Facebook Twitter

საქმე №ას-1389-1310-2012 12 ნოემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ-ი რ.“, შპს „თ-ი“ (მოპასუხე)

მესამე პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ.ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ბ-ი რ-ას“, შპს „თ-სა“ და მესამე პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 26 იანვრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ქონების ყადაღისაგან ნაწილობრივ გათავისუფლების მოთხოვნით.

მოპასუხე სს „ბ-მა რ-ამ“ სარჩელი არ ცნო, ხოლო შპს „თ-ს“ სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.ბ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ლ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს განჩინებით, ლ.ბ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, მხარეს დაევალა დავის საგნის ღირებულების დაზუსტება და ამ ღირებულების 4%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის გამოსწორების ვადა განისაზღვრა 5 დღით. მასვე განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგი. 2012 წლის 24 აგვისტოს განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტს, რომელმაც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინა განცხადება, სახელმწიფო ბაჟის სახით 160 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად. განმცხადებლის განმარტებით, ის სრულად ასაჩივრებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც დავის საგნის ღირებულებად 4000 ლარი იქნა მიჩნეული, ამდენად, სააპელაციო საჩივარი აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მოთხოვნის, ამავე კოდექსის 41-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება კვლავ რჩება 4000 ლარი გადაწყვეტილების მთლიანად შეცვლის გამო და 4000 ლარის 4% შეადგენდა 160 ლარს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და ჩათვალა, რომ დავის საგნის ღირებულების 4000 ლარით განსაზღვრა და მისი 4%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო ხარვეზის გამოსწორებად, რადგანაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ლ.ბ-ემ და მოითხოვა მისი კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. სარჩელზე დართული იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკის საგანს წარმოადგენდა ლ.ბ-ის კუთვნილი 1000 კვ.მ უძრავი ქონება, კერძოდ, მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი საერთო სასარგებლო 160 კვ.მ ფართით. ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო, რომ მხარეთა შეთანხმებით იპოთეკის გარიგების ღირებულება, იპოთეკის თანხა შეადგენდა 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, რაც ამ ხელშეკრულების დადასტურების მომენტისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით შეადგენდა 255 825 ლარს. ხელშეკრულება დადებული იყო 2007 წლის 19 მარტს. პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტს არ დაუზუსტებია დავის საგნის ღირებულება სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის და არ გადაუხდია ამ ღირებულების შესაბამისი 4%. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების როგორც სასამართლოს, ასევე მხარის მიერ შესრულებისათვის. დადგენილია ასევე სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა. აპელანტს, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზისათვის დაწესებული ვადის გაგრძელების შესახებ მიუმართავს სასამართლოსათვის შუამდგომლობით, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ.ბ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება არასწორია და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლოს განჩინებით მხარეს დაევალა დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა და ამ ღირებულების 4%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდა, რაც მხარემ განახორციელა დადგენილ ვადაში. ვინაიდან დავის საგნის ღირებულების გამოთვლა შეუძლებელია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, კანონი მას 4000 ლარით განსაზღვრავს, შესაბამისად, მხარემ წარადგინა ამ თანხის 4%-ის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში სწორედ ამგვარად შეფასდა დავის საგანი, რომელიც რაიმე ცვლილებას სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის ვერ განიცდიდა. აღნიშნული გარემოება მოცემული შემთხვევის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხის მე-3 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს. ამასთანავე, მხარის აღნიშნული განმარტება ადასტურებს ქონებრივი დავისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის ღირებულების მიმართ დაწესებული შეზღუდვის დაცვას. თუ სასამართლო არ ეთანხმებოდა მხარის მითითებას დავის საგნის ღირებულების თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, მას თავად უნდა განესაზღვრა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა. არასწორია სასამართლოს მსჯელობა დავის საგნის ღირებულებად იპოთეკის საგნის ღირებულების განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან მხარე მოითხოვდა არა იპოთეკით დატვირთული ფართის, არამედ იპოთეკის მიღმა არსებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ლ.ბ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ბ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის ე1 ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ.ბ-ის სარჩელის საგანს წარმოადგენს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან იპოთეკით დატვირთული ქონების იმ ნაწილის ამოღება, რომლითაც უძრავი ნივთი მოგვიანებით გაუმჯობესდა და გაიზარდა მისი მოცულობა.

დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რისი გაუქმებაც მხარემ სააპელაციო წესით მოითხოვა.

საქმეში არსებული სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეს დაევალა დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა და ამ ღირებულების შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა.

დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ აპელანტმა სასამართლოს დადგენილ ვადაში მიმართა განცხადებით და დავის საგნის ღირებულებად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 4000 ლარი განსაზღვრა, ასევე წარადგინა ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რაც სააპელაციო პალატამ ხარვეზის გამოუსწორებლობად და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობად მიიჩნია.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების ზემოაღნიშნულ მსჯელობას და თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რადგანაც სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დაცვით მხარის მიერ საპროცესო მოქმედების თუნდაც ნაკლიანი, არაჯეროვანი შესრულება გამორიცხავს მის სრულად შეუსრულებლობას, მხარემ, მოცემულ შემთხვევაში, მისი ინტერესი დავის მიმართ დაკისრებული მოქმედების საპროცესო ვადის დაცვით განხორციელების გზით დაადასტურა.

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის იმ არგუმენტს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ ეთანხმებოდა მხარის მსჯელობას დავის საგნის ღირებულებასთან მიმართებით მას თავად უნდა განესაზღვრა აღნიშნული, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით. დასახელებული ნორმით სასამართლოს ეკისრება ვალდებულება შეფასება მისცეს მხარის მოსაზრებას დავის საგნის ღირებულებასთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში, თუ არ იზიარებს მას, უფლებამოსილია თავად მიუთითოს სადავო ქონების საბაზრო ღირებულება. ნორმის ამ დანაწესის იმგვარი განმარტება, როგორც ეს მითითებულია გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებაში ამ ნორმის მიზნებს ცდება.

ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოქმედ რედაქციაზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით, მართალია, სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელება მხოლოდ მხარის თხოვნის არსებობისას შეუძლია, თუმცა, მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით არ შეიძლება ეს ნორმა გაგებულ იქნას მხოლოდ იმგვარად, რომ საპროცესო მოქმედების სრულყოფილად განუხორციელებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უპირობო საფუძველია. საკასაციო პალატის აღნიშნული პოზიცია ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლს, რომლითაც დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი ნორმები კანონის ამ დანაწესის გამოყენებას არ კრძალავს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, მითითებული ნორმით სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის რეგულირება არაა აკრძალული, ამასთანავე, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის იმ არგუმენტს, რომ სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორად მიუთითა იპოთეკის საგნის ღირებულებასთან დაკავშირებით და წინამდებარე დავის საგნის ღირებულება უპირობოთ 4000 ლარით უნდა განისაზღვროს თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა, რადგანაც აღნიშნულ გარემოებას ქონებრივ დავაში მისი საგნის ღირებულების გამოთვლის მარეგულირებელი ნორმები არ ითვალისწინებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ.ბ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რაც მისი დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენს, შესაბამისად, უნდა გაქუმდეს სააპელაციო პალატის განჩინება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის განხილვის პროცესში კი სასამართლომ უტყუარად უნდა გამოარკვიოს დავის საგნის ღირებულება და შესაბამისად განსაზღვროს სახელმწიფო ბაჟის საკითხიც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. კერძო საცივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე