Facebook Twitter

№ას-1384-1306-2012 26 ნოემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ. მ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ხ.-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათვისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ი. ხ.-ის სარჩელი მოპასუხეების – კ. მ.-ისა და გ. ხ.-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ყადაღისაგან გათავისუფლდა ი. ხ.-ის კუთვნილი ავტომანქანა „მერსედეს ბენცი E-240“, სარეგისტრაციო მოწმობა ..., საიდენტიფიკაციო ნომერი ... ..., სახელმწიფო ნომერი „...“.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. მ.-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინებით კ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ამავე განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ კ. მ.-ემ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი სრულად ვერ შეავსო, რაც გამოიხატა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის არასრულად გადახდაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით.

დასახელებული განჩინება კ. მ.-ემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. კერძო საჩივრის ავტორისათვის არ არის ცნობილი დაყადაღებული ქონების – ავტომანქანა „მერსედეს ბენცის“ ღირებულება. მისი მოსაზრებით, ეს ღირებულება შეადგენს დაახლოებით 4500-5000 ლარს, თუმცა შეფასებას თავად ვერ უზრუნველყოფს. მითითებული ქონება არის არა მოპასუხის, არამედ მესამე პირის, გ. ხ.-ის ქონება. ამიტომ, კერძო საჩივრის ავტორს მოწინააღმდეგე მხარესთან – ი. ხ.-თან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია, იგი ითხოვს გ. ხ.-ის კუთვნილი ქონების რეალიზაციას.

სახელმწიფო ბაჟის სახით აპელანტის მიერ გადახდილი თანხა - 150 ლარი, საკმარისი იყო საჩივრის წარმოებაში მისაღებად. ეს თანხა გამომდინარეობს დაყადაღებული ქონების ღირებულებიდან და იგი შეადგენს ამ ღირებულების 4%-ს. თუკი სასამართლო გადახდილ თანხას საკმარისად არ მიიჩნევდა, კანონის შესაბამისად მას შეეძლო აპელანტისათვის განჩინებით დამატებით განესაზღვრა ხარვეზის ვადა და დაევალებინა მისთვის ავტომანქანის შეფასების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რაც არ განახორციელა. აღნიშნულის შედეგად, სააპელაციო საჩივარი კანონსაწინააღმდეგოდ დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. მ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის განჩინებით აპელანტ კ. მ.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მას დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე, კერძოდ, აპელანტს სააპელაციო სასამართლოში უნდა წარედგინა სადავო ავტომანქანის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ განუმარტა აპელანტს, რომ, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენდა ავტომანქანის ყადაღისაგან გათავისუფლება, ხოლო, აპელანტის რეალურ ინტერესს კი - ამ ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად თანხის ამოღება, ამიტომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო ავტომანქანის საბაზრო ღირებულებით. ამასთან, განჩინებით მხარეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ტომი 2, ს.ფ. 2-4).

დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტმა ხარვეზი სრულად არ შეავსო, კერძოდ, მან გადაიხადა მხოლოდ 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი და ითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება. აპელანტის მოსაზრებით, განსახილველი დავა განეკუთვნებოდა არა ქონებრივ, არამედ უფლებრივ დავას, შესაბამისად, მის მიერ გადახდილი თანხა შესაბამისობაში იყო არაქონებრივ დავაზე კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ბაჟის ოდენობასთან (ტომი 2, ს.ფ. 7).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა განსახილველი დავის უფლებრივ დავად მიჩნევის თაობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია მოძრავი ქონების – ავტომანქანის ყადაღისაგან გათავისუფლება, ხოლო აპელანტის (მოპასუხის) რეალური ინტერესი მიმართულია აღნიშნული ყადაღის შენარჩუნებისაკენ იმ მიზნით, რომ ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად ამოღებულ იქნას კონკრეტული თანხა. აქედან აშკარაა, რომ აპელანტის მოთხოვნას მოცემულ შემთხვევაში საფუძვლად უდევს ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა და შესაბამისად, დავა ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათისაა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს შეეძლო გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა და აპელანტისათვის დაევალებინა ავტომანქანის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხარვეზის განჩინებით აპელანტს დავალებული ჰქონდა ავტომანქანის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, შესაბამისად, სასამართლო არ იყო ვალდებული განმეორებით იგივე დაევალებინა აპელანტისათვის. გარდა ამისა, ვინაიდან აპელანტი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას არ მოითხოვდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა საპროცესო ვადა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე