Facebook Twitter

№ას-1394-1315-2012 26 ნოემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ლ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს «ს. რ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. ლ.-ის სარჩელი მოპასუხე სს «ს. რ.-ის“ მიმართ ამ უკანასკნელისათვის 50000 ლარის დაკისრების თაობაზე.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ.ლ.-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით რ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება რ. ლ.-ემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ ის, რომ კუთვნილი უძრავი ქონების მისთვის ჩამორთმევის შედეგად აპელანტი ოჯახთან ერთად დარჩა უსახლკაროდ. სააპელაციო საჩივარს თან ერთვოდა რ. ლ.-ის ახსნა-განმარტება, ამასთან, იგი მიუთითებდა საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის შესაბამის მუხლებზე, რომელთა მიხედვითაც, ყველა ადამიანისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ლ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინებით რ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში: ა. დაეზუსტებინა მოთხოვნა, ასევე, მიეთითებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით რა მოთხოვნის დაკმაყოფილება სურდა მას; ბ. განესაზღვრა დავის საგნის ფასი, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის (არანაკლებ 150 და არაუმეტეს 5000 ლარისა) ოდენობით და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი წარედგინა სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ აპელანტის შუამდგომლობაზე და იგი არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები (ტომი 2, ს.ფ. 2-4).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით რ. ლ.-ეს, მისი განცხადების საფუძველზე, ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა გაუგრძელდა 7 დღით (ტომი 2, ს.ფ. 7).

2012 წლის 3 ოქტომბერს აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ახალი განცხადება, რომლითაც მან ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, კერძოდ, დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც მისი მოსაზრებით, ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა (არ გააჩნდა საცხოვრებელი სახლი, განიცდიდა მატერიალურ სიდუხჭირეს) არ აძლევდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, აპელანტმა კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე (ტომი 2, ს.ფ. 12).

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში რ. ლ.-ის მხრიდან ხარვეზის გამოუსწორებლობა. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რ. ლ.-ის 3.10.12წ. შუამდგომლობა განხილვას ვერ დაექვემდებარებოდა, რამდენადაც აპელანტის ანალოგიური მოთხოვნა სასამართლომ ერთხელ უკვე განიხილა და არ დააკმაყოფილა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და მისთვის გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რის თაობაზეც აპელანტმა იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს წინაშე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა ვერ უზრუნველყო მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა, რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზანშეწონილობის საკითხი. მას სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია შუამდგომლობაში მითითებული გარემოების დასადასტურებლად და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არაა საკმარისი სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინებით კანონშესაბამისად არ დააკმაყოფილა მხარის ხსენებული შუამდგომლობა.

რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის განხილვაზე უარის თქმის მართლზომიერებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ასეთი საფუძველი არსებობდა. აპელანტის მიერ 2012 წლის 3 ოქტომბერს წარდგენილი განცხადება, რომლითაც იგი განმეორებით ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, კვლავ არ იყო დასაბუთებული რაიმე მტკიცებულებით, რაზეც სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინებაში ერთხელ უკვე იმსჯელა და მიიჩნია შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარის თქმით, მას წაერთვა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის კანონით გათვალიწინებული ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ლ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე