზით, ხოლო მოსარჩელის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას მისთვის უცნობი იყო, თუ რაზე აწერდა ხელს და რა პასუხისმგებლობას იღებდა მასზე ხელმოწერით, წარმოადგენს დაუსაბუთებელ მცდელობას, თავი აარიდოს კანონიერად ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. რაც შეეხება ანგარიშიდან ყადაღის მოხსნის მოთხოვნას, მის ანგარიშს ყადაღა საერთოდ არ ადევს. ანგარიში არის დაბრონილი ბ.-ის მიერ.

მოპასუხე - თ.კ.-მა წარმოდგენილი შეასაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე ნ. ღ.-ისათვის ცნობილი იყო რა ხელშეკრულებაზე აწერდა ხელს, მას კრედიტ-ოფიცერმა განუმარტა იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც შეიძლება მოჰყოლოდა ძირითადი მსესხებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ღ.-ის სარჩელი მოპასუხეების სს „ლ. ბ.-სა“ და თ. კ.-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე თ. კ.-ს მოსარჩელე ნ. ღ.-ის სასარგებლოდ 1894 ლარის გადახდა დაეკისრა. მოსარჩელე ნ. ღ.-ის მოთხოვნა სს „ლ. ბ.-სა“ და ნ. ღ.-ს შორის დადებული თვდებობის ხელშეკრულების №0002/2010/34016 გაუქმებისა და სს „ლ. ბ.-ში“ მისი ანგარიშიდან ბრონის მოხსნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ნ. ღ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება აპელანტ ნ. ღ.-ს 2012 წლის 15 აგვისტოს ჩაჰბარდა. ნ. ღ.-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილია 2012 წლის 31 აგვისტოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ღ.-ს სადავო გადაწყვეტილება უნდა გაესაჩივრებინა ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, 2012 წლის 15 აგვისტოდან, 14 დღის ვადაში _ 2012 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით, სააპელაციო საჩივარი კი, სასამართლოში შეტანილია 2012 წლის 31 აგვისტოს, რის გამოც იგი დაუშვებელია კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ღ.-მა შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე მძიმე ავადმყოფია, ამასთან სოციალურად დაუცველი. მას რაიმე შემოსავალი არ გააჩნია და არ ჰქონდა მატერიალური შესაძლებლობა, ჩამოსულიყო თბილისში და სააპელაციო საჩივარი შეეტანა. ამასთან, 2012 წლის 25 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით მკურნალობდა და აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ღ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება ნ. ღ.-ს 2012 წლის 15 აგვისტოს ჩაჰბარდა. ეს გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 16 აგვისტოდან და ამოიწურა ამავე წლის 29 აგვისტოს, სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილია 2012 წლის 31 აგვისტოს გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მას რაიმე შემოსავალი არ გააჩნია და არ ჰქონდა მატერიალური შესაძლებლობა, ჩამოსულიყო თბილისში და სააპელაციო საჩივარი შეეტანა. ამასთან, 2012 წლის 25 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით მკურნალობდა, რის გამოც, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ნ.ღ.-მა ვერ დაასაბუთა კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებებით, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაშიც, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, აღადგინოს თუნდაც საპატიო საფუძვლით გაშვებული გასაჩივრების ვადა შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მუხლი იმპერატიული ხასიათისაა და სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას არ იძლევა, რის გამოც, მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. აღნიშნული მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილად ჩაითვლებოდა, თუ მხარე სასამართლოში წარადგენდა ან ამავე ვადის დაცვით გამოგზავნიდა ფოსტის მეშვეობით, რაც არ განხორციელებულა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის წარმოუდგენლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ღ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ.ალავიძე