Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-1372-1294-2012 8 ნოემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ვ. გ.-ა, ლ. ჭ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში, ლ. ჭ-ასა და ვ. გ.-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომლითაც მათ მოითხოვეს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 20 ივლისის №2073/1 აქტში მითითებული ნივთების: 1. რბილი „კუთხე“ – სავარძელი; 2. მისაღები ოთახის „კედელი“; 3. რბილი სავარძელი; 4. „ტოშიბას“ ფირმის კონდინციონერი; 5. სახელურიანი სკამი; 6. საძინებლის კომპლექტი; 7. „სიმენსის“ ფირმის კომბინირებული გაზის და ელექტრო პანელი; 8. სამზარეულოს კედელი; 9. სამზარეულოს მაგიდა 5 სკამით; 10. „სიმენსის“ ფირმის მტვერსასრუტი; 11. მაცივარი, - ყადაღისაგან გათავისუფლება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრეს ვ. გ.-ამ და ლ. ჭ-ამ. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ვ. გ.-ას და ლ. ჭ-ას საკასაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა სათანადო ასლების დართვით და სადავო ნივთების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების (ექსპერტის ან აუდიტის დასკვნა) და თითოეული მათგანის მიერ ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ.-ას და ლ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ვ. გ.-ას და ლ. ჭ-ას საკასაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა სათანადო ასლების დართვით და სადავო ნივთების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების (ექსპერტის ან აუდიტის დასკვნა) და თითოეული მათგანის მიერ ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება 2012 წლის 26 ოქტომბერს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა კასატორების ოჯახის წევრს (მარინა ერემაძეს), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლის მიხედვით, მიიჩნევა კასატორებისათვის ჩაბარებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 27 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 31 ოქტომბერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორებმა ვ. გ.-ამ და ლ. ჭ-ამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. გ.-ას და ლ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე