Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-1388-1309-2012 8 ნოემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ხ. ს.-ი, ზ. ჩ.-ე, ე. მ.-ი (წარმომადგენლები: ო. კ.-ი, დ. მ.-ე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. ზ.-ე, ქ. ლ.-ე, თ. ნ.-ა, გ. ც.-ე, ე. ც.-ე, მ. ზ.-ე, მ. ა.-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – ამხანაგობის საერთო კრების ოქმებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება, ქმედების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მ. პ.-ის, ზ. ჩ.-ის, ე. მ.-ის, მ. ბ.-ის, ხ. ს.-ის, ლ. ღ.-ის, ე. ქ.-ის, მ. შ.-ის, ნ. ნ.-ისა და ს. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ხ. ს.-ის, ზ. ჩ.-ისა და სხვების წარმომადგენლებმა ო. კ.-მა და დ. მ.-ემ. კერძო საჩივრის ავტორები მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში კერძო საჩივრის წარმოდგენა, კერძო საჩივრის სხვა ავტორთა დასახელებით, აგრეთვე, ამ პირების მიერ ო. კ.-ისა და დ. მ.-ის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა კერძო საჩივრის შეტანის უფლებამოსილებით და 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ს.-ის, ზ. ჩ.-ის და ე. მ.-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ხ. ს.-ს, ზ. ჩ.-ეს და ე. მ.-ს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში კერძო საჩივრის წარმოდგენა, კერძო საჩივრის სხვა ავტორთა დასახელებით, აგრეთვე, ამ პირების მიერ ო. კ.-ისა და დ. მ.-ის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა კერძო საჩივრის შეტანის უფლებამოსილებით და 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელ ო. კ.-ს (იხ. მინდობილობა, ტ.1, ს.ფ. 25, 33, 39), ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (599911425) სატელეფონო შეტყობინებით 2012 წლის 25 ოქტომბერს, რაც ითვლება სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 73.1 მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის ავტორებისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 26 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 29 ოქტომბერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ხ. ს.-მა, ზ. ჩ.-ემ და ე. მ.-მა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ. ს.-ის, ზ. ჩ.-ის და ე. მ.-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე