საქმე №ას-1379-1301-2012 28 ნოემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ჯ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჯ-ე (შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – თავდაპირველ სარჩელში - საზიარო უფლების გაუქმება რეალური წილის გამოყოფის გზით, შეგებებულ სარჩელში - სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.ჯ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ჯ-ის მიმართ ქ.ქობულეთში, დ.ა-ის გამზირის N600-ში მდებარე საერთო საკუთრებად რიცხული უძრავი ქონებიდან, მოსარჩელის კუთვნილი 11/15-ის პროპორციული რეალური წილის გამოყოფის გზით, თანასაკუთრების გაუქმების მოთხოვნით.
მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მ.ჯ-ის მიმართ 1995 წლის 5 მაისს მ.ჯ-ის სახელზე გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობიდან გარდაცვლილი თ. ჯ-ის საკუთრებისა და ს. ჯ-ის სამკვიდრო ქონებიდან თ. ჯ-ის სამკვიდრო წილის ამორიცხვის, ასევე საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ.ქობულეთში, დ.ა-ის გამზირის N600-ში მდებარე მ.ჯ-სა და ნ.ჯ-ის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლზე საზიარო უფლება წილის რეალური გაყოფის გზით, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 24 ნოემბრის N4194-08-4 ექსპერტიზის დასკვნისა და აღნიშნულ დასკვნაზე დართული ნახაზის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს, ამავე გადაწყვეტილებით ნ.ჯ-ეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ჯ-ემ, ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ასევე მ.ჯ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აპრილის განჩინებით მ.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევის გამო. სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში 2012 წლის 12 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მ.ჯ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ.ჯ-ის წარმომადგენელმა დ. ვ-ემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ახლად აღმოჩენილ გარემოებად მხარემ მიუთითა მის მიერ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დაცვის თაობაზე და მტკიცებულებად წარადგინა საქართველოს ფოსტის საერთაშორისო ურთიერთობათა ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის წერილი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინებით მ.ჯ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მ.ჯ-ემ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განჩინება კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივრა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მის კერძო საჩივართან დაკავშირებით მიიღო 2012 წლის 12 ივლისს, ე.ი განჩინების გამოტანიდან თითქმის სამი თვის ვადაში. პალატის აზრით, ეს დრო საკმარისი უნდა ყოფილიყო ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნეული საბუთის მოპოვებისა და განმცხადებლის მიერ სასამართლოსათვის წარსადგენად. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები განმცხადებელს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რაც, პალატის მოსაზრებით, განცხადების უსაფუძვლოდ მიჩნევის წინაპირობას წარმოადგენდა. სასამართლოს განამრტებით, საწინააღმდეგოს არსებობის პირობებშიც კი, განმცხადებლის მიერ წარდგენილი წერილიდან დგინდებოდა მხოლოდ ის, რომ დ. ვ-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაგზავნი უბრალო წერილი ფოსტას ჩააბარა 2012 წლის 12 აპრილს. სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ დ. ვ-ე ადვოკატია და, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უგზავნის სხვადასხვა სახის კორესპონდენციას, საქართველოს ფოსტის წერილიდან არ დგინდებოდა, რომ 2012 წლის 12 აპრილს დ. ვ-ემ საფოსტო განყოფილებას ჩააბარა, სწორედ ის საბუთი, რომლითაც გამოასწორა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. მსგავსი მტკიცებულება დ. ვ-ემ დაურთო კერძო საჩივარსაც, რომელიც წარდგენილი იყო ამჟამად სადავო მიჩნეულ განჩინებაზე, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მისი პოზიცია არ გაიზიარა, სასამართლოს განმარტებით, მხარეს ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნეული მტკიცებულება რომც წარედგინა საქმის არსებითად განხილვის დროს, ეს არ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ.ჯ-ის წარმომადგენელმა დ. ვ-ემ, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ამავე სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების, ასევე საქმის წარმოების განახლების თაობაზე მის მიერ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება არასწორია, რადგანაც სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე მხარეს ხარვეზის გამოსწორებისათვის განესაზღვრა 5-დღიანი ვადა, რომელიც 2012 წლის 12 აპრილს იწურებოდა, მ.ჯ-ის წარმომადგენელმა ვადის უკანასკნელ დღეს, 12 აპრილს განცხადებით მიმართა სს „საქართველოს ფოსტას“ და ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მ.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის დარღვევის მოტივით. გაირკვა, რომ სს „საქართველოს ფოსტამ“ 2012 წლის 12 აპრილს გაგზავნილ წერილზე არასწორად მიუთითა 14 აპრილი, რაც დაადასტურა შპს „საქართველოს ფოსტის“ ქობულეთის განყოფილების უფროსმა, როგორც წერილობით, ისე მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო საუბრისას, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინება სასამართლოს მიერ უკვე მიღებული იყო, მტკიცებულებათა გამოკვლევის გზით მისი გაუქმება მხოლოდ კერძო საჩივრის წარდგენის შემთხვევაში იყო შესაძლებელი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კერძო საჩივრის განხილვისას საკმარის მტკიცებულებად არ ჩათვალა გზავნილის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, სადაც გზავნილის ჩაბარების თარიღად სწორედ 1012 წლის 12 აპრილი იყო მითითებული, საყურადღებოა, რომ საქმის განხილვის ამ ეტაპზე შპს „საქართველოს ფოსტის“ ქობულეთის ფილიალმა არ გასცა შესაბამისი მტკიცებულება, ვიდრე შიდა მოკვლევა არ ჩატარდა, მტკიცებულების მოპოვება მხოლოდ 21 აგვისტოს გახდა შესაძლებელი და აღნიშნული უდავოდ მოწმობს ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გამოსწორების შესაძლებლობას. აღნიშნული გარემოების თაობაზე სასამართლოსათვის დროული ინფორმირება მხარის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა იყო. ამ უკანასკნელი მტკიცებულების მოგვიანებით წარდგენა, თავის მხრივ, განაპირობა იმ გარემოებამ, წერილობითი მიმართვის წარდგენა საჭირო გახდა შპს „საქართველოს ფოსტის“ ბათუმის ფილიალში და მოკვლევა, ფოსტის თანამშრომლის შეცდომის გამო, ჩატარდა ცენტრალურ ადმინისტრაციაში - ქ.თბილისში. ა-ის გამო, მხარე, ბუნებრივია, მტკიცებულებას წინასწარ ვერ მოიპოვებდა, რაც ადასტურებს იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა უარი განმცხადებელს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზემოაღნიშნულით დასტურდება ისიც, რომ მტკიცებულება ვერც საქმის საქართველოს უზენაეს სასამართლოში განხილვის ეტაპზე იქნებოდა წარდგენილი, ამასთან, განმცხადებელი სააპელაციო და არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების გაუქმებას მოითხოვდა. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ წარდგენილი მტკიცებულებით სწორედ ხარვეზის გამოსწორების შესახებ მტკიცებულებების წარდგენის ფაქტი არ დასტურდება, შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ გაცემული ცნობა და მხარის მიმართვა ადასტურებს სადავო გარემოებას, ამასთან, 14 აპრილი იყო შაბათი, რაც არაერთხელ იქნა აპელანტის მიერ მითითებული და სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა არც აღნიშნული გარემოება. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლომ საქმე არაობიექტურად განიხილა, რასაც მოწმობდა ორივე აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის თანაბარი ოდენობით დაკისრება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მ.ჯ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადასტურებულია და ეს გარემოება გაზიარებული ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2012 წლის 12 ივლისის განჩინებით, რომ მ.ჯ-ეს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის 5-დღიანი ვადა ამოეწურა 2012 წლის 12 აპრილს.
დადგენილია, რომ აპელანტის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხარვეზის გამოსწორების მიზნით გაგზავნილი დოკუმენტაციის საფოსტო კონვერტს ფოსტის ბეჭედზე ფოსტისათვის მიმართვის თარიღად მითითებული აქვს 2012 წლის 14 აპრილი, რაც საპროცესო ვადის დარღვევაზე მიანიშნებს.
აღნიშნული მტკიცებულების ანალიზისას საკასაციო პალატა შენიშნავს იმ გარემოებასაც, რომ საფოსტო კონვერტს არ გააჩნია საფოსტო ნომერი - ინდექსი, რაც მისი იდენტიფიცირების საშუალებას მისცემდა სასამართლოს.
კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის განჩინებით შეფასებული, კერძო საჩივარზე დართული საფოსტო ქვითრები არ შეიცავდა მ.ჯ-ის მიერ აღნიშნული ორგანიზაციისათვის ჩაბარებული კორესპონდენციის დასახელებას, აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულებებით დაესაბუთებინა, რომ გადახდილი სახლემწიფო ბაჟი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა სასამართლოში, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მისი მტკიცების ტვირთს შეადგენდა.
საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მხარემ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია ჯერ კიდევ უზენაეს სასამართლოში მისი კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე სადავოდ გამხდარი გარემოება, რომ მას ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა არ დაურღვევია, თუმცა წარმოდგენილი კერძო საჩივრისაგან განსხვავებით, ამჯერად, მხარემ მისი მტკიცება შპს „საქართველოს ფოსტის“ ადმინისტრაციის პასუხს დაამყარა.
ამ მიმართებით საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მხარის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილს, რადგანაც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის სათანადო მტკიცებულებას წარადგენდა და დაადასტურებდა, რომ სადავო საპროცესო მოქმედება სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესის განუხრელი დაცვით ჰქონდა შესრულებული, ეს მაინც ვერ იქნება მიჩნეული იმ გარემოებად, რომელიც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ობიექტურად იყო უცნობი მხარის ან სასამართლოსათვის. საკასაციო პალატის ამ მსჯელობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი (განმცხადებლის არგუმენტაცია საქმის წარმოების განახლების თაობაზე, სწორედ ამ სამართლებრივ საფუძველს ემყარება), რომლის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, ამავე ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა დაადგინა, რომ აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა და სააპელაციო პალატამაც გასაჩივრებული განჩინებით სწორად დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინების მიმართ კერძო საჩივარი მხარემ წარადგინა 2012 წლის 7 მაისს, საკასაციო სასამართლომ შემაჯამებელი განჩინება გამოიტანა 2012 წლის 12 ივლისს. საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარდგენილ განცხადებას ერთვის შპს „საქართველოს ფოსტის“ ადმინისტრაციის შემდეგი შინაარსის წერილობითი პასუხი: „თქვენ განცხადებასთან დაკავშირებით (რეგ.N8131 13.08.12წ) გაცნობებთ, რომ მოქალაქე დ. ვ-ემ (მცხ: ქობულეთი, დ.ა-ის გამზ.N339) შპს „საქართველოს ფოსტის“ აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ქობულეთის საფოსტო განყოფილებას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაგზავნი უბრალო წერილი ჩააბარა 2012 წლის 12 აპრილს (დღის მეორე ნახევარში)“. ირკვევა, რომ დ.ვ-ემ აღნიშნული მტკიცებულების მოპოვების მიზნით შპს „საქართველოს ფოსტას“ წერილობით მიმართა 2012 წლის 8 აგვისტოს (იხ. ტ.II, ს.ფ.114), ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დასრულების შემდგომ. აღნიშნული ფაქტი უდავოდ მოწმობს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორს ფოსტისაგან ამ მტკიცებულების მოპოვება საქმის განხილვის დასრულებამდე არ უცდია, რაც კიდევ ერთხელ განამტკიცებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მხარეს მისი ბრალით არ მოუპოვებია მისივე პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამასთანავე, საწინააღმდეგო მტკიცებულებათა საქმეში არარსებობის გამო, გამორიცხულია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტის გაზიარების შესაძლებლობა, რომ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული შიდა მოკვლევის გამო, საქმის განხილვის ეტაპზე მტკიცებულების წარდგენა შეუძლებელი იყო.
საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, განმარტავს შემდეგს: სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადასტურებული ურთიერთობის რეალურად აღსრულებაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ მე-10 მუხლი, XXVIII თავი), ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმის წარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-14 კარით და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმის წარმოების განახლების საფუძველი მისთვის ობიექტურად იყო უცნობი საქმის წარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში, ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ თვლის საპროცესო ვადების დაცვას, რათა არ შეილახოს მართლმსაჯულების სტაბილური როლი (სსსკ 426-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, მხარემ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება ჯერ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და შემდგომ, იმავე მოთხოვნით სააპელაციო პალატას მიმართა და ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც ობიექტურად მ.ჯიჯავაძის სააპელაციო საჩივრის გამო საქმის წარმოების დასრულებამდე შეეძლო (საქმის მასალებით საწინააღმდეგო გარემოება არ დასტურდება).
საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ საწინააღმდეგო გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც კი, მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს განცხადების მოთხოვნის საფუძვლიანობას, რადგანაც, როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილ ფოსტის სადავო კონვერტს საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ერთვის, მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით ასევე არ ირკვევა 2012 წლის 12 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მ.ჯიჯავაძის წარმომადგენელმა ადვოკატმა დ.ვ-ემ რა კონკრეტული კორესპოდენცია გააგზავნა, მტკიცებულებაში საუბარი მხოლოდ წერილის გაგზავნაზეა, მისი შინაარსის (შიგთავსის) დაკონკრეტების გარეშე. უდავოა, რომ ადვოკატის საქმიანობის სპეციფიკა სასამართლოსთან წერილობით კომუნიკაციას არა ერთი საქმის მიმართ ითვალისწინებს, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, უტყუარი მტკიცებულების წარდგენით სადავო გარემოების დადასტურება, სწორედ, რომ მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რაც მან სათანადოდ ვერ უზრუნველყო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არსებითად სწორად გამოიკვლია მტკიცებულებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს, რაც მისი ძალაში დატოვების წინაპირობაა.
ამასთანავე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეზე დადგენილ პრაქტიკასაც, სადაც მხარემ ვერ შეძლო უტყუარად დადასტურება იმისა, დადგენილ ვადაში გამოასწორა თუ არა ხარვეზი, ამ მიზნით მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ფოსტის მეშვეობით სასამართლოსათვის დროულად მიმართვის დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთ ვითარებაში, საკასაციო პალატა დაეყრდნო საქმეში არსებულ მტკიცებულებას - საფოსტო კონვერტს და მხარეს მიუთითა მის შესაძლებლობაზე, ფოსტის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ამ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე (იხ. სუსგ №ას-590-556-2012, 3 მაისი, 2012 წელი).
პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე მ.ჯ-ის კერძო საჩივრის მოთხოვნაზეც, რომ სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით დააკმაყოფილოს მისი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით დადგენილი განცხადების განხილვის განსჯადობის წესი ადგენს განცხადების დაკმაყოფილებისა თუ მასზე უარის თქმაზე უფლებამოსილ სასამართლოს, ხოლო ზემდგომი სასამართლო, თავის მხრივ, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, განიხილოს განცხადების გამო მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ.ჯ-ის წარმომადგენელ დ. ვ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ.ჯ-ის წარმომადგენელ დ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე