Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1364-1286-2012 22 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „კ.- 2008“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – რ. პ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე. კომპანია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ნივთების დაბრუნება ან შესაბამისი ღირებულების თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „კ.- 2008-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე.- კომპანიის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის უზრუნველსაყოფად გადაცემული ოქროს ნივთების დაბრუნება ან შესაბამისი ღირებულების ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინებით შპს „კ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „კ-ის“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად. აღნიშნულის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 ივლისის განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ჯერ აპელანტის წარმომადგენელს რ. პ-ეს საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე – ქ.თბილისში, ს-ში მდებარე მე-7 კორპუსის №44 ბინაში, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს საფოსტო დასტურის ელექტრონული ვერსიის თანახმად, კურიერი ზ. ჯ-ის მიერ გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად აღნიშნულია, რომ „მიმღებმა შეიცვალა მისამართი, მითითებულ მისამართზე ცხოვრობს კ-ძე.“

აღნიშნულის შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 ივლისის განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა თავად აპელანტს შპს „კ.- 2008-ს“ დირექტორს ი. ბ-ს სარჩელში მის მიერ მითითებულ მისამართზე ქ.ბათუმში, ვ-ას ქ.№80-ში, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს საფოსტო დასტურის ელექტრონული ვერსიის თანახმად, კურიერი გ. გ-ის მიერ გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად აღნიშნულია, რომ „მიმღებმა შეიცვალა მისამართი, მეზობლის განმარტებით, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა ადრესატმა შეიცვალა მისამართი.“

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მისამართის შეცვლის შემთხვევაში მხარე ვალდებულია, თვითონ აცნობოს სასამართლოს მისამართის შეცვლის შესახებ და მიუთითოს მისი ახალი მისამართი, რათა მისთვის განკუთვნილი დოკუმენტები შეცვლილ მისამართზე გადაუგზავნოს, რაც აპელანტ შპს „კ.- 2008-ს“ არ განუხორციელებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის, 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ შპს „კ.- 2008-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „კ.- 2008-ის“ წარმომადგენელმა რ. პ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი, რადგან კერძო საჩივრის ავტორს მისამართი არ შეუცვლია. სასამართლო გზავნილის რამინ პაპიძისათვის მიტანისას ადრესატი სახლში არ იმყოფებოდა, რადგან იყო ქ.ბათუმში.

სასამართლოს ჰქონდა სხვა შესაძლებლობაც, დაკავშირებოდა მხარეს, კერძოდ სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო მობილური ტელეფონის ნომერი, რითაც პალატას არ უსარგებლია. საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ დამტკიცებულ სააპელაციო საჩივრის ფორმაში მხარის ტელეფონის ნომრის გარაფა შემთხვევით არ არის მითითებული. მისი დანიშნულება სწორედ სასამართლოსა და მხარის დაკავშირებაა.

ამდენად, სასამართლომ რეალურად არ იზრუნა აპელანტისათვის სადავო გზავნილის ჩაბარებაზე და უკანონოდ დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „კ.- 2008-ის“ წარმომადგენელ რ. პ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები.

სასამართლო განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ეგზავნება აპელანტს და ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით ადრესატისათვის მისი ჩაბარების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

როგორც ზემოთ აღინიშნა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდა განჩინების ასლი.

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მნიშვნელოვან ადგილს უთმობს მხარისათვის სასამართლო გზავნილისა და უწყების ჩაბარების წესის განსაზღვრას, რა დროსაც კანონმდებლის უპირველესი მიზანია, მის ხელთ არსებული ყველა საშუალება მიმართოს განხორციელებული საპროცესო მოქმედებების შესახებ მხარის ინფორმირებისაკენ. სწორედ აღნიშნულითაა განპირობებული მხარის მოვალეობა, სარჩელსა თუ საჩივრებში მიუთითოს საკუთარი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, ალტერნატიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

დასახელებული ნორმა დასაშვებად მიიჩნევს, რომ მხარისათვის ჩასაბარებელი უწყება თუ გზავნილი გადაეცეს მის წარმომადგენელს, რაც მისი მხარისათვისაც ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში აპელანტისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლო განჩინება ორჯერ გაეგაზვნა მის წარმომადგენელ რ. პ-ეს. პირველად გზავნილი ჩაუბარებლად დაბრუნდა ადრესატის არყოფნის მოტივით, ხოლო მეორეჯერ კურიერმა მიუთითა, რომ ადრესატმა შეიცვალა მისამართი. ანალოგიური შეტყობინებით დაბრუნა თავად შპს „კ.- 2008-ის“ გაგზავნილი გზავნილიც.

საკასაციო სასამათრლო არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლითაც დადგინდა მხარეებისა და მათი წარმომადგენლების მოვალეობა, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

მითითებული ნორმა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც მხარემ საქმის წარმოებისას შეიცვალა სასამართლოსათვის მანამდე თავის ადგილსამყოფლად დასახელებული მისამართი და ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს არ აცნობა. შესაბამისად, იმისათვის, რომ, მხარის კოორდინატების უქონლობის გამო, სასამართლო წარმოება ჩიხში არ აღმოჩნდეს, კანონმდებელმა დააწესა ერთგვარი სანქცია – ასეთი მხარისათვის მის მიერვე დასახელებულ მისამართზე გაგზავნილი უწყება თუ გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.

მართალია, საქმეში წარმოდგენილია კურიერების აქტები, რომ არც თავად აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი გზავნილებში დასახელებულ მისამართებზე აღარ ცხოვრობენ, თუმცა საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარში ასახულია აპელანტის წარმომადგენელ რ. პ-ის მობილური ტელეფონის ნომერი. აღნიშნული ნორმის მეშვეობით საკასაციო სასამართლო წარმატებით დაუკავშირდა მხარეს მანამდე შეტანილი კერძო საჩივრის განხილვისასაც. ანალოგიური ნომერი ეწერა სააპელაციო სასამართლოს სადავო გზავილების საფოსტო კონვერტებზე და, სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, კურიერს შეეძლო, დაკავშირებოდა ადრესატს მისამართზე მისი მოუძიებლობისას. ხსენებული შესაძლებლობით მას არ უსარგებლია, რაც, თავის მხრივ, არც სააპელაციო პალატას შეუფასებია.

ამასთან, სარჩელში დაფიქსირებულია რ. პ-ის ქ.ბათუმის მისამართიც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას შესაძლებლობა გააჩნდა, დაკავშირებოდა აპელანტს, გადაეცა მისთვის ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება. ასევე მნიშვნელოვანი იყო, პალატას გაერკვია, რამდენად სარწმუნოა ინფორმაცია საქმის წარმოების მიმდინარეობისას აპელანტისა და მისი წარმომადგენლის მიერ მისამართების შეცვლასთან დაკავშირებით, რაც მარტივად შეიძლება განხორციელებულიყო რ. პ-თან მობილური სატელეფონო კავშირის მეშვეობით დარეკვის გზით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის დაუბრუნებას იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „კ.- 2008-ის“ წარმომადგენელ რ. პ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია