Facebook Twitter

საქმე №ას-1420-1339-2012 12 ნოემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – რ.ბ-ი, ზ.ყ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ფ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ.ყ-ამ და რ.ბ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში დ.ფ-ის მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხისათვის 30000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ - 1300 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ზ.ყ-სა და რ.ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ.ფ-ეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 1300 აშშ დოლარის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით განაწილდა სასამართლო ხარჯები.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ზ.ყ-სა და რ.ბ-ის წარმომადგენელ თ. ჯ-ის განცხადება სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ზ.ყ-სა და რ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 216-ე მუხლებზე, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 231-ე მუხლზე და აღნიშნა შემდეგი: საქმის მასალებით ირკვევა, რომ მხარეებს, აპელანტებს: ზ.ყ-ას, რ.ბ-ს და მოწინააღმდეგე მხარე დ.ფ-ეს, სასამართლო სხდომის თაობაზე უწყება ჩაბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. სხდომაზე თავად მხარეები არ გამოცხადებულან და სასამართლოსათვის არც მათი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებიათ. არ დასტურდება აპელანტების წარმომადგენელ თ. ჯ-ის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა. პალატის მითითებით, მართალია, ადვოკატი თ. ჯ-ე საქმის განხილვის გადადების თაობაზე 2012 წლის 20 სექტემბრის განცხადებაში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, თუმცა განცხადებას არ ერთვოდა ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, მიუხედავად იმისა, რომ, განმცხადებლის აღნიშვნით, ის უკვე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. ამავე საფუძვლით პალატამ ჩათვალა, რომ არ დგინდებოდა წარმომადგენლის ავადმყოფობა, შესაბამისად, შეუძლებელი იყო იმის გადამოწმება, წარმოადგენდა თუ არა განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება (ასეთის არსებობის პირობებში) იმ ტიპის დაბრკოლებას, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა ადვოკატ თ.ჯ-ვის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში. სასამართლოს განმარტებით, ადვოკატის გამოუცხადებლობის ობიექტურად შეუძლებლობის პირობებშიც კი, თავად მხარე არ თავისუფლდებოდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების ან გამოუცხადებლობის შესახებ წინასწარი შეტყობინების ვალდებულებისაგან. იმგვარი შეტყობინება, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა აპელანტების გამოუცხადებლობის რეალურ მიზეზებში, მათ არ განუხორციელებიათ, ასევე, არ დაუდასტურებიათ ამგვარი წინმსწრები შეტყობინების განუხორციელებლობის შეუძლებლობის გარემოებები, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტების წარმომადგენლის განცხადება სხდომის გადადების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს რ.ბ-მა და ზ.ყ-ამ, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის იმავე ინსტანციის სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, 21 სექტემბერს, რელიგიური დღესასწაულის გათვალისწინებით, სასამართლოში გამოცხადება მიზანშეუწონელია, ამასთანავე, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ჰქონდათ დატვირთული რეჟიმი და, მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ ახერხებდნენ თბილისში სასამართლო სხდომის გამო ჩამოსვლას, აღნიშნულის გამო მათ მიმართეს წარმომადგენელს სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადატანის საკითხის უზრუნველსაყოფად, თუმცა, თ.ჯ-ის განმარტებით, მან გადაიტანა იშემიური ინსულტი, მაისიდან იყო მძიმედ ავად და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას ვერ შეძლებდნენ, თუმცა დაჰპირდა მარწმუნებლებს სასამართლოს სხდომის სხვა დროისათვის გადადების თხოვნით სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვის თაობაზე. სასამართლო სხდომაზე აპელანტთა გამოცხადების შეუძლებლობისა და იმ გარემოების გამო რომ ისინი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონენი აღმოჩნდნენ, მათ უნდობლობა განუცხადეს მარწმუნებელს, მასთან გაწყვიტეს კავშირი, ვინაიდან, შესაძლებელია, რწმუნებულმა შეგნებულად არ შეუწყო ხელი მარწმუნებელთა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდნენ, ხოლო მათი კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.ყ-სა და რ.ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადასტურებულია და კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ არ ხდიან შემდეგ გარემოებებს:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივნისის განჩინებით ზ.ყ-სა და რ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ამავე პალატის 2102 წლის 16 ივლისის განჩინებით კი, სააპელაციო საჩივრის განხილვა (სასამართლოს მთავარი სხდომა) დაინიშნა 2012 წლის 20 სექტემბერს, 12:00 საათზე, მე-7 დარბაზში. სასამართლოს სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით - უწყებით ეცნობათ მხარეებს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებების თანახმად, ზ.ყ-ვის გაგზავნილი უწყება ჩაიბარა მეუღლე რ.ბ-მა, მანვე ჩაიბარა მისთვის განკუთვნილი უწყება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარისათვის გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარდა მის უფლებამოსილ წარმომადგენელს - ლ. თ-ს (რწმუნებულება იხ. ტ.I, ს.ფ.70). დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2012 წლის 14 სექტემბერს სასამართლოს შესაბამისი მოხელე საქმეში არსებულ საკონტაქტო ნომერზე - ... დაუკავშირდა აპელანტებს, ესაუბრა რ.ბ-ს და აცნობა სასამართლოს სხდომის 2012 წლის 21 სექტემბერს 12:00 საათზე იმავე სხდომის დარბაზში ჩატარების შესახებ, ანალოგიური სატელეფონო შეტყობინება განხორციელდა მოწინააღმდეგე მხარე ლ. თ-თან ნომერზე ....

საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 20 სექტემბრით დათარიღებული და სასამართლოს სარეგისტრაციო ბეჭდით ამავე რიცხვით დადასტურებული განცხადების თანახმად, სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა თ. ჯ-ემ სასამართლო სხდომის მინიმუმ 10 დღით გადადების თაობაზე, განცხადება დასაბუთებულია თ.ჯ-ის ავადმყოფობით, თუმცა არ ერთვის ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, ამასთანავე, განმცხადებელი თავად მიუთითებს, რომ საავადმყოფო ფურცელს წარადგენს მოგვიანებით. საყურადღებოა, რომ განცხადებაში მითითებულია მხოლოდ თ.ჯ-ის გამოცხადების შეუძლებლობაზე, იმგვარად, რომ ეს დოკუმენტი რაიმე ცნობას აპელანტთა გამოუცხადებლობის შესახებ არ შეიცავს.

აღნიშნული გარემოების ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ არ არსებობდა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების საფუძველი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლო სხდომის გადადებისა და მისი გაგრძელების მარეგულირებელი წესი და დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის განსაზღვრავს, რომ საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას. ნორმის მითითება კანონით დადგენილ შემთხვევაში სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე შეეხება ასევე საპატიო მიზეზის არსებობას, აღნიშნული კი, რეგულირებულია ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით. მითითებული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

ამდენად, ავადმყოფობის მოტივით ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, კანონი აწესებს ამ გარემოების მტკიცების განსხვავებულ სტანდარტს და მიუთითებს იმ მტკიცებულების წარდგენის აუცილებლობაზეც, რომელიც შეიძლება იქნას მიჩნეული საპატიო მიზეზად. ასეთი საქმის მასალებში არ მოიპოვება და, რაც ამ მხრივ მნიშვნელოვანია, არც კერძო საჩივარს აქვს დართული. პალატა მიზანშეწონილად თვლის, მიუთითოს იმ გარემოებაზეც, რომ სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობის წარმდგენი პირი აპელანტთაგან წარმოადგენდა მხოლოდ ერთს - ზ.ყ-ას (რწმუნებულება იხ. ტ.I, ს.ფ.18), რადგანაც რ.ბ-ის სახელით თ.ჯ-ვის სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილების მიმნიჭებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება, ამასთანავე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ უშუალოდ აპელანტების გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე საქმის მასალებში არაა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება. რაც შეეხება კერძო საჩივრის იმ არგუმენტს, რომ 21 სექტემბერი რელიგიური დღესასწაულია, ასევე ის ფაქტი, რომ საარჩევნო კამპანიის გათვალისწინებით მხარეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა სასამართლოში გამოცხადებისა, აღნიშნული ვერ იქნება საპატიო მიზეზად მიჩნეული საკასაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე.

სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს არ მოეპოვება უტყუარი მტკიცებულება მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისა და ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცება მათსა და მათ წარმომადგენელს შორის, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების გამო, ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, ვინაიდან არც აღნიშნული გარემოება ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს (საქმეში არ არის უფლებამოსილების გაუქმების დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება).

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლზე, რომელიც სპეციალური ნორმაა სააპელაციო წარმოების ეტაპისათვის და ადგენს მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგების გადაწყვეტის წესს. ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით რეგულირებულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ რ.ბ-ისა და ზ.ყ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, მასში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.ბ-სა და ზ.ყ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივრის ავტორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე