Facebook Twitter

№ას-1375-1297-2012 19 ნოემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „ხ.“

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ძ.-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქოსაქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უფლებამონაცვლეობის დადგენა, სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 5 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სს „ხ.ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ძ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: სს „ხ.ს“ ნ. ძ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1999 წლის აპრილიდან 2002 წლის დეკემბრამდე არსებული დავალიანების ანაზღაურება 162 ლარის ოდენობით, მასვე დაეკისრა 2002 წლის დეკემბრიდან ყოველთვიურად სარჩოს გადახდა 59.10 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 თებერვლის ასევე კანონიერ ძალაში შესული განჩინებით შესწორდა საოლქო სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი იმგვარად, რომ სს „ხ.ს“ ნ. ძ.-ის მიმართ სარჩოს სახით დაეკისრა 19.70 ლარის გადახდა ყოველთვიურად.

2012 წლის 4 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ნ. ძ.-მა, რომელმაც მოითხოვა სს „ხ.ს“ უფლებამონაცვლედ შპს „ხ.ს“ ცნობა და უფლებამონაცვლის მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ნ. ძ.-ის განცხადება დაკმაყოფილდა, სს „ხ.ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ხ.“, ამასთან, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა შპს „ხ.ს“ მიმართ.

სააპელაციო სასამართლომ, უფლებამონაცვლეობის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 14.41 მუხლი, აგრეთვე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, რომლითაც დაადგინდა, რომ სს „ხ.ში“ განხორციელდა ცვლილება და სააქციო საზოგადოება გარდაიქმნა შპს „ხ.დ“.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ხ.ს“ დირექტორმა გ. რ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ლი ნაწილი არ გულისხმობს უკვე დამთავრებულ საქმეებზე უფლებამონაცვლეობის დაშვების შესაძლებლობას, ვინაიდან მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და სახეზე აღარ არის პროცესის არც ერთი სტადია;

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 სექტემბრის სხდომამდე ერთი დღით ადრე შპს „ხ.მ“ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სხდომის გადადება. განმცხადებელმა მიუთითა საპატიო მიზეზზე, რის გამოც იგი ვერ შეძლებდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებას და შესაბამისად, საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებას. როგორც ჩანს, სასამართლომ ხსენებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა;

გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს არანაირ მსჯელობას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც შესწორდა საოლქო სასამართლოს 2004 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება, სახელდობრ, სს „ხ.ს“ ნ. ძ.-ის სასარგებლოდ 2002 წლის დეკემბრიდან ყოველთვიურად სარჩოს სახით დაეკისრა 19.70 ლარის გადახდა. გადაწყვეტილებაში დაშვებული აშკარა არითმეტიკული შეცდომის გამო, შპს „ხ.“ ზარალდება ყოველთვიურად 40 ლარით, რაც კანონსაწინააღმდეგოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლებისგამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ხ.ს“ კერძო საჩივარი არ უნდადაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოსსამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათაგამო:

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 5 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სს „ხ.ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ძ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: სს „ხ.ს“ ნ. ძ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1999 წლის აპრილიდან 2002 წლის დეკემბრამდე არსებული დავალიანების ანაზღაურება 162 ლარის ოდენობით, მასვე დაეკისრა 2002 წლის დეკემბრიდან ყოველთვიურად სარჩოს გადახდა 59.10 ლარის ოდენობით;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 თებერვლის განჩინებით, ზემომითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გასწორდა უსწორობა იმგვარად, რომ სს „ხ.ს“ ნ. ძ.-ის მიმართ სარჩოს სახით დაეკისრა 19.70 ლარის გადახდა ყოველთვიურად, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;

2012 წლის 4 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაპალატას განცხადებით მიმართა ნ. ძ.-მა და მოითხოვა სს „ხ.ს“ უფლებამონაცვლედ შპს „ხ.ს“ ცნობა და უფლებამონაცვლის მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემა;

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააქციო საზოგადოება „ხ.“ გარდაიქმნა შპს „ხ.დ“, შესაბამისად, პალატამ 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით შპს „ხ.“ მიიჩნია სს „ხ.ს“ უფლებამონაცვლედ და გასცა სააღსრულებო ფურცელი.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე პროცესის ყველა სტადია დასრულებული იყო (გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში), ამიტომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და არ უნდა გადაეწყვიტა მოვალის უფლებამონაცვლეობის საკითხი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი - საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, ნიშნავს იმას, რომ იგი დასაშვებია: ა. სარჩელის წარმოებაში მიღებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე; ბ. გადაწყვეტილების გამოტანიდან მის კანონიერ ძალაში შესვლამდე; გ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე. ზემოხსენებული ნორმა ადგენს ასევე საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს, კერძოდ, ესენია: მოქალაქის გარდაცვალება; იურიდიული პირის რეორგანიზაცია; მოთხოვნის დათმობა; ვალის გადაცემა და სხვა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლს, რომელიც აწესრიგებს უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის საკითხს. მითითებული ნორმის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. ამდენად, აღნიშნული ნორმა უფლებამონაცვლის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემას უკავშირებს უფლებამონაცვლეობის ფაქტის დადგენას.

მოცემულ შემთხვევაში კრედიტორი ნ. ძ.-ი მოითხოვს მოვალის (სს „ხ.ს“) უფლებამონაცვლე პირის (შპს „ხ.ს“) საწინააღმდეგოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემას კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სს „ხ.ში“ განხორციელდა სამართლებრივი ფორმის ცვლილება (საწარმოს რეორგანიზაცია) და სს საზოგადოება გარდაიქმნა შპს „ხ.დ“. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის აღნიშნულ დასკვნას, ვინაიდან იგი ეფუძნება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 14.06.2012წ. №A12034749-003/001 წერილს (ტომი 5, ს.ფ. 5, 16, 33-36). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფქტის საწინააღმდეგო პრეტენზია კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საპროცესო უფლებამონაცვლეობის ისეთი საფუძველი, როგორიცაა იურიდიული პირის რეორგანიზაცია, ამასთან, უფლებამონაცვლეობის ფაქტი ნათელია, მეტიც, მოწინააღმდეგე მხარეს ეს ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ მოხმობილ არგუმენტს იმის შესახებ, რომ, სხდომის გადადების თაობაზე მისი მოთხოვნის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ მისი მონაწილეობის გარეშე განიხილა საქმე, რამაც განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. საქმის მასალებით დასტურდება, 2012 წლის 18 სექტემბერს შპს „ხ.ს“ დირექტორის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვის ფაქტი, თუმცა დასტურდება ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 სექტემბრის საოქმო განჩინებით სასამართლომ დაადგინა განცხადების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა. ასეთი განჩინების მიღების უფლება სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით და, შესაბამისად, მას კანონი არ დაურღვევია.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ იგი ფინანსურად ზარალდება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სააღსრულებო ფურცლის გაცემა დაადგინა თბილისის საოლქოსასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 5 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, თუმცა არ უმსჯელია ამ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ განჩინებაზე, რომლითაც მისთვის დაკისრებული თანხის ოდენობა შემცირდა.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული მოსაზრება საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოსსამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 5 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე მოვალის უფლებამონაცვლე პირის დადგენითა და მის წინააღმდეგ სააღსრულებო ფურცლის გაცემით არ ილახება მოვალის კანონიერი ინტერესი, რომ ეს გადაწყვეტილება მასში შეტანილი ცვლილების გათვალიწინებით აღსრულდეს. კერძოდ, დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში შეტანილია ცვლილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, შესაბამისად, თბილისის საოლქოსასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს მასში შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში შეტანილი უსწორობა და სააღსრულებო ფურცელი ამ ცვლილების გათვალიწინებით უნდა გასცეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძოსაჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესოკოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ხ.ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაპალატის 2012 წლის 28 სექტემბერის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე